სხვა რაკურსით შევხედე საკუთარ თავსა და მომავალს. მივხვდი, რომ ოცნებები არ უნდა დამეთმო, უნდა მებრძოლა კარიერისთვის, ვალდებული ვიყავი, მეშრომა, რომ შვილისთვის იმედები არ გამეცრუებინა.
არასდროს მესმოდა მათი, ვინც უსუსურ არსებებს სიცოცხლეს ჩუქნიდა და ძღვენს თავიანთი დაუდევრობით ტვირთად უქცევდა.
დღე მოსაწყენად მიიზლაზნებოდა. დავეხეტებოდი პატარა ოთახებში და ადგილს ვერ ვპოულობდი. გამოსაშვებ გამოცდებამდე 4 თვე იყო დარჩენილი და წიგნებთან გული არ მიმდიოდა. მარტოობა მიყვარდა, მაგრამ ხანდახან უსიამოვნო შეგრძნებებს აღძრავდა ჩემში. ძალიან მომინდა ვინმესთან ლაპარაკი. მზად ვიყავი, ქუჩაში გავსულიყავი და ნებისმიერ გამვლელთან წამომეწყო საუბარი. ოთახი ნაომარ ფრონტს ჰგავდა, საწოლი არეული იყო, სარკესთან წიგნები, რვეულები, სამკაულები და თავის მოვლის საშუალებები ერთმანეთში იყო არეული, სკამზე კი ტანსაცმლის გროვა იყო. არც დაგვა აწყენდა იქაურობას. გადავწყვიტე, დამელაგებინა. ორი ოთახის დალაგებას იმაზე ბევრად დიდი დრო და ენერგია დასჭირდა, ვიდრე წარმომედგინა. მტვრის წმენდა რომ დავამთავრე, სამზარეულოში გადავინაცვლე, დაგროვილი ჭურჭელი დავრეცხე, იატაკი და ფანჯრები გავწმინდე, აბაზანაც დავასუფთავე და დაღლილი და მოთენთილი საწოლზე მივესვენე. არ მახსოვს, როდის ჩამეძინა, მაგრამ შიმშილის გრძნობამ გამომაღვიძა. ცარიელმა მაცივარმა იმედები გამიცრუა. საათს გავხედე, ოთხის ნახევარი იყო. რვა სართული ფეხით ჩავიარე და პროდუქტით დახუნძლულმა ფეხითვე ამოვიარე. ბინა იმ იმედით ვიქირავეთ, რომ ლიფტს მალე გაარემონტებდნენ, თუმცა ჯერჯერობით არავინ ზრუნავდა პრობლემის მოგვარებაზე.
ბოსტნეულის სალათა მოვამზადე და მაცივარში შევინახე. მე იოგურტი ვჭამე და მაქსიმს დავურეკე, ვკითხე, მალე დაბრუნდებოდა თუ არა. როგორც აღმოჩნდა, უკვე სასწავლებლიდან კარგა ხნის გამოსული იყო და მეგობრებთან ერთად ბარში შეიარა ჭიქა ლუდის დასალევად. განვრისხდი, მე სახლში მოწყენილობისგან ვკვდებოდი და ის გასართობად დაეხეტებოდა. გაბრაზებულმა გავუთიშე და ჩვილი ბავშვივით ავქვითინდი. საკუთარმა თავმა გამაოცა, ასეთი მგრძნობიარე არასდროს ვყოფილვარ. ვხვდებოდი, რომ არაადეკვატურად ვიქცეოდი და მესმოდა, რომ ორსულობის ბრალი იყო, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ვთვლიდი, რომ მაქსიმი მაინც დამნაშავე იყო. ისევ საწოლზე დავწექი და იქამდე ვიტირე, სანამ თვალები არ დამისივდა.
დაახლოებით ერთი საათის შემდეგ კარზე კაკუნის ხმა გაისმა.
დარწმუნებული ვიყავი, რომ მაქსიმი იყო, ამიტომ თამამად გავძახე:
- კარს არ გიღებ!
განწყობა რადიკალურად შემეცვალა. ისე ლაღად მივირბინე კართან, თითქოს რამდენიმე წუთის წინ სხვა ადამიანი ვიყავი. კედლის სარკეში საკუთარ ანარეკლს შევხედე, ტირილისგან შეშუპებული თვალები ახლა უკვე ეშმაკურად მიციმციმებდა. იმ წამს მივხვდი, რამხელა ძალა ჰქონდა მონატრებას. დამავიწყდა წყენა, ბრაზი, პროტესტის გრძნობა და ერთადერთი, რაზეც ვფიქრობდი, ჩახუტება იყო. სულის შემძვრელი ჩახუტება, როცა მთელი არსებით ეკვრი ადამიანს, მის სხეულს გრძნობ და გული გამალებით გიძგერს. შევეცადე, თავი გამეკონტროლებინა, სერიოზული გამომეტყველება მივიღე და კარი გავაღე. თავჩახრილი იდგა, დანაშაულის გრძნობას დაემორცხვებინა, ხელები ზურგს უკან წაეღო, თითქოს რაღაცას მალავდა. ჩემი ყალბი სიმკაცრის დანახვაზე თავი ვერ შეიკავა, გაეცინა. სიცილის დროს წარმოუდგენლად მიყვარდა, თვალები უწვრილდებოდა და უციმციმებდა. გავიფიქრე, თავს რატომ ვიტანჯავ, სულელურ პრინციპებს საშუალებას ვაძლევ, ყველაზე ღვთაებრივი ბედნიერების წუთები, ან თუნდაც წამები შთანთქოს-მეთქი და ჩავეხუტე.
- ძალიან მომენატრე! - ვუთხარი ისე, რომ არ მოვშორებივარ.
მივხვდი, რომ ასეთ ლოიალურობას არ ელოდა ჩემგან, თითქოს გულზე მოეშვა, ამოისუნთქა და ძლიერად მიმიკრა.
ხანდახან ყველაზე პრიმიტიულ, უბრალო მოვლენებს შეუძლია ფეხქვეშ მიწა გამოგაცალოს და ცაში აგიტაცოს, შეგაგრძნობინოს თითოეული უჯრედი, თითოეული სისხლძარღვი და სისხლის მიმოქცევის პროცესი. ყველაზე მეტად იცით, რა მაკვირვებს? ადამიანები რატომ ვერასდროს ვერ აღიქვამდნენ სამყაროს, როგორც უსასწაულო სასწაულს? საოცრებებს ყოველთვის იქ ეძებდნენ, სადაც უნდა ეძებნათ და მაინც ვერ პოულობდნენ. ბავშვობაში სახლებისა და ავტოფარეხების სახურავებზე მიყვარდა წოლა, მეგობრები მიმყავდა და მაღლა ვახედებდი, მინდოდა, ვინმესთვის გამეზიარებინა ის საოცარი შეგრძნება, რასაც გულაღმა წოლა და ღრუბლების ცქერა მანიჭებდა. ერთი შემთხვევა არ მახსოვს, რომელიმე თანატოლს იგივე განცდა დაუფლებოდა, რაც მე. აღტაცებულები იყვნენ, ძალიან მოსწონდათ, მაგრამ თითოეული მათგანი ყურადღებას ღრუბლების ფორმებზე ამახვილებდა.
- შეხედე?! გული გამოისახა, რა მაგარია!
- არა, რა გული, ეს ნამდვილი საოცრებაა, ღრუბელმა ჯვრის ფორმა მიიღო.
იძახდნენ გაოცებულები და პირჯვარს ისახავდნენ.
ყოველთვის მაოცებდა, რომ ღრუბლები არსებობდნენ, ცაში მოფარფატე უზარმაზარი, ფუმფულა მასები, რომლებიც დედამიწაზე მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებს წარმართავდნენ და არასდროს მიმიჩნევია ამაზე დიდ სასწაულად, რა ფორმებს იღებდნენ ეს მასები. გასაოცარი არ არის, ყოველდღე მზე როგორ ამოდის და ღამით უჩინარდება? ნუთუ სასწაული არაა, რომ ყოველი ცოცხალი ორგანიზმი მიკროსკოპული ზომის ტრილიონობით სტრუქტურული და ფუნქციონალური ერთეულისგან შედგება, რომლებიც თავის მხრივ, აგებულნი არიან კიდევ უფრო პატარა ზომის ბირთვისა და ორგანელებისგან?! ერთი უჯრედის კვდომას კი შესაძლოა, ჯაჭვურად მთელი ორგანიზმის განადგურება მოჰყვეს... თითოეული ცოცხალი ორგანიზმი უზარმაზარი, გამაოგნებელი სამყაროს უმცირესი ნაწილია, რომელსაც წილად ხვდა ისეთი ღვთაებრივი უნარი, როგორიცაა ბედნიერება.
გაგრძელება იხილეთ ხუთშაბათს
ავტორი ლეანდრა ჯერარდი
იხილეთ ასევე: სხვა ხედი. 10 თავი. დასაწყისი თუ დასასრული?!