გათენდა და როგორც ჩვეულებრივ, მზის ამოსვლას მოჰყვება ხოლმე, კვლავ რეალობასთან შეჯახება მომიწია. უამრავი არასასიამოვნო დიალოგი და დამღლელი შეხვედრა თუ სატელეფონო ზარი.
დიალოგი დედასთან:
- სესილია, ფეხმძიმედ ხარ და შენს მდგომარეობაში შევდივარ, არ მინდა დაგძაბო, ამიტომაც გავჩუმდი ამდენ ხანს. მაგრამ ბოლოს და ბოლოს, გამაგებინებ, რა ჯანდაბა ხდება?
- დედა, მე და მაქსიმი დავშორდით. არ მინდა ბევრი შეკითხვა, ძალიან გთხოვ, რა. არ ვაპირებ, შენს ხარჯზე ვიცხოვრო, ნუ ღელავ, მოვძებნი სამსახურს და თავს მივხედავ, ბავშვსაც, რა თქმა უნდა. მხოლოდ ცოტა ხანს თუ შემიფარებ, ვალში არ დაგრჩები.
- შენ სულ გაგიჟდი? სრულ ჭკუაზე ხარ?!
- ხო, გავგიჟდი, თუ ჩემს ცხოვრებაში საბედისწერო გადაწყვეტილების დამოუკიდებლად გაკეთება სიგიჟეა, გავგიჟდი! და შევეგუოთ ამ ფაქტს!
- შვილო, ცოლ-ქმარმა შეიძლება ბევრჯერ იჩხუბოს, ხშირად ხდება გაუგებრობა, კონფლიქტი, მაგრამ ოჯახური კონფლიქტი ოჯახში უნდა მოკვდეს და გარეთ არ უნდა გავიდეს. თქვენ ჯერ ბავშვები ხართ, შეიძლება რაღაც მართლა არასწორად გააკეთა...
- დედა, დედა! გეყოფა!
- არაფერიც არ მეყოფა! მომისმინე! შეიძლება მართლაც დაუშვას შეცდომა შენმა ქმარმა, მაგრამ შენ უკვე ცოლი ხარ და კარგი ცოლი მაშინ იქნები, როცა ქმარს თბილი სიტყვით გამოზრდი და დახვეწავ.
- ღმერთო ჩემო! არავის გამოზრდას არ ვაპირებ იმ ერთადერთი ბავშვის გარდა, რომელიც მუცელში მყავს!
- აბა, როგორ გგონია? ასე ირბენ ყოველ ჩხუბზე?
- არსადაც არ ვირბენ, გამოვიქეცი და აქ დამთავრდა!
- არ ინერვიულო, გადაგივლის, შერიგდებით... - დასკვნითი ნაწილი საკუთარი თავის დამშვიდებას უფრო ჰგავდა, ვიდრე მოსაუბრისას.
სატელეფონო საუბარი ქმართან:
- როგორ ხარ?
- კარგად, გმადლობთ, თავად?
- ვიზიტზე წასვლას როდის აპირებ? ხომ არაფერი გაწუხებს? ვგულისხმობ, ბავშვს ხომ არაფერი აწუხებს?
- არა, მადლობა, მშვენივრად გრძნობს თავს, მოკითხვა გადმოგცა...
- აქტიურად მოძრაობს?
- საშუალო აქტივობით.
- კარგი...
დუმს...
- კარგად.
სატელეფონო საუბარი დედამთილთან:
- როგორ ხარ, სესილია?
- მადლობა, კარგად, ნადია, შენ როგორ ხარ?
- არა მიშავს. რა ხდება?
- ვშორდებით... უფრო სწორად, დავშორდით ერთმანეთს.
- სესილია, მაქსიმმა მითხრა, რომ სახლიდან წამოხვედი... ღამით... ადგა და წავიდაო, მართალია?
- ეს არაა მთავარი.
- მართალია თუ არა?
- კი, მართალია...
- მომისმინე, ჩემო კარგო, ჩემთვის მთავარი სწორედ ესაა. მე ოჯახი მაქვს, შენ ჩემს ოჯახში შემოხვედი და ჩემი წესები უნდა იცოდე. ჩემთან კარის გაჯახუნება–გამოჯახუნება არ იქნება. იჩხუბეთ? გადაბრუნდით და ისე დაიძინეთ. მე არ ვიცი, ქუჩაში როგორ ხდება, მაგრამ ჩემთან ოჯახია და ვერ შევეგუები ჩემს ოჯახში მსგავს შემთხვევებს. სხვა დროს ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს, გესმის ჩემი?
