დაქორწინდნენ და ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად, ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა....
დიახ, ასე მთავრდება ყოველი ზღაპარი და არავინ იცის, სინამდვილეში რა ხდება შემდეგ. მოდერნიზმულ ნაწარმოებებში ეს საკითხი საკმაოდ აქტუალურად იქცა, უნდა მთავრდებოდეს თუ არა ისტორია ქორწინებით და რა ხდება სინამდვილეში ქორწინების შემდეგ? ამ ფიქრებმა შორს გამიტაცა, არ მასვენებდა ეჭვი, რომ ჩემი ცხოვრებაც აქ მთავრდებოდა. თუმცა მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ რეალურად, ჩემი ცხოვრების მხოლოდ ერთი ეტაპი დავამთავრე და მომდევნო დავიწყე, თავიდან დავიბადე, აღარაფერი იყო ისე, როგორც ადრე.
ფლორენცვილშიც ორი სახლი გამოვიცვალეთ. დროებით, სანამ ბინას ვიპოვიდით, ნადიას მეგობარმა, მაიამ გვათხოვა მამამისის ბინა. მაიას მამა უძრავი ქონების სააგენტოს მეპატრონე იყო. ახალი სახლი მაქსიმმა დაალაგა, მე კატეგორიულად ამიკრძალა დასუფთავებაში მონაწილეობის მიღება. საცხოვრებელი ადგილის შეცვლიდან მალევე სურდომ შემაწუხა, ყელის ტკივილიც ვიგრძენი და მაღალი ტემპერატურის გამო შეშინებულმა მეუღლემ წოლითი რეჟიმი გამომიწერა. ექიმთან არ ვყოფილვარ, ოცდამეერთე საუკუნეში არავის უკვირს ტელეფონით დასმული დიაგნოზი და გამოწერილი რეცეპტი.
სასიამოვნო, ტკბილმა სურნელმა გამომაღვიძა და თვალი გავახილე თუ არა, სასთუმალთან გაშლილი სუფრა დავინახე. ფინჯანი ჩაი, ფუნთუშა კარამელით, კაკაოსკრემიანი კრუასანები, ბანანი და მარწყვი ისე მომხიბვლელად გამოიყურებოდა, ალბათ, ჩემს ადგილას ნებისმიერი გადაუღებდა ფოტოს და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნებდა - "საუზმე საწოლში, მეუღლე მანებივრებს, ჩემი ბიჭი" და უამრავი მსგავსი ჰაშთაგით.
- სიზმარში ვარ? რა პატივია?! - ვუთხარი მაქსიმს ღიმილით, თუმცა მისგან საპასუხო ღიმილი ვერ მივიღე. რომანტიკულ სურათს მისი დაბღვერილი გამომეტყველება ნამდვილად არ უხდებოდა. მიბრაზდებოდა, რომ გავცივდი.
მადისაღმძვრელი საუზმის დასაგემოვნებლად წამოვჯექი და სურდომ თავი მაშინვე შემახსენა. მაქსიმმა საბნის კუთხეები შემომიკეცა და ჩემ გვერდით მიწვა.
- როგორ გეძინა?
დიალოგის წამოწყების მორიგი წარუმატებელი მცდელობა. არაფერი მიპასუხა, ისეთი სახით იჯდა, თითქოს გულში დანა ჩავარტყი. გავღიზიანდი.
- მიპასუხე რამე!
- რა გინდა?
- რატომ უხეშობ?
- გინდა რამე?
- ნერვებს მიშლი.
-კიდე მე გიშლი ნერვებს?
- კარგი რა, გავცივდი უბრალოდ, სურდო მაქვს, მეტი ხომ არაფერი? დავიჯერო, ჩემზე მეტად გაწუხებს, რომ ვერ ვსუნთქავ?
- ჰო, შენ რა გენაღვლება... - ჩაილაპარაკა წარბაწეულმა.
- რას ნიშნავს ეს?
- თავი გამანებე და ცხელი ჩაი დალიე!
ასეთი მზრუნველობა ახასიათებდა, ხანდახან ზედმეტად უხეში იყო, ჯმუხი და ცივი, სიყვარულს საქციელით გამოხატავდა... ან არც გამოხატავდა, თავად უნდა დაგენახა. გადავწყვიტე, კონფლიქტისთვის თავი ამერიდებინა. მართალია, ახალი დაქორწინებულები ვიყავით, მაგრამ კარგად ვიცნობდი და ვიცოდი, რაც მოჰყვებოდა მასთან კამათს. ხანდახან მეჩვენებოდა, რომ სიტყვების მნიშვნელობას ვერ იგებდა... ჰაერი პირით ჩავისუნთქე და ცხელი ჩაი მოვსვი.
- ბოლომდე დალიე!
