ცდუნება. ვნებას აყოლილი. თავი 1
ცდუნება. ვნებას აყოლილი. თავი 1
1 / 2
Next
ზურგზე თითების შეხებამ გააღვიძა. ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე გამოფხიზლებული, მაგრამ აშკარად გრძნობდა, როგორ ხაზავდა მის მოშიშვლებულ ხერხემალზე ნაცნობ ფიგურებს საყვარელი მამაკაცი. არც უნდოდა თვალების გახელა. ისე კომფორტულად იყო ახლა. უდარდელად, საერთოდ არაფერი რომ არ აწუხებდა. შეეძლო, სამუდამოდ დარჩენილიყო ასე, გარესამყაროსგან მოწყვეტილი, ნახევრად ძილბურანში, გვერდით მყოფი კაცის სასიამოვნო სურნელით გაბრუებული.

– უნდა წავიდე. – თუმცა, მოესმა ძილისგან ოდნავ ჩახლეჩილი, დაბალი ბარიტონი და ოცნებაც, ასე დარჩენის შესახებ, მაშინვე გაუფერულდა. ისეთი რეალობა ჰქონდა, არ ღირდა ძილში დროის დაკარგვა.

– ვიცი...
ამოიზმუვლა, მაგრამ თვალების გახელას მაინც არ ჩქარობდა.
– წადი და ავდგები ცოტა ხანში...
– აივი...
ამოიოხრა კაცმა. ხმაზევე ეტყობოდა, არ სურდა მილიონჯერ განხილულის კიდევ ერთხელ გამეორება.

– საშინლად ჯიუტი ხარ, იცი?

გოგონა კი, საბოლოოდ დანებდა და ისე გადატრიალდა მისკენ, სხეულიდან რომ არ მოშორებოდა.
– ასეთი მშვენიერი დილაა, საყვარელი ქალის გვერდით იღვიძებ, სამსახურში დაგვიანების გამო უფროსი არ გეჩხუბება, რა გინდა?!

– ის, რომ უფროსი თავად ვარ, სამსახურის გაცდენის უფლებას არ მაძლევს! – ცალყბა ღიმილით ჩაუკრა თვალი და კიდევ უფრო ახლოს მიიზიდა, მის ტუჩებს რომ მისწვდენოდა.

უკვე მერამდენე დილა იყო, ასე იღვიძებდნენ, თუმცა სამსახურში წასვლაზე ყოველთვის პრობლემა ჰქონდათ. თავისუფლების მოყვარული აივი ვერაფრით ეგუებოდა ანდროს წინასწარ გაწერილ გრაფიკს. კი, ყოველთვის ხელს უწყობდა, ყველგან დაჰყვებოდა, მაქსიმალურად ცდილობდა, ურთიერთობაში კომფორტი შეეტანა და არაფერზე ეთქვა უარი, თუ ეს მის პრინციპებს არ ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მაინც არ ეხატებოდა დიდად გულზე კვირაში რამდენჯერმე მდიდრულ წვეულებებზე სიარული და კამერების წინ პოზირება.

შერვაშიძეს კი, უკვე წლებია ასეთი ცხოვრება ჰქონდა და სიმართლე ითქვას, არც აპირებდა შეცვლას. საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენი იყო, ფეხიც მყარად ჰქონდა მოკიდებული ამ წრეში და პატივისცემასაც იმსახურებდა. არ იყო ხშირი მის ასაკში ასეთი წარმატებული ბიზნესის წინამძღოლობა. მართალია, საკუთარ თავზე ვერაფერს დაიბრალებს, ფაქტობრივად, მამის დაწყებულ, წინასწარ გაკვალულ გზას მიჰყვებოდა თავიდანვე, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, უფროსი შერვაშიძის შემდეგ ბევრი რამ რომ შეცვალა ფირმაში და თან, საკმაოდ წარმატებულად.

აივი კი, იმდენად განსხვავებული იყო, იმდენად შეუფერებელი მისი ცხოვრების სტილისთვის, თავდაპირველად, ალბათ, სწორედ ამანაც დააინტერესა, სანამ უფრო ახლოს გაიცნობდა. აზარტშიც კი გადაუვიდა მისი მორჯულება და ახლა, ასეთ შეცვლილს რომ უყურებდა, კმაყოფილების ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან, დასახულ მიზანს მაინც რომ მიაღწია.