- ნადია, სხვა დროს აღარ იქნება, სხვა შემთხვევა აღარ იქნება და შენს ოჯახში სიმშვიდე და სრული იდილია დაისადგურებს, რადგან, როგორც უკვე გითხარი, ჩვენ დავშორდით ერთმანეთს!
- სესილია, მასე არ ხდება. ცოლ-ქმარი ხშირად ჩხუბობს, მაგრამ ყველაფერზე განშორება და ოჯახის დანგრევა სად გაგონილა? მე და ლეონი სულ ვჩხუბობდით, მაგრამ ისევ ვრიგდებოდით. ერთხელ სახლში არ შემოვუშვი, ისე ვიჩხუბეთ, მთელი ღამე ქუჩაში გაათენა, მაგრამ შევრიგდით. ხან იჩხუბებთ, ხან მოეფერებით. საერთოდაც, წასასვლელი რომ არ გქონდეს, არსად არ წახვიდოდი, იმედი რომ გაქვს, რომ სხვაგან მიგიღებენ, მაგიტომაც წამოხვედი, თორემ, აბა, დედაშენს არ მიეღე, სად წახვიდოდი? ჰო, გეკითხები, სად წახვიდოდი? საერთოდაც, რა გითხრა დედაშენმა? მოგიწონა ეს საქციელი? სახლიდან რომ გამოიქეცი, კარგი გოგო ხარო?
- შენ მართლა გჯერა, რომ უსახლკარო თუ ვიქნებოდი, შენს შვილთან სახლის გამო დავრჩებოდი? ან საერთოდაც, გინდა შენი შვილის გვერდით ისეთი ქალი ცხოვრობდეს, რომელიც ქმართან მხოლოდ ქონების გამოა?
- რატომ მხოლოდ ქონება? შენ ვერ იტყვი, რომ მაქსიმი ცუდი ქმარია. რაღაც ნაკლი ყველას აქვს, მაგრამ ის არ იპარავს, არ ლოთობს, არ გღალატობს, ნარკოტიკს არ ეკარება... გეფერება. სახლი რომ დაგავა, არ გახსოვს? ხინესში რომ იყავით, დედაჩემმა მითხრა, მაქსიმმა მტვერი გადაწმინდაო. ჩემო კარგო, ჩემი შვილი ყველაფერს გიკეთებს, ლამისაა ტრაკი გამოგწმინდოს და ასეთი დაუნახაობაც არ შეიძლება.
- მე...
- რამე გაკლია? მითხარი, თუ ხარ რამით უკმაყოფილო? დედაჩემი ყოველ კვირას ღვეზელებს გიცხობს, გიგზავნით, შენ რომ გაქვს, ისეთი ტანსაცმელი არავის ექნება შენს მეგობრებში, ყველა ბრენდია, ყველა ძვირიანია. არ შეგეშალოს ათგრინლიან ჯინსებსა და ოცდახუთგრინლიან კედებში. ყველა უმაღლესი დონის ბრენდია!
- ყოველდღიური საზრდოთი უზრუნველყოფა არავის აძლევს იმის უფლებას, დაამციროს სხვა. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, თქვენთან უდავოდ ვალში ვარ, მაგრამ ეს ჩემს ცოლქმრულ ურთიერთობასთან არაფერ შუაშია.
- როგორ არაა, ჩემო კარგო, რომ მიდიხარ ჩემი სახლიდან, ჩემი ოჯახიდან გადიხარ და კარს იჯახუნებ, რატომ აკეთებ ამას? ეს ოჯახია, ქუჩაში არ ვიცი...
- მერამდენედ იმეორებ, რომ შენ ოჯახი გაქვს და არ იცი, ქუჩაში როგორ ხდება? მეც ოჯახიდან ვარ და თუ საკმარისად ვერ გამიცანი ამ დროში... და თუ საკმარისად ვერ შეაფასე ჩემი ოჯახი ურთიერთობებით, შეგიძლია ნებისმიერ გამვლელს ჰკითხო ჩემს ოჯახზე, ან პრესაში წაიკითხო, სულაც ინტერნეტში მოძებნო და ნახო.