უცნაურადაა ადამიანი მოწყობილი, ერთსა და იმავე ადამიანის მიმართ სხვადასხვა დროს რადიკალურად განსხვავებული გრძნობები შეიძლება გაგიჩნდეს. ერთ წამს მიყვარდა და მეორე წუთში მეზიზღებოდა ხოლმე, რამდენადაც მაბედნიერებდა, იმდენად მაღიზიანებდა და მიფუჭებდა განწყობას. კვლავ ქორწინების ირგვლივ ტრიალებდა ჩემი ფიქრები. რეალურად, არც ჯვარი გვქონდა დაწერილი და არც ხელი მოგვიწერია, მაგრამ უკვე ოფიციალურად ცოლ-ქმარი ვიყავით, რადგან ხალხის წინაშე ცოლ-ქმრის სტატუსით წარვდექით, მეზობლებმა, ნათესავებმა, ბიძაშვილ-მამიდაშვილებმა და მეზობლის მეზობლებმა "ოჯახად" მოგვნათლეს და სწორედ ეს იყო ყველაზე მთავარი.
მაქსიმმა კედლის საათს გახედა. ათის ნახევარი იყო. უსიტყვოდ ფეხზე წამოდგა და ქურთუკი მოიცვა. სასწავლებელში მიდიოდა.
- სად მიდიხარ?
კვლავ დუმილი.
- გეკითხები, სად მიდიხარ-მეთქი.
- შენი საქმე არაა.
- დავიღალე უკვე, როდემდე უნდა იბუზღუნო? ნუ გაქ ისეთი სახე, თითქოს დედამიწა გაწვეს მხრებზე.
- უკეთესი სახე ნახე.
- შენთვის სულ ერთია?
დუმს.
- ძალით ქმნი პრობლემებს, შეგიძლია, უბრალოდ მითხრა, რომ უნივერსიტეტში მიდიხარ, მაკოცო და მშვიდად წახვიდე.
- როგორც ვხედავ, პასუხი თავადაც გცოდნია.
ვერ ვხვდებოდი, რატომ არ შეეძლო უბრალოდ მშვიდად ცხოვრება, მეჩვენებოდა, თითქოს ყოველთვის სულელურ, საჩხუბარ მიზეზებს ეძებდა. გაბრაზებულმა ჩავკბიჩე კრუასანი და ყურადღება მორთმეულ საუზმეზე გავამახვილე. მერე რა, თუ იდიოტია?! ყველას აქვს რაღაც ნაკლი.
გარეთ გავიდა და კარი გაიხურა. მომწყინდა საწოლში წოლა, ავდექი, ხალათი მოვიცვი და ჭურჭელი სამზარეულოში გავიტანე. სულ მარტო ვიყავი. ერთდროულად მამშვიდებდა და მთრგუნავდა ეს ფაქტი. ჩემი ცხოვრება მოულოდნელად რომ არ შეცვლილიყო, ნეტავ სად ვიქნებოდი მაშინ? სამშაბათი დღე იყო, ათის ნახევარი... ჰო, რა თქმა უნდა, სკოლაში! ალბათ, გაკვეთილზე ვიჯდებოდი, მეგობრებთან ერთად, ლანჩის მოლოდინში, ლანჩისთვის კაფეტერიაში ან სკვერში წავიდოდი სარასთან, სონიასთან და ერიკასთან ერთად, ჰო... და კიდევ პოლიც ჩვენთან ერთად იქნებოდა... შეიძლება პოლს რიკიც ხლებოდა. მომენატრა სკოლა, მეგობრები, სახლი, მასწავლებლებიც კი...
აივანზე გავედი და სხვადასხვა მიმართულებით მიმავალ მანქანებს გადავხედე. ყველას სადღაც ეჩქარებოდა, თითოეული ქვეითად მოსიარულე გარკვეული მიზნის მისაღწევად მიიწევდა წინ. ზოგს მიზნად გამდიდრება ჰქონდა დასახული, ზოგს გათხოვება, ზოგს ქვეყნიდან წასვლა, ვიღაცას უბრალოდ სამსახურში წასვლა, იქ მისული კი სახლში დაბრუნებას დაისახავდა მიზნად. ვიღაც ახალი რომანის წამოწყებაზე ფიქრობდა, ვიღაც - გამოგონებაზე, რომელიც სამყაროს შეცვლიდა და ვიღაც ოჯახში მისატან საზრდოზე... მხოლოდ მე ვიდექი გაურკვეველი მიმართულებითა და მიზნებით. ჩემი ოცნებები აუხდენელ ოცნებებად რჩებოდა და მომავალი ბურუსს მოეცვა. ტელეფონის ზარმა ფიქრებიდან გამომარკვია, დედაჩემი რეკავდა.
-გახსოვს დედის არსებობის შესახებ?
დასაწყისშივე ეტყობოდა, კვლავ უსიამოვნო დიალოგი მელოდა წინ.
- როგორ ხარ? - შეკითხვა რიტორიკულად ჩავთვალე და შეკითხვითვე ვუპასუხე.
- მადლობთ, ძველებურად, თავად?
- მეც კარგად.
- შენთვის ყველაფერი სულერთია, დადიხარ და ყველას უყვები, რომ ფეხმძიმედ ხარ, ჰო?
- რა ხდება?
- ყველამ ყველაფერი იცის. დავიღალე, აღარ შემიძლია, რისთვის ვიტანჯე ამდენი წელი, რისთვის გადავდე საკუთარი ცხოვრება გვერდზე, ვერ ვხვდები... იმის ღირსი აღარ ვარ, რომ შვილებმა ... - მობილური შორს გავწიე, რამდენიმე წამი არ ვისმენდი, ვცდილობდი, თავი გამეკონტროლებინა. - .... უთქვამს, ვიცოდი, ეგ ვინ არ იცისო... გესმის?
- ჰო, მესმის, მერე?
- მერე? რას ნიშნავს მერე?
- დედა, როგორ ფიქრობ, ახლა მაგაზე მნიშვნელოვანი არაფერია?
- რა უნდა იყოს ამაზე მნიშვნელოვანი?!
- შენი 17 წლის შვილი გათხოვდა, ორსულადაა, ცოტა ხანში დედა გახდება და არაფერი აქვს! - თითოეული სიტყვა დავუმარცვლე. - საერთოდ არაფერი! არც სახლი, არც ფული, არც განათლება, არც მომავალი! აბსოლუტურად მოულოდნელად აღმოჩნდა სხვა სამყაროში, სხვა გარემოში და შენ მხოლოდ ის გადარდებს, ხალხი რას ლაპარაკობს? ფეხებზე მკიდია ეგ შენი ხალხი, ჯობია იმაზე იფიქრო, რომ ერთხელ მაინც დამიდგე ცხოვრებაში რეალურად გვერდით!
- ჩემი ბრალია? შენ ვერ დაიოკე მოთხოვნილებები, მაგასაც მე მაბრალებ?
- არა, დედა, არა! ძალიან ცდები - ძალიან გავღიზიანდი, საკუთარ თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. - შენ ირგვლივ არ ბრუნავს სამყარო, შენ არ ხარ გალაქტიკის ცენტრი! ყოველთვის საუკეთესოს რომ ითხოვდი ჩემგან, ერთხელ თუ მაინც დაფიქრებულხარ, თვითონ რას მაძლევდი? ყოველთვის გიგებდი, ყოველთვის შენს მდგომარეობაში შემოვდიოდი, ვიგებდი, რომ საშუალება არ გქონდა, იმ სკოლაში წაგეყვანე, სადაც მინდოდა, ის ფეხსაცმელი გეყიდა, რომელიც მინდოდა, ან საერთოდ გეყიდა ფეხსაცმელი და საპასუხოდ რა მივიღე? გამუდმებით მამადლი, რომ გამაჩინე, თითქოს ჩემს ნებაზე ყოფილიყო, დავიბადებოდი თუ არა... დავიღალე და ფეხებზე მკიდია ეგ შენი ხალხი, ყოველთვის ყველას მე გიგებდით, ახლა კეთილი ინებეთ და თავად გამიგეთ! - ვერ მივხვდი, ყვირილი როდის დავიწყე, თუმცა დავასრულე თუ არა, ტელეფონი გავთიშე, გაურკვეველი მიმართულებით ვისროლე. ჩემი გაცეცხლება რთული იყო, ეს იშვიათად ხდებოდა, მაგრამ როცა მდგომარეობიდან გამოვდიოდი, ძალიან უხეში და დაუნდობელი ვხდებოდი ხოლმე.
ყველას საკუთარი ინტერესი და საფიქრალი ჰქონდა, ჩემზე არავინ ფიქრობდა და ყველა მე მადანაშაულებდა. იმ მომენტში, ალბათ, ძალიან ვატკინე დედაჩემს გული, მეც დედა ვიყავი და მეშინოდა სამყაროს მუდმივი ბრუნვის კანონის. ერთ დღეს, დიდი შანსი იყო, მეც მის ადგილას ვყოფილიყავი, მაგრამ თავი ვეღარ გავაკონტროლე... წამიერად დავფიქრდი, შვილს ვაჩენდი, მზად ვიყავი, მისი სიცოცხლისთვის დამეთმო კარიერა, განათლება, ოცნებები, მომავალი და საერთოდ ყველაფერი, მაგრამ საჭირო იყო კი ეს?
გაგრძელება იქნება ორშაბათს
ავტორი ლეანდრა ჯერარდი
იხილეთ ასევე: სხვა ხედი. 9 თავი. პოტენციური ღამურები