ქუჩას მთვარის შუქი ანათებდა, ლამპიონებით განათებული გზა უკვე ალბათ 10 ან 15 წუთის ჩამოტოვებული მქონდა და მთელი ეს დრო ვგრძნობდი, როგორ მომყვებოდა ორი სილუეტი.
ქუჩებს ვერ ვცნობდი, არც ორიენტაციის უნარი მქონდა მაინცადამაინც განვითრებული. ქუჩის ბოლოს გზა ორად იყოფოდა, ერთ-ერთი ჩიხიდან ხმაური ისმოდა, მანქანებისა და ლამპიონების შუქი გამოდიოდა. ცოცხალი არსებების დანახვის იმედმა გული გამალებით ამიძგერა. სიჩქარეს მოვუმატე და მდევრებმაც იგივე გააკეთეს, შემეშინდა, რომ გავქცეულიყავი ვერ გავასწრებდი, შექმნილი ვითარება კარგს არაფერს მანიშნებდა, სასწრაფოდ რამე უნდა გამეკეთებინა. ორი უცნობი უკვე დადევნებას აპირებდა, მოულოდნელად გონება რომ გამინათდა, მობილური სახესთან ახლოს მივიტანე, ორი წამი ასე მეჭირა, ეკრანს თითი გადავუსვი და ყურზე მივიდე:
- ჰო, მაქსიმ, გესმის ჩემი? აი, მოვედი. შენ სად ხარ? ააა, ჩემს შესახვედრად წამოხვედი? მეგონა მელოდებოდი, მაშინ მალე შეგხვდები... მარტო ხარ? - ვიგრძენი თანამგზავრებმა სმენა როგორ დაძაბეს, ხმას მოვუმატე - მომიკითხე ყველა. ჰო, მხედავ? მე ვერ გხედავ, სად ხარ? - მიტოვებული ჯიხურის ფანჯარაში მდევრების ანარეკლს კარგად ვხედავდი, ერთმანეთს გადახედეს, ერთმა მეორეს თავის ჰორიზონტალური მოძრაობით რაღაც ანიშნა, მეორემ ოდნავ, შეუმჩნევლად დაუქნია თავი და დანიშნულების ადგილსაც მივაღწიე.
ძვირადღირებული მანქანებიდან სხვადასხვა მუსიკა გამოდიოდა და ერთმანეთში ირეოდა, გამომწვევად ჩაცმული გოგონები სიგარეტს აბოლებდნენ და შიგადაშიგ თმას ისწორებდნენ, ტუჩსაცხებს ისვამდნენ. როგორც აღმოჩნდა, ყველანი კლუბი „მუზას“ სტუმრები იყვნენ. რამდენიმე ნაბიჯი წინ გადავდგი, შენობის დაბურული ფანჯრის ანარეკლში საკუთარ თავს შევხედე, სპორტულ ტანსაცმელში დაუვარცხნელი თმით გიჟს ვგავდი. თუმცა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ფეის კონტროლი წარმატებით გავიარე, მოდის ჩემთვის მეტად სასაცილო სტანდარტების გამო და შიგნით შევედი. მოდას არასდროს მივყვებოდი, ვფიქრობ, ის უგემოვნო ადამიანებისთვისაა გამოგონილი, ყველაზე დიდი სისულელეა, მოდურსა და გემოვნებიანს ერთნაირი დატვირთვა მისცე. ასევე, პარადოქსულია ის ფაქტიც, რომ ძველმოდური ნიშნავს გოიმურს, მხოლოდ იქამდე, სანამ მოდის მუდმივად ბრუნვადი ციკლი იმ კონკრეტული ეპოქის ფაზაში არ დაბრუნდება. სიმართლე რომ ვთქვა, დაუვარცხნელი თმა ხანდახან მეც მხიბლავს, რადგან ერთდროულად ბუნებრივიცაა და სექსუალურიც, თუმცა არასდროს მესმოდა როგორ შეიძლება მოგეწონოს წაწვეტებულ ცხვირიანი, კლასიკური, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლისა და პიჟამას სტილის სპორტული ტანსაცმლის კომბინაცია?!
ხმამაღალი მუსიკა და ყალბი სახეების მოციმციმე შუქზე ყურება, ნამდვილად არ იყო ის, რასაც იმ მომენტში ვეტრფოდი, თუმცა წასასვლელი არსად მქონდა და ხალხმრავალი ადგილი უკაცრიელ გარეუბნებში ხეტიალზე ბევრად უფრო უსაფრთხოდ მეჩვენებოდა.
ყველაფერი ასე დაიწყო, ერთი ჩვეულებრივი საღამო იყო, მშვიდად ვისხედით და ყავას ვსვამდით, როცა მაქსიმმა, წყლის გამაცხელებლის ჩართვა მთხოვა.
- ჩართულია - ვუპასუხე.
- მიდი, შეამოწმე.
- არ ჭირდება შემოწმება, ნამდვილად ვიცი, სანამ დაბრუნდებოდი მანამდე ჩავრთე, ვიცოდი, რომ დაგჭირდებოდა.
- ამდენი რამის თქმას, რომ გაგეკეთებია რაც გითხარი რა მოხდებოდა? - მიპასუხა მკვახედ.
- ხუმრობ? -ვკითხე გაკვირვებულმა.
- სახუმარო რა არის?- მკითხა სერიოზული გამომეტყველებით.
- რას ნიშნავს ეს ტონი, გამომეტყველება, აღარაფერს ვამბობ უაზრო აჩემებაზე...
- კიდევ ერთხელ გიმეორებ, გადი აბაზანაში და შეამოწმე გამათბობელი.
უაზრო აკვიატებით საშინლად გამაღიზიანა, მისი ქცევა ზედმეტად არაადეკვატურად და უადგილოდ მომეჩვენა.
- შენი ძაღლი არ ვარ, ჯოხი გადამიგდო და გაურკვეველი მოტივით გავძუნძულდე ამ ჯოხის მოსაცუნცულებლად, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ თქვი, გასაგებია? ორსულად ვარ, კეთილი ინებე და შენთვისაც თავად ჩაირთე გამათბობელი, მეც ჩამირთე და შეამოწმე კიდეც! - ჩემს პროტესტს კიდევ უფრო დაუჯერებელი და გამაოგნებელი შედეგი მოჰყვა, დედა შემაგინა და მისი ამაზრზენი მოულოდნელი გარდაქმნით შეშფოთებული მკვეთრი მოძრაობით წამოვდექი ფეხზე, ძალა არ დავზოგე და ლაზათიანად ვთხლიშე. არასდროს შევგუებივარ მსხვერპლის ამპლუაში ყოფნას, შეურაცხყოფას არავის ვპატიობდი, მიჩვეული ვიყავი თავდაცვას.
ხანდახან ისე ხდება, რომ ის, რაც ერთი ადამიანისთვის შემზარავი, შემაძრწუნებელია, მეორეს არაფრად მიაჩნია. უცნაურია სამყარო, ყოველი ობიექტი განსხვავებულია სხვადასხვა ხედიდან, ერთი საკითხზე იმდენი შეხედულება და პოზიცია არსებობს, რამდენი რაკურსითაც შეიძლება ამ კონკრეტულის დანახვა. მედალს ორი მხარე აქვსო, პრიმიტიულად, ზედაპირულად მოაზროვნე ადამიანი თუ დაიჯერებს ამას მხოლოდ. მაქსიმმა დარტყმას დარტყმითვე უპასუხა. სჯეროდა, რომ ზუსტად ისე იქცეოდა, როგორც უნდა მოქცეულიყო. უამრავი განცდა დამეუფლა ერთდროულად: ბრაზი, ზიზღი, გაოგნება, შეშფოთება, სინანული, იმედგაცრუება... მაგრამ ყველაზე მკაფიოდ მახსოვს სირცხვილის გრძნობა. შემრცხვა საკუთარი თავის, შემრცხვა, რომ ასეთი სუსტი, მცდარი არჩევანი გავაკეთე. ჩემი ქმარი მაშინ ისე გამოიყურებოდა, თითქოს პირველი კლასის მოწაფე, რომელიც კეკლუცი თანატოლის ონავრობას ტლანქი აგრესიით პასუხობს, ჩასახლებულიყო გაუთლელი მუტრუკის სხეულში და ვერ აცნობიერებდა, რომ თავად იყო სწორედ ის მოძალადე, რომლებზეც ახალ ამბებში მოესმინა, წაეკითხა, ფილმში ენახა ან გაეგონა. დღემდე არ ვიცი, ვიგრძენი თუ არა ფიზიკური ტკივილი. გავიყინე, სიმწრისგან თვალებისგან ცრემლები წამოცვივდა, წყლიანი თვალებით სახეში მივაშტერდი.
- შენ დამარტყი... - ისე მომწყდა ეს სიტყვები ბაგეებიდან, ვერც კი გავაცნობიერე... - დამარტყი! - ვიმეორებდი და საკუთარი ხმა შორიდან ჩამესმოდა. სასწრაფოდ ფეხზე ჩავიცვი, მობილური და საფულე ავიღე, ამ უკანასკნელში მხოლოდ 10 გრინლი მქონდა. კარი გავიჯახუნე და წამოვედი, კიბე ჩქარი ნაბიჯით ჩავიარე და გაურკვეველი მიმართულებით გავეშურე. აღელვებული მივუყვებოდი მაღაზიებით დატვირთულ გზებს. მალე მაქსიმიც დამედევნა, მის ზარებს არ ვუპასუხე, მობილური ფრენის რეჟიმზე ჩავრთე და გზის პირას ერთ-ერთ სკვერში ოთხკუთხედად გამოთლილ ქვაზე ჩამოვჯექი. ჩაბნელებული სკვერიდან განათებულ ქუჩაში თვალებმოჭუტული მაქსიმი დავინახე, დაველოდე როდის ჩაივლიდა და თვალს რომ მოეფარა საპირისპირო მიმართულებით წავედი.
მზად ვიყავი ქუჩაში გამეთია ღამე, ოღონდ უკან არ დავბრუნდებოდი. ცივი ნიავი ქროდა, შემცივდა. თაიასთან დარეკვა არ მინდოდა, ვიცოდი სადაც არ უნდა ყოფილიყო ჩემს გვერდით გაჩნდებოდა, როგორც კი გაიგებდა გასაჭირში ვიყავი, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში ვერაფერს დავუმალავდი, მომხდარზე ლაპარაკის კი მრცხვენოდა. ჩემი და ტიმის მშობლებთან ერთად ცხოვრობდა, მათთან მისვლის ვერსია თავისთავად გამორიცხული იყო და სელენასთან დარეკვა გადავწყვიტე.
სელენა ძმასთან, დედასთან და ბაბუასთან ერთად ხინესთან ახლოს ცხოვრობდა. დედამისი დედაჩემის ახლო მეგობარი, ჩემი ნათლია იყო. მამამისი წლების განმავლობაში დირლანიაში მუშაობდა და ოჯახს იქედან არჩენდა, როცა ჩამოვიდა ცოლთან ურთიერთობა ვეღარ ააწყო და გაეყარნენ. კარგი კაცი იყო, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ კი სრულიად გარდაისახებოდა ხოლმე, სახლში მიდიოდა, ჩხუბობდა, ჭურჭელსა და ავეჯს ამტვრევდა, იმუქრებოდა... ერთხელ, დისშვილის საქორწინო წვეულებიდან სახლისაკენ მიმავალმა გადაწყვიტა ცოლ-შვილის მონახულება. მთვრალი იყო და ალბათ, მარტივი მისახვედრია როგორ მოეფერებოდა ოჯახს. სელენას უფროსმა ძმამ იცოდა მამის სიმთვრალის ამბავი და დედა გააფრთხილა, მარტინი თუ მოვა, კარს მე გავუღებ შენ სამზარეულოს გასასვლელიდან გაიპარეო. სელენის ბაბუა ინტელექტუალური, განათლებული, ღრმად მოაზროვნე კაცი იყო, კითხულობდა ლექციებს, წერდა წიგნებს, ხატავდა პეიზაჟებსა და პორტრეტებს. ოთხსართულიანი ხის სახლის კედლები მისი ნახატებით იყო დაფარული. თუმცა, უკვე ხანში შესული იყო და უმცროსი ქალიშვილის ბედი აშფოთებდა. ისე მოხდა, რომ იმ საღამოს მწერლებთან ერთად მოულხენია ბაბუას და ისიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო. ბაბუას თავის ოთახში ეძინა, როცა სახლში მარტინი მოვარდა, მან არაფერი იცოდა დედა-შვილის მოლაპარაკებაზე და როცა მარტინი ყვირილითა და გინებით ცოლის საძინებლისკენ გაეშურა მის მოსაკლავად, გზაზე გადაღობილ სიმამრს კი თავში ქვა უთავაზა და ძირს გააგორა, სელენას ბაბუამ მარტინი სანადირო თოფით მოკლა. ამ ინციდენტის შემდეგ მკვლელი თავად ჩაბარდა სამართალდამცავებს, ოჯახი კი ფლორენცვილში გადმოვიდა საცხოვრებლად. ვიცოდი, რომ ნათლია ხინესში იყო წასული საქმეზე, იმედი მქონდა სელენა მარტო იქნებოდა სახლში და დავურეკე.
- როგორ ხარ?- ვეცადე მღელვარება დამეფარა და დიალოგი ჩვეულებრივად წამომეწყო.
- კარგად, შენ?
- მეც კარგად... სად ხარ?
- ჩემს ბიძაშვილთან ვიყავი და ახლა სახლში მივდივართ, რა ხდება? ხომ მშვიდობაა? - როგორც ჩანს, ხმაზე რაღაც მაინც შემატყო.
- აჰ,კი ყველაფერი კარგადაა... უბრალოდ...
- შენ სად ხარ? მანქანების ხმა ისმის, გარეთ ხარ?
- ჰო, გარეთ ვარ... სახლში რამდენ ხანში იქნებით?
- რა ვიცი, 15-20 წუთში ალბათ, რატომ მეკითხები?
- მოკლედ, შენთან რომ გამოვიდე და დავრჩე ამაღამ, პრობლემა ხომ არ იქნება? ტაქსის ფული შეგიძლია დამახვედრო? მოგვიანებით აუცილებლად დაგიბრუნებ...
- არ ვიცი, დაურეკე და კითხე... - უთხრა ვიღაცას, მერე მე მომიბრუნდა - ჰო.. აუ მე არ მაქ ფული, და... რა ვიცი...
- იქნებ, შენს ბიძაშვილს კითხო?
- ვკითხავ და დაგირეკავ.
ერთად გაზრდილები ვიყავით, ბავშვობის მეგობრები, ბევრჯერ უთქვამს ჩემთვის რომ ჩემზე ძვირფასი არავინ ყავდა... მართალია, ბოლო დროს იშვიათად მკითხულობდა და სხვა მეგობრებთან ერთად უფრო დიდ დროს ატარებდა კაფე-ბარებსა და კლუბებში, მაგრამ გასაჭირის დროს ყოველთვის ჩემთან მოდიოდა... ამას ნამდვილად არ ველოდი. ცოტა ფული მქონდა, მაგრამ არ ვიცოდი რამდენ ხანს მომიწევდა ასე უმისამართოდ, უგზოუკვლოდ ხეტიალი და ვერ ვრისკავდი დახარჯვას. მარტო რომ ვყოფილიყავი, არაფერს მოვერიდებოდი, მაგრამ ჩემს ჯანმრთელობაზე იყო ბავშვის ჯანმრთელობაც დამოკიდებული და დიდი სიფრთხილე მმართებდა. რამდენიმე წუთში რომ დავურეკე სელენას, არც ის უკითხავს რატომ ვიყავი ასე გვიან ქუჩაში და ღამის გასათევს რატომ ვეძებდი, ფულს რატომ მაქსიმს არ გამოვართმევდი, ხომ კარგად ვიყავი და არაფერი მსგავსი. მითხრა, რომ გასაშლელი საწოლი გადააგდეს და ჩემი დასარჩენი ადგილი არ ქონდათ. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, გასაშლელი საწოლი არსად გადაუგდიათ. ერთ ოთახიანში ცხოვრობდა, მაგრამ რომც გადაეგდოთ, ორ საწოლიანზე სამი გოგო ადრე თავისუფლად ვწვებოდით ხოლმე, როცა მეგობრები ვიკრიბებოდით და ღამეებს ერთად ვათენებდით, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, რაღაც შეიცვალა.
ერთ ღამეში ამდენი იმედგაცრუება მეტისმეტი იყო. გზა მარტომ გავაგრძელე და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ არსად, არასოდეს, არავითარ შემთხვევაში, არავის, აბსოლუტურად არავის იმედი არ უნდა გქონდეს!
ბარს მივუჯექი და ხალხის თვალიერება დავიწყე. ვნებით გაგიჟებული შეყვარებულები ჩახუტებული, ერთმანეთს ენებს წოვდნენ და ხელებს ინტიმურ ადგილებში უსრიალებდნენ. მეგობრები ჯგუფებად სვამდნენ, ცეკვავდნენ და იცინოდნენ. აქა-იქ ახალ გაცნობილი წყვილები, ჯერ კიდევ გარკვეული დისტანციით ეფლირტავებოდნენ ერთმანეთს. ვიღაც მთვრალი ტიპი დამიჯდა გვერდით და სასმელზე დამპატიჟა.
- არ ვსვამ, მადლობა. - გაკვირვებულმა შემათვალიერა.
- მოწევ?
- არც ვეწევი. - ქვემოდან ზემოთ, შემდეგ პირიქით - ზემოდან ქვემოდ ამხედ-დამხედა.
- მაშინ წამოდი, ვიცეკვოთ.
- არ მინდა ცეკვა და საერთოდ, შემეშვი, მარტო დამტოვე.
- მარტო ყოფნა თუ გინდოდა, სადმე მდინარის პირას წასულიყავი, აქ ხალხი გასართობად მოდის, გასაგებია? ასე რომ, აწიე ეგ ლამაზი ტრაკი და წამოდი გავერთოთ!
- მარტო არაა! - თქვა ვიღაცამ უცხოური აქცენტით. მოვიხედე, შავკანიან ახალგაზრდასა და ჩემს შორის, ერთი სკამი იდგა.
- შენ ვინ ხარ?
- ეს გოგო, ჩემთან არის, კარგი? - სასაცილო აქცენტი ჰქონდა, მაგრამ სერიოზული, იდუმალი და ცოტა საშიში გამომეტყველება. უცნობი ადგა და უსიტყვოდ გამეცალა.
- მადლობა. - ვუთხარი შავკანიანს.
- ბილი დამიძახე.
- მე სესილია მქვია.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა!
- ჩემთვისაც.
- რატომ ხარ მოწყენილი?
- რთული პერიოდი მაქვს... - ვუთხარი თავჩაღუნულმა.
- ქალური ამბავია? - რომ არა აქცენტი და კანის ფერი, ვერც კი მიხვდებოდი რომ უცხოელი იყო, ისე გამართულად ლაპარაკობდა.
- არა, მე უფრო ადამიანურს დავარქმევდი.
- საინტერესოა.
- არასოდეს გქონია ცუდი დღე? არა, ჩვეულებრივ ცუდ დღეს არ ვგულისხმობ... ვფიქრობ, ყველას ცხოვრებაში ხდება რაღაც ისეთი, რაც ღირებულებებს, ფასეულობებსა და შეხედულებებს რადიკალურად ცვლის... გარდამტეხი წამი... - თვალებში შევხედე, ღრმა თაფლისფერი ლაქებიდან ბევრი რამის ამოკითხვა შეიძლებოდა. - დღე, როცა იმედი გაგიცრუვდა და შენს თავსა და გულში, მთლიანად შენში ყველაფერი შეიცვალა? - რამდენიმე წამი დუმდა, ჩაფიქრებული მიყურებდა.
- ჩანს, ვიღაცამ გული ძალიან გატკინა.
- ჩანს?! საინტერესო ეს სიტყვაა... რას ნიშნავს ჩანს, რას ვხედავთ ადამიანები ერთი შეხედვით ისეთს, რომ დასკვნებს ვაკეთებთ და გადაწყვეტილებებს ვიღებთ? არაფერიც არ ჩანს, ვერაფერს დაინახავ სანამ გამოცდი და მთელი არსებით შეიგრძნობ...
გაგრძელება იქნება
ავტორი ლეანდრა ჯერარდი
იხილეთ ასევე: როცა სასწაულები ყოველდღე ხდება. სხვა ხედი. თავი 11