- არა, ჩემო საყვარელო, ასე ცუდად რატომ მიიღე? მე შენს ოჯახზე ცუდი არაფერი მითქვამს, ძალიან ვაფასებ შენს ოჯახს, ძალიან. ახლა რომ ამანათი გამოვაგზავნე, იქ დედაშენისთვის ლარნაკია და შეგიძლია აჩუქო. მაგრამ მე მაქსიმის გულის ტკენას ვერავის ვაპატიებ... დედაჩემმა მითხრა, რომ ველაპარაკე, ნამტირალევი ხმა ჰქონდაო. მე ჩემი შვილის ცრემლს ვერავის ვაპატიებ.
- ნადია, ძალიან მიყვარხარ, გაფასებ და დიდ პატივს გცემ, მაგრამ შენი შვილის გულის ტკივილს თუ არავის პატიობ, რატომ გგონია, რომ ჩემმა მშობელმა უნდა აპატიოს სხვას ჩემი ტკივილი და სახლიდან გამაგდოს? ჰო, ზუსტად ასე თქვი, ცოტა ხნის წინ ჩვენი დაშორების მიზეზი დედაჩემს გადააბრალე. შენ როგორ მოიქცეოდი, შენი ორსული ქალიშვილისთვის ქმარს რომ ეგინებინა, მერე ხელი დაერტყა და გულნატკენი შვილი კარზე მოგდგომოდა, მიუსაფარი? არა, არა მგონია, 20 წლის კაცის ( თუ გინდა, ბიჭი დავარქვათ) დედა, რომელიც ცოლისგან იცავს საკუთარ შვილს, 17 წლის ფეხმძიმე, დაზარალებულ შვილს სახლიდან არ გააგდებდა.
- რას გულისხმობ?
- ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშე ვლაპარაკობ, შენმა შვილმა მაგინა, შემდეგ სახეში ხელი გამარტყა და ჩვენ ერთმანეთს დავშორდით. დამთავრდა. მადლობა ყველაფრისთვის, რაც გამიკეთეთ, მაგრამ მე ვერ ვიცხოვრებ კაცთან, რომელსაც შეუძლია წვრილმანი უსიამოვნების გამო ამგვარად მომექცეს ახლა, როცა ყველაზე სუსტი და მოსაფრთხილებელი ვარ!
- რაა? მაქსიმმა ხელი დაგარტყა? სესილია, ეს ჩემმა შვილმა გააკეთა?
- კი.
- სესილია, მაპატიე, მე გიხდი ბოდიშს მის ნაცვლად! ეს, არასწორია! მოვკლავ! ამას არ ვაპატიებ, შენ არ ინერვიულო, მამამისს ვეტყვი, ნახე, რას უზამენ. მე ვასწავლი მაგას ქალის პატივისცემას.
- მადლობა თანაგრძნობისთვის, თუმცა ჩემთვის ამას უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. კარგი იქნებოდა, თავის დროზე ესწავლა ქალის პატივისცემა.
- მოგვიანებით დაგირეკავ!
დიალოგი ქმრის ნათესავთან #1 (ბიცოლა თამარა):
- საყვარელო, როგორ ხარ?
- მადლობა კარგად, თქვენ როგორ ხართ?
- მეც კარგად. რა ხდება ახალი? მუცელი გეზრდება?
- ჯერ მაინცდამაინც არა, არაფერი მეტყობა.
- ნელ-ნელა წამოგებერება, მალე დაგეტყობა.
- ჰოო, ალბათ...
- ჩემო გოგო, რა მოხდა შენსა და მაქსიმს შორის?
- მაპატიეთ, მაგრამ უკვე დამღალა ამაზე ლაპარაკმა, დავშორდით ერთმანეთს.
- რატომ?
- იმიტომ, რომ არ შემიძლია კაცთან ერთად ცხოვრება, რომელიც ორსულ ცოლს სცემს.
- რაოოო? გაიმეორე?!
- ცემა შეიძლება გაზვიადებული ნათქვამია, თუმცა მაქსიმმა ხელი დამარტყა და ამას ვერ ვაპატიებ. არც ამის გამეორება მსიამოვნებს და არც ამ თემაზე საუბარი. თუმცა მე დასამალი არაფერი მაქვს.
- რატომ, ჩემო საყვარელო, რა მოხდა ასეთი?
- არც ასეთი და არც ისეთი არაფერი მომხდარა, ვფიქრობ, ამას საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, თქვენ რას იტყვით? თქვენი ქალიშვილისთვის, უფრო სწორად, ორსული ქალიშვილისთვის რომ ხელი დაერტყა ქმარს, იკითხავდით, რატომ მოხდა ეს?
- მართალი ხარ, ჩემო ლამაზო, არ ინერვიულო! გოგოს დედა ვარ და ამას ვერ შევეგუებოდი. იმისთვის ნამდვილად არ ვზრდი შვილს, ვიღაცამ რომ ურტყას. არ ინერვიულო, ჩემო ლამაზო, შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება. დაველაპარაკები ბიძამისს, ნახე, მაგას რა უქნან.
დიალოგი ქმრის მეზობელთან:
- სესილია, როგორ ხარ?
- კარგად, მადლობა, თავად?
- მეც კარგად. რა ხდება ახალი? საით ხართ?
- დედაჩემთან ვარ.
- ჩვენკენ არ აპირებ გამოსვლას?
- თქვენკენ რა ხდება ახალი?
- არაფერი, ძველებურად.
დიალოგი ქმრის ნათესავთან #2 (გამზრდელი ბებია ლაურა)
- როგორ ხარ?
- კარგად, გმადლობთ, თავად როგორ ხართ?
- რას ვიზამ, წნევა მაწუხებს, არ ვარ კარგად, მაგრამ რას დავეძებ, თქვენ იყოთ კარგად. მაქსიკო ნერვიულობს, რატომ ჩხუბობთ?
- არ ვჩხუბობთ...
- რატომ მატყუებ, ბებია? მაქსიკო მთელი ღამე გეძებდა. ჩემი დღეები დათვლილია, მაგის ჯავრი გამყვება იმქვეყნად.
- არ ვტყუი, ერთმანეთს დავშორდით.
- ოჯახის დანგრევა არ შეიძლება მასე, ერთი ხელის მოსმით. დედაშენი რას ამბობს? გიწონებს საქციელს?
...
- მოდი და ვილაპარაკოთ. ნადიას დაელაპარაკე, კარგად დაგარიგებს, ვინ გყავს ჩვენზე უკეთესი მრჩეველი?
...
- რატომ არ მპასუხობ?
- არ ვიცი, რა გიპასუხოთ...
- გამოდი, დავილაპარაკოთ. მაქსიკო ცუდი ქმარია? თან გყვება. გილაგებს სახლს, გეფერება, ხელზე გკოცნის. მე ჩემს ქმარს ვერაფერს ვუბედავდი, სახლი დაელაგებინა კი არა, ტვირთი ამომქონდა ერთხელ მეათე სართულზე, ის იჯდა, ამხანაგთან ერთად ვახშმობდა და დამიძახა, ჩანგალი მომიტანეო დაღლილ-დაქანცულს. აბა, გამებედა და დამეწუწუნა... ეტყობა, ჩემი შვილიშვილი არ დგას მოწოდების სიმაღლეზე. კაცი რბილი არ უნდა იყოს!
- თქვენ გინდათ, რომ "მაქსიკოც" ასე იქცეოდეს?
- არა, არ მინდა და რომ არ იქცევა, ძალიანაც მომწონს, კარგი ბიჭია. მაგის გაზრდას შევალიე მთელი ენერგია და კარგი გაზრდილი მყავს, მაგას ენაცვალოს ბებია.
...
- მოდი, მოდი, სახლში მოდი და დავილაპარაკოთ, ვინ გირჩევს ჩემზე და ნადიაზე უკეთესად.
- ნადიას უკვე ველაპარაკე, გამოვალ ამ დღეებში, თუ მოვახერხებ..
რატომღაც ყველა თვლიდა, რომ განაწყენებულს ქმრის დასჯა გამახარებდა. არადა, ეს უკვე ჩემთვის სულერთი იყო. მე მხოლოდ სიმშვიდე მენატრებოდა, მას კი, ჩანს, ჩემთან განშორება განუზრახავს.
ფანჯრებიდან მზის სხივები შემოდიოდა და ოთახში იფანტებოდა, ყველა კუთხეს წვდებოდა. ნათელი დღე იყო. ხანდახან მზიანი ამინდი მაღიზიანებს, წვიმა მირჩევნია, უფრო მშვიდად ვგრძნობ თავს. საწოლზე ვიწექი და ადგილს ვერ ვპოულობდი. გულაღმა დაწოლილს გულძმარვა მაწუხებდა, გვერდულად - წელი მტკიოდა, წამობურცული მუცელი კი მკერდზე დაწოლის საშუალებას არ მაძლევდა. ის, რასაც იმ მომენტში ვგრძნობდი მაქსიმისადმი, ძალიან უჩვეულოდ მეჩვენებოდა და ამავდროულად, ვეღარც კი ვიხსენებდი, სხვაგვარად თუ იყო ოდესმე. თითქოს ჩემი საყვარელი მამაკაცი, მოგონებები მასზე, ემოციები და განცდები, ყველაფერი რაც მასთან მაკავშირებდა, ნელ-ნელა იშლებოდა მეხსიერებიდან, სხეულიდან, გულიდან, მთელი ჩემი არსებიდან. საწოლიდან წამოვდექი, წიგნების კარადას მივუახლოვდი, სკამი მივიდგი და ზემოთა თაროზე, მარჯვენა კუთხეში ხელით ალბომი ვნახე. ბეწვით დაფარული გარეთა ყდა მარტივად გამოვარჩიე სხვა წიგნებისგან და კიბიდან ფრთხილად ჩამოვედი. მტვერი სულის შებერვით გავფანტე, გადავშალე ვარდისფერი წიგნაკი, რომელიც უამრავ ბავშვობის მოგონებას ინახავდა.
პირველ ფოტოზე ვცეკვავდით. შორიდან იყო გადაღებული. რამდენადაც მახსოვს, მეგობრებმა გადაგვიღეს. სურათზე სკოლაში ვიყავით, სპორტის დარბაზში, კარნავალზე. ერთმანეთი უკვე გვიყვარდა, მაგრამ მაშინ ძალიან ნაწყენი ვიყავი და მთელი ერთი თვე არც კი ველაპარაკებოდი. როგორღაც ისე მოხდა, რომ ორივენი ნომინაციის გამარჯვებულები გავხდით და იძულებულნი აღმოვჩნდით, ერთად გვეცეკვა. მას სულაც არ სწყენია ეს სიახლე, მე კი თავს ისე უხერხულად ვგრძნობდი, ზურგიდან გადაღებულ ფოტოზეც კი ჩანს ჩემი დამოკიდებულება. მაშინ ყველაფერი სხვანაირად იყო, მხოლოდ ჩემი პრინციპების გამო ვშორდებოდით ერთმანეთს, თუ რა თქმა უნდა, თავად არ იყო განაწყენებული, რაც ძალიან იშვიათად ხდებოდა. როცა რაღაც მწყინდა და ვშორდებოდი, მონატრება მაგიჟებდა, ყველაფერს მავიწყებდა, საკუთარ თავს ვახსენებდი, რომ მან გული მატკინა, შეურაცხყოფა მომაყენა, როდესაც უყვართ, ასე არ იქცევიან, თუ არ ვუყვარვარ, არაფერში მჭირდება და ა.შ. მაგრამ მისი დანახვისთანავე გული გამალებით მიძგერდა და მუხლები მიკანკალებდა. მომდევნო ფოტოზე ახალი წლის ღამეა. წვიმიან ქუჩაში მივსეირნობთ, უკან მეგობრები მოგვყვებიან (კადრი სწორედ მათი დაჭერილია). სიცივეში, სუსხიან ამინდში ქოლგით ხელში მივუყვებით სველ ასფალტს და არაფერი გვანაღვლებს, ბედნიერები ვართ. შემდეგ მოდის რამდენიმე სახედამანჭული სელფი, რომლებიც თავად გადავიღეთ. ნათელი კადრებია, ხალისიანი. ნუთუ ასე უკვალოდ გაქრა ეს სიყვარული, განცდები, მოგონებები? ვერ ვიგებდი, რატომ დაიწყო ეს ისტორია, თუ მაინც უნდა დამთავრებულიყო? მაგრამ, ვინ იცის, იქნებ დასასრული სწორედ ისაა, რაც დასაწყისს ანიჭებს აზრს?!. და თუ სიცოცხლეს აზრი არ ექნებოდა, რომ არა სიკვდილი და სიკეთე, ფასს დაკარგავდა, რომ არა ბოროტება, იქნებ ჩვენი სიყვარულიც უაზრობა იქნებოდა, უსასრულოდ რომ გაგრძელებულიყო? ვინ იცის...
თუმცა რატომღაც ყოველთვის მჯეროდა, რომ არსებობდა უსასრულობა, რაღაც მუდმივი... მწამდა, რომ თუ სამყაროში უკვდავება არსებობდა, მას უპირობოდ სიყვარულთან ექნებოდა კავშირი, პირველ რიგში.
ჩემი სიყვარული აღარ არსებობდა, ან იმდენად დასუსტებული და დაქანცული იყო, სანაგვეზე მიგდებულ ჩვილს ჰგავდა. მშიერი იყო, უენერგიო, გამოფიტული... მაშინ მივხვდი, რომ თურმე სიყვარულიც კვდება, კი არ გარდაიცვლება, როგორც შეგვიძლია ვთქვათ სილამაზეზე ან გენიოსებზე, არა... სიყვარული ჯერ ჭკნება, მერე სუსტდება, იფიტება, ბოლოს უფერულდება და კვდება! მას გამოკვება სჭირდება, ცოცხალი არსებასავითაა, ცოცხალი და მყიფეა, ნებისმიერ წამს შეიძლება განადგურდეს. მას მოვლა სჭირდება, ზრუნვა, ჰაერი, წყალი, ენერგია და იქნებ ამ შემთხვევაში მართლაც იცოცხლოს მარადიულად?!
კიდევ ერთ ფოტოს შევხედე, მაქსიმს ვეხვეოდი და თვალებიდან ბედნიერებას ვასხივებდი. სურათიდან თითქოს სხვა სესილია იყურებოდა, გახარებული, შეყვარებული, ლაღი და ამავდროულად, შეშინებული... თითქოს, ეშინოდა, ვინმეს მისთვის კუთვნილი ბედნიერების ულუფა არ წაერთმია და მთელი ძალით ებღაუჭებოდა მას. წამიერად მომეჩვენა, რომ საკუთარი თავი წარსულიდან მთხოვდა, მებრძოლა იმ ბედნიერებისთვის, სანაგვეზე მიგდებული სიყვარულისთვის ძველებური იერსახე დამებრუნებინა და ეს შემთხვევა ცხოვრებისეულ გაკვეთილად მექცია, რომელიც ასწავლის, რომ სიყვარულს მუდმივად სჭირდება გამოკვება.
ისევ ტელეფონმა დარეკა. რამდენიმე წამი დავიცადე, დრო გავიყვანე, სანამ მორიგი შემაღონებელი საუბარი დაიწყებოდა. ამჯერად მაქსიმის ბიძია რეკავდა.
- გისმენთ.
- როგორ ხარ, სესილია?
- კარგად, მადლობა, თქვენ?
- მეც კარგად... შენთან მოვდივარ, მალე მანდ ვიქნები, ჩაიცვი და წამოდი, ჩვენთან წაგიყვანთ, ლაპარაკი გვინდა. – ამას ისევ სამი სატელეფონო ზარი მერჩია.
- რა ხდება, რასთან დაკავშირებით?
- მაქსიმი ჩამოვიდა, თქვენზე გვინდა დაგელაპარაკოთ, ორივეს ერთად.
- აჰ, გასაგებია. კარგი, რამდენ ხანში მოხვალთ?
- ათ წუთში მანდ ვიქნები.
ათმა წუთმა სწრაფად გაირბინა. საწოლიდან არ ავმდგარვარ, სანამ კვლავ მობილური არ აწკრიალდა. ფეხზე ჩავიცვი და ქურთუკი მოვიცვი.
- დედა, - ჭურჭელს რეცხავდა, როცა დავუძახე მეორე ოთახიდან. ხმა რომ უკეთ გაეგონა, ონკანი დაკეტა. მივუახლოვდი და ვუთხარი - კარლიმ დამირეკა, მაქსიმი ჩამოვიდაო და... მოკლედ, შენთან ლაპარაკი გვინდაო. მომაკითხეს, უნდა წავიდე.
- ძალიან კარგი, დაილაპარაკეთ. სესილია, ნუ იქნები ცივი. მეჩვენება, რომ ზედმეტად ოფიციალური ხარ მაქსიმთან ურთიერთობის დროს. მოეფერე, თბილად დაელაპარაკე, ტკბილად თუ აუხსნი, რა გაწუხებს, პრობლემებიც მოგვარდება.
- კარგი, კარგი...
- დაუფიქრებლად არაფერი თქვა, გესმის? ოჯახის დანგრევას სულ შეძლებ, შენარჩუნებაა რთული!
კარი უსიტყვოდ გავიხურე და კიბე სწრაფი ნაბიჯით ჩავიარე. ბოლო სიტყვებმა დამაფიქრა. კარლიმ დამინახა თუ არა, მანქანის ძრავა აამუშავა. იქ მაქსიმი არ იყო. მეწყინა. კარლის გვერდით მამამისი - ანტონიო იჯდა.
- გამარჯობა.
გაგრძელება იქნება ორშაბათს
ავტორი ლეანდრა ჯერარდი
იხილეთ: სხვა ხედი. 15 თავი. ზღვარი