ძალიან უცნაური არსებები არიან ეს კაცები: სექსს მოსაფერებლად და სიყვარულის დამაგვირგვინებელ აქტადაც იყენებენ და ერთგვარ დამსჯელ ღონისძიებადაც.
განსაკუთრებით მძაფრად გამოხატავენ ამ განსხვავებას მაშინ, როცა გრძნობით გაბრუებულნი არიან, ანდა საპირისპიროდ - როცა იმედგაცრუებულნი, სასოწარკვეთილნი თავშესაფარს ეძებენ და მხოლოდ წუთიერი განტვირთვა უნდათ.
ძალიან მძიმე დასანახი უნდა იყოს მათი ცარიელი და მოყირჭებული გამომეტყველება ამ დროს...
რა თქმა უნდა, სხვადასხვაა მათი ამ განსხვავებული დამოკიდებულების გამოხატვის საშუალებებიც. თუ პირველ შემთხვევაში იბნევიან, სიტყვებს თავს ვერ უყრიან, ღელავენ და შეცდომებს უშვებენ, მეორე შემთხვევაში ენაწყლიანობენ, უზრდელობენ და არცთუ იშვიათად, უხეშობენ კიდეც.
სამწუხაროა, მაგრამ ზოგიერთ მამაკაცს რატომღაც ჰგონია, რომ მისი უხამსი ხუმრობები, შეძახილები და ხვნეშით შეზავებული ქათინაურები ქალებს მოგვწონს ან უკეთეს შემთხვევაში, მათ რაიმე მნიშვნელობას ვანიჭებთ.
შეძახილებს და დაჟინებულ მზერას კი "დააიგნორებ", მაგრამ უფრო რთულადაა საