- შენ ძალიან განსხვავებული ხარ... - თქვა ჩაფიქრებულმა.
"გაცვეთილი სიტყვები", - გამიელვა თავში. ადამიანები ერთმანეთს ყველაზე მეტად განსხვავებულობისადმი ლტოლვით ემსგავსებიან. მე ვიცოდი, რომ განსხვავებული ვიყავი, თუმცა ეს აღსაღნიშნავ ფაქტად სულაც არ მიმაჩნდა, რადგან ისედაც თავისთავად ყველა ადამიანი უნიკალურია.
- დავლიოთ?
- არ ვსვამ, მადლობა.
- თუ გირჩევნია, წვენზე დაგპატიჟებ, ყავაზე ან ნაყინზე... - ირგვლივ მიმოიხედა. - წავიდეთ აქედან, სადმე წყნარ ადგილას დავსხდეთ, ვფიქრობ, ეს უფრო დაგეხმარება სტრესთან გამკლავებაში.
- მადლობა ყურადღებისთვის, მაგრამ არაა საჭირო, არაფერთან გამკლავებას არ ვცდილობ, მშვენივრად ვგრძნობ თავს. - რა თქმა უნდა, ვიცრუე, უძილობისგან თავი მისკდებოდა და ძალიან სუსტად ვგრძნობდი თავს, ხმაური მაწუხებდა.
- რა გაეწყობა, როგორც გინდა. ხშირად დადიხარ კლუბებში?
- არა, არ დავდივარ.
- გეტყობა, ისე გამოიყურები, როგორც სტუმარი.
უხილავ კედელს ვქმნიდი ჩემ ირგვლივ, უცნობთან ურთიერთობის მეშინოდა, მაგრამ ამავდროულად, წარმოუდგენლად მინდოდა ვინმესთან ლაპარაკი, მჭირდებოდა ადამიანი, ვისთანაც ვიკონტაქტებდი, რომ განცდებს ზედმეტად არ დავეთრგუნე. ვუყურებდი უცნობ მამაკაცს და ვფიქრობდი, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ის? სტუდენტი გაცვლითი პროგრამით ან უცხო ენის მასწავლებლად მოვლენილი ფანჯრების მწმენდავი, სერიული მკვლელი ან სულაც აგენტი... წარმოდგენა არ მქონდა, რას წარმოადგენდა, მაგრამ იმ მომენტში არც ჰქონდა ამას დიდი მნიშვნელობა ჩემთვის. ვცდილობდი, ყურადღება პრობლემებიდან გადამეტანა სხვა რამეზე, რომ ნაყოფისთვის ნერვიულობით ზიანი არ მიმეყენებინა. თავიდან მუსიკაზე ვილაპარაკეთ, მერე კინემატოგრაფიაზე, ბოლოს ლიტერატურასაც შევეხეთ.
მარკეტში გაყოლა მთხოვა და უყოყმანოდ დავეთანხმე. ფეხზე წამოვდექით და გასასვლელისკენ გავეშურეთ. უამრავმა აზრმა გამიელვა გასასვლელთან მისვლამდე, იქნებ ჩემთან სექსის იმედი გაუჩნდა და პრეზერვატივის საყიდლად მიდიოდა? ან რამის დაშავება ჰქონდა განზრახული? იქნებ სადისტია და მოკვლას მიპირებს, ან გაუპატიურებას და მერე მოკვლას?.. მაგრამ არ გავჩერებულვარ, გავყევი. ცოტაც და, თავი გამისკდებოდა, შიგნით რომ დავრჩენილიყავი და იქიდან მარტო წამოსვლაც არ ღირდა. გარეთ გამოვედით, მეამბოხე ახალგაზრდების ჯგუფს უსიტყვოდ ჩავუარეთ. გული ამიჩქარდა, მუხლები ამიკანკალდა და თავბრუ დამეხვა, ძალა ერთიანად გამომეცალა და გრძნობა დავკარგე. უკანასკნელი, რაც მახსოვს, ის იყო, რომ ბილმა დამიჭირა და ყველაფერი გაქრა. გაქრა ნაყოფი, ბილი, კლუბი, ქუჩები...
- სესილია! სესილია!
- მგონი, იღვიძებს!
- გამოფხიზლდა?
- სესილია, გაახილე თვალი! სესილია!
- კარგად ხარ?
- წყალი დალიე. - თვალების გასახელად დიდი ძალისხმევა დამჭირდა. ირგვლივ მიმოვიხედე, მაღაზიაში ვიყავი უცნობების გარემოცვაში, კონსულტანტები და მოლარეები გარს მეხვივნენ. ყველაზე ახლოს ბილი იდგა, შეშფოთებული გამომეტყველებით. პირი გავაღე, მაგრამ ვერაფერი ვთქვი და გამოწოდებული წყალი გამოვართვი უცნობ ქალს. მესიამოვნა ცივი წყლის შეხება, კიდევ უფრო საამური იყო ის შეგრძნება, როგორ გადავიდა სითხე საყლაპავი მილის გავლით სხეულში და სიგრილე თითოეულ უჯრედს მოედო. გამოვფხიზლდი.
- მადლობა, კარგად ვარ. - ვთქვი და ფეხზე წამოვდექი.
- არ ადგე, იჯექი! ცოტა ხანს მოისვენე. - მითხრა ერთ-ერთმა კონსულტანტმა. ახალგაზრდა გოგო იყო, შავგვრემანი, მუქი ყავისფერი თვალებით.
- წნევა ხომ არ გაგიზომოთ?
- არა, არ არის საჭირო, დიდი მადლობა, კარგად ვარ! - ვთქვი თავდაჯერებული ღიმილით და წამოვდექი. ბილი გვერდით ამომიდგა, მადლობა გადაუხადა ყველას და მარკეტიდან გამოვედით.
- რა დაგემართა?
- არ ვიცი... - ვიცრუე.
- ასე ადრეც დაგმართნია?
- არა.
- ტაქსის გამოვიძახებ და სახლში გაგაცილებ. - მითხრა და მობილური მოიმარჯვა.
- არა! - წამოვიყვირე დამფრთხალმა.
- სუსტად ხარ, ჯერ კიდევ არ გაქვს სახეზე ადამიანური ფერი.
- არა, არა, არა! სახლში არა! - თავი ისევ ძლიერად ამტკივდა.
- რატომ ასე კატეგორიულად?
წასასვლელი არსად მქონდა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, წარმოდგენა არ მქონდა. დიდი პასუხისმგებლობა მეკისრა, რაც ძალიან მამძიმებდა და თავს უსუსურად ვგრძნობდი. შეშინებულმა თავი ვეღარ შევიკავე და ავქვითინდი, შემრცხვა საკუთარი არაადეკვატურობის და სახე ხელებში ჩავრგე.
- სესილია! მაპატიე, რამე თუ გაწყენინე... რა დაგემართა? - ვერაფერი ვუპასუხე.
- სესილია, კარგად ხარ?
- არა... არ ვარ კარგად! წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა გავაკეთო! წასასვლელი არსად მაქვს!
ბილი გაოგნებული მიყურებდა.
- მოდი, დამშვიდდი და მომიყევი, რა გჭირს, კარგი?
- სახლიდან წამოვედი... - მხოლოდ ამის თქმა შევძელი და სახიდან ხელები მოვიშორე, თვალებში ჩავხედე. - დაბრუნებას არ ვაპირებ, წასასვლელი არსად მაქვს.
- ჩემთან წამოდი.
- ვერ წამოვალ შენთან, არ შემიძლია.
- რატომ? სხვა ოთახში დაგაწვენ, წამოდი, გამოიძინე და მერე ერთად მოვიფიქროთ, სად წახვალ.
- მარტო ცხოვრობ?
- კი, ნუ ღელავ.
მომავალი ტაქსი გააჩერა, ხელი ჩამჭიდა და უსიტყვოდ ჩავსხედით. გული კვლავ გამალებით ამიძგერდა, შეშინებული ვიყავი, საკუთარი თავის არ მესმოდა. უცნობს მივყვებოდი სახლში ღამის გასათევად, მაგრამ უკეთეს გამოსავალსაც ვერსად ვხედავდი. გადავწყვიტე, დინებას მივნდობოდი.
ტაქსი გაჩერდა 10-სართულიან შენობასთან. ჯერ თვითონ გადავიდა, კარი გამიღო და მეც გადავედი. ბოლო სართულზე ლიფტით ავედით, გასაღები გადაატრიალა და კარი გაიღო.
- დღეიდან ოთახის მეზობლები ვიქნებით, იმდენ ხანს,რამდენ ხანსაც საჭიროდ ჩათვლი!
გაგრძელება იქნება ორშაბათს
ავტორი ლეანდრა ჯერარდი
იხილეთ ასევე: სხვა ხედი. 12 თავი. გარდამტეხი წამი