– შემიკრავ? – ჰალსტუხი გაუშვირა ჯერ კიდევ არეულ საწოლში მონებივრე გოგოს და ისიც სწრაფად წამოიწია მუხლებზე.

– ზუსტად ვიცი, დამოუკიდებლად შეკვრა გადასარევად რომ გეხერხება...

წაიღიღინა თვითკმაყოფილმა და ერთი შეხედვით მარტივი პროცესი ისე გაწელა, დიდხანს რომ ყოფილიყო საყვარელი კაცის გვერდით.

აუჩქარებლად, გრძელი თითების მარტივი მოძრაობით შემოახვია ქსოვილი კისერზე და შემდეგ ისე ახლოს მიიზიდა, მილიმეტრებიღა აშორებდა იმ ტუჩებამდე, წინა ღამით ასე გამალებით რომ კოცნიდა.

– არ მითხრა, რომ უკმაყოფილო ხარ ამით... – და ანდროც აჰყვა თამაშში. ისე ჩაილაპარაკა, არ მოშორებია. უფრო მეტიც, კიდევ უფრო ახლოს მიიწია და საუბრის დროს ოდნავ, მაგრამ მაინც შესამჩნევად რომ შეეხო ბაგეებზე, ზუსტად ის ეფექტი გამოიწვია, რაც უნდოდა.

– ნუ მაიძულებ, სამსახურში არ გაგიშვა... – ამოთქვა ვნებამორეული ხმით და მაინც ვერ გაბედა, თვითონ ეკოცნა პირველს.

წელიწადზე მეტია უკვე, რაც ერთად იყვნენ, მაგრამ მაინც ვერ ახერხებდა ინიციატივის საკუთარ თავზე აღებას. ზოგადად, თუ არ ერიდებოდა აზრის თამამად დაფიქსირებას და არც ის ადარდებდა, რას იფიქრებდნენ სხვები, ანდროსთან სულ სხვანაირი, მორიდებული, პატარა გოგო ხდებოდა. ალბათ, ბოლომდე არც ეჯერა, მისნაირმა უღმერთოდ სიმპათიურმა, წარმატებულმა, სექსუალურმა ბიზნესმენმა მასზე რომ შეაჩერა არჩევანი და ცდილობდა, არაფერი გაეკეთებინა ისეთი, რაც ამ კაცს დააკარგვინებდა.

იმასაც ხვდებოდა, სულელური რომ იყო მისი შიშები. ყოველთვის იმ აზრზე იყო, ხელოვნურად შენარჩუნებული, რეალურად, ყველაფერი ყალბი რომ იყო და მეგობრებსაც აქტიურად ურჩევდა, თავი არ მოეკლათ იმაზე დარდით, ვინც მათ არ აფასებდა. მრჩეველი მართლაც იდეალური იყო, მაგრამ, როცა საკუთარ ცხოვრებაზე მიდგებოდა საქმე, ვერაფერს უხერხებდა ტვინში ჩაბუდებულ დამპალ არსებას, ყოველი შესაძლებლობისას იმას რომ ახსენებდა, ბოლოს მაინც მარტო დარჩებიო.

ზოგჯერ ისეთი მომენტებიც ჰქონდა, არავინ უნდოდა გარშემო რომ ჰყოლოდა.

ყველაფრის გაკეთების სურვილი ეკარგებოდა. წვებოდა გულაღმა, ჭერზე ერთ წერტილს აირჩევდა და უყურებდა დაუსრულებლად, თვალის დახამხამების გარეშე. უფლებას აძლევდა უაზრო ფიქრებს, მისი სხეული ტვინთან ერთად რომ გამოეფიტათ და ყველაფერი საშინელება ერთად დასტყდომოდა თავს.

არც საჭმელს ჭამდა, არც საყვარელი მუსიკის მოსმენა შველოდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს, მეგობრებიც კი არ ჰყავდა ასეთ მომენტებში.

საკუთარი თავიც ღალატობდა ზოგჯერ და იმასაც ვერ ხვდებოდა, საერთოდ რისთვის ცხოვრობდა.

თინეიჯერი არ იყო, ასაკისთვის რომ დაებრალებინა ეგზისტენციალური კრიზისი, მაგრამ, ფაქტია, ზოგჯერ ისე საშინლად გრძნობდა თავს, ეგონა, რომ ნაწილებად იშლებოდა და ვერასდროს შეძლებდა ამ ნაწილების მოძებნასა და შეერთებას.

სრული სიზუსტით გრძნობდა ორგანიზმის თითოეულ უჯრედს, ყველა მოლეკულას. იმასაც კი ამჩნევდა, როგორი სიჩქარით მოძრაობდა სისხლი მის ძარღვებში და საათის ისრის ხმა იყო ერთადერთი, რასაც უსმენდა.

და ითვლიდა... ითვლიდა დაუსრულებლად... ზოგჯერ დღეებიც კი გადაუბია ასეთ მდგომარეობაში.

არც ხატვა უნდებოდა. საერთოდ არაფრის ძალა აღარ ჰქონდა და სხვა სიტუაციაში, ფუნჯი და საღებავები თუ პროფესიასთან ერთად, განტვირთვის საშუალებაც იყო, მთელ სულსა და გულს დებდა თითოეულ ნახატში და შეეძლო, ყველა ტკივილი ტილოზე შეხებით გაექრო, ასეთ დღეებში ამასაც კი ვერ აკეთებდა.

და იცოდა, ლოდინის გარდა, არაფერი დარჩენოდა. ვერაფერს გააკეთებდა. ვერ აიძულებდა თავს, ხელოვნური სიმშვიდე შეექმნა და ბედნიერი ყოფილიყო ასეთ გარემოში. თავისით უნდა გაევლო...

მაშინ კი, როცა ასეთ ეტაპს გადააგორებდა, ყველაზე მხიარული, აქტიური, თავისუფალი და გიჟი ხდებოდა. კვალსაც აღარ ტოვებდა ძველი აივისგან და შეეძლო, ღამეები გადაება ცეკვასა და გართობაში.

ტყუპი იყო ზოდიაქოთი, მაგრამ ხასიათის ასეთი დამთხვევა მისი ნატალური რუკის აღწერილობასთან, ცოტა არ იყოს, ზოგჯერ აშინებდა კიდეც.

– არ მისმენ? – თვალები სწრაფად დაახამხამა, ანდროს ხმა რომ მოესმა. თვითონაც ვერ მიხვდა, ისე გაჰყვა ფიქრებს.

– ბოდიში, ვერ გავიგე. რა ჩემი ბრალია, შენ მაბნევ! – გაეკრიჭა და დანაშაულიც გადააბრალა წასასვლელად გამოწყობილ კაცს.

– დღეს ლომაიას დაბადების დღეზე ვართ მიწვეულები და საღამოსთვის არაფერი დაგეგმო. – გაუმეორა უპრობლემოდ და თავით ანიშნა, ადექი, მოემზადეო. არაფრით უშვებდა, თუნდაც სულ ცოტა ხნით დაეტოვებინა აივი სახლში მაშინ, როცა თვითონ მიდიოდა.

– ანუ დღეს ლომაიას დაბადების დღეზე ხარ მიწვეული შენ, – გაუცინა და უხალისოდ წამოდგა. – მაგრამ მეც მიგყავარ.

– არ დაიწყო!
– არაფერს ვიწყებ, დამშვიდდი. უბრალოდ, ისე ნუ გამოგყავს, რომ შენი ყველა ბიზნესპარტნიორი ჭკუას კარგავს ჩემზე.

– მე არაფერი გამომყავს. დამპატიჟეს და იციან, რომ მეგობარ გოგოსთან ერთად მივალ. რა პრობლემაა, ვერ ვხვდები?! – ცოტა არ იყოს, გაღიზიანება შეერია ხმაში. კარგად იცოდა, როგორი დამოკიდებულებაც ჰქონდა აივის ასეთი წვეულებების მიმართ, მაგრამ ეგონა, ეს თემა უკვე გადააგორეს.

– არანაირი! – ხელოვნური ღიმილი აიკრა და ისე გამწარებულმა აქაჩა კაბის ელვა, ცოტა დააკლდა, ქსოვილიდან რომ არ ამოეგლიჯა. აშკარად ეტყობოდა, ეს ღიმილიცა და მშვიდი სახეც უბრალო ნიღაბს რომ წარმოადგენდა.

– ვერ გავიგე, რა არ მოგწონს, – ამოიოხრა შერვაშიძემ და გულზე ხელებგადაჯვარედინებული მიეყრდნო კედელს.

– არაფერი, უბრალოდ, კარგი იქნება, სანამ საღამოებს დამიგეგმავ, წინასწარ შემითანხმდე და მკითხო, მცალია თუ არა! – მოუჭრა გაბრაზებულმა და უნდა აღიაროს, თვითონაც ვერ ხვდებოდა იმ მომენტში, რაზე ბრაზობდა. ალბათ, მასში მიძინებულმა მეამბოხე სულმა გაიღვიძა და არ მოსწონდა, უპრეტენზიოდ რომ ჰყვებოდა ყველაფერზე, თორემ, რეალურად, არანაირი პრობლემა არ უნდა ჰქონოდა, ძვირად ღირებული კაბის ჩაცმასა და დაბადების დღეზე გაყოლასთან დაკავშირებით.

– არ გცალია?

– არა!
– ძვირფასო, რატომ გინდა, რომ ვიჩხუბოთ?
– არ მინდა! უბრალოდ, დღეს... – გამალებით აამუშავა გონება, მიზეზი რომ მოეფიქრებინა და... ვუალა! გაახსენდა! – ანუკის მივყვები ფეხბურთზე! – მხრები აიჩეჩა გულგრილად და ფეხსაცმლის თასმა რომ შეიკრა, თვითონვე აესვეტა წინ. – აღარ მივდივართ?

– სად მიყვები? – ანდრო კი, აშკარა იყო, ასეთ იაფფასიან ტყუილს რომ არ წამოეგებოდა და უკვე ბრაზდებოდა კიდეც, უაზროდ რომ ჩხუბობდნენ.

– ფეხბურთზე.
– და ის, რომ ფეხბურთს ვერ იტან, დავივიწყოთ?
– მე ვერ ვიტან, ანუკის უყვარს. რა პრობლემაა. მეგობარია და მივყვები!
– გეყოფა!

– ანდრო, რა გინდა?! – ამოიოხრა და საწოლზე ჩამოჯდა. – ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა ფეხბურთის მატჩი, როგორიც შენი რომელიღაც ბიზნესპარტნიორის დაბადების დღე. რა ჩემი ბრალია, თუ დაემთხვა?! რომ გეკითხა წინასწარ, გეტყოდი კიდეც!

– ახლა ხომ ორივემ ვიცით, სისულელეებს რომ იგონებ? – ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა და ისე დაიხარა, ორივე ხელით საწოლს დაეყრდნო, სახე კი, იმდენად ახლოს მიუტანა, წამიერად, სუნთქვაც შეეკრა შუკვანს.

– არ ვიგონებ.

– ანუ მართლა გინდა, ოთხმოცდაათი წუთი უაზროდ გაატარო, მაშინ, როცა შეგეძლება, ამ დროის განმავლობაში ჩემთან იყო?!

– ანუ მეგობარს შევპირდი და მივყვები.

– ჩემ გამოწვევას ცდილობ. – წარმოთქვა ისე, აშკარად არ გაურია კითხვის ტონი. ნელა დაიხარა და ისე მიაწება ტუჩები მხარზე, არც მიუცია რეაგირების საშუალება.

როგორი ძლიერიც უნდა ყოფილიყო დანარჩენებთან, ანდროს ერთი შეხებაც და ხელებში ადნებოდა კაცს. საოცრებას უშვრებოდა არა მხოლოდ მის სხეულს, მის გონებასაც და ცეცხლივით აელვარებულსაც, ყინულიან წყალს ასხამდა თითოეული შეხებით.

– სამსახურში გაგვიანდებოდა...
ამოთქვა ძლივს, როცა გაიაზრა, შერვაშიძის ტუჩები მოშორებას რომ არ აპირებდნენ, თუმცა პასუხად, ჯერ კიდევ არეულ საწოლზე რომ გადააწვინეს და კაბის თხელი ქსოვილის ქვეშ, კანონიერი მეპატრონესავით შეუცურეს მოქნილი თითები, მიხვდა, საუბრის გაგრძელებას საერთოდ რომ დაეკარგა აზრი...
1 / 2
Next
კომენტარები (4)
გვანცა
ძალიან მომწონს.. ველი გაგრძელებას ^^
ავტორი
ძალიან დიდი მადლობა, მიხარია, რომ მოგწონთ ^_^
ლიკა
ვგიჟდებიი
სესი
ძქლიან კარგი მოთხრობაა.ველი გაგრძელებას. თუ შეიძლება მითხარით რა არის საჭირო რომ ჩემი მოთხრობაც განთავსდეს აქ?
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
ცდუნება. თავი 13. ფოტოებში დამალული ისტორია
10:14 / 15-12-2017
- ჯანდაბა! - თვალები გაუფართოვდა აივისაც, შემდეგ კი, ისე სწრაფად განვითარდა მოვლენები, ისე ელვის სისწრაფით გაცვივდნენ მოედნიდან, ვერც კი მოასწრეს იმის დანახვა, მართლა იყო ხმაურის გამომწვევი მიზეზი თუ მღელვარებისგან მოელანდათ.
ცდუნება. შუაღამის პაემანი. თავი 12
10:30 / 12-12-2017
- არ მჯერა, რომ ამის გაკეთებას ვაპირებთ! - ჯერ კიდევ გაოგნებული იყო ჭანტურია, ეროვნული სტადიონის ცენტრალურ შესასვლელთან რომ იდგნენ შუაღამისას.
ცდუნება. თავი 11. ინტრიგნული გამოწვევა
10:29 / 08-12-2017
- შენ რა იცი, როგორია და როგორი სჭირდება გვერდით... - აშკარაა, რომ ისეთი არა, როგორიც შენ, და საერთოდაც, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ შეუძლიათ, გვერდით ვინმე ჰყავდეთ და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ უყვართ.
ცდუნება. თავი 10. სტუმრად უცნობი მამაკაცის სახლში
10:50 / 06-12-2017
- შაქარი რამდენი? - ისე უშუალოდ ჰკითხა ირაკლიმ, სახლში რომ შევიდნენ და ქურთუკი გაიხადა, არც ტრადიციული „თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში“ უთქვამს, არც დაჯდომა შეუთავაზებია და არც ბინის დათვალიერება.
სხვა ხედი. თავი 20. დაკარგვის ფობია
11:03 / 05-12-2017
ფიქრებში გართული მივუყვებოდი მიხვეულ-მოხვეულ ბილიკებს, ხავსმოდებულ შენობებსა და ბუჩქებს.
ცდუნება. თავი 9. იდუმალი უცნობი ბარიდან...
10:39 / 01-12-2017
ყველაფერს ელოდა, ამ ადამიანის ნახვის გარდა და მით უმეტეს, აქ!
სხვა ხედი. 19 თავი. ტრანსფორმაცია
11:32 / 27-11-2017
ვერაფერი ვუპასუხე. დიდი რაოდენობით მიღებული ალკოჰოლის მიუხედავად, გამბედაობა არ მეყო ერთი შეხედვით არცთუ ისე რთული პასუხის წარმოსათქმელად.
ცდუნება. თავი 8. საავადმყოფოს სურნელი
11:43 / 24-11-2017
ერთმანეთში აერია ყველა შეგრძნება. მოულოდნელობა, გაკვირვება, შიში... ყველაზე მეტად, შიში.
სხვა ხედი. 18 თავი. დასაწყისი
11:17 / 20-11-2017
ყოველი დღე თითქმის იდენტურია წინა, ან მომდევნო დღისა. თავიდან საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრება რომანტიკულ ფილმს გაგონებს:
ცდუნება. თავი 7. დაუგეგმავი ორსულობა?..
10:17 / 17-11-2017
მიდიოდა და ვერ ხვდებოდა, როგორ ახერხებდა ნაბიჯების გადადგმას, როცა ფეხებში საერთოდ აღარ ჰქონდა ძალა.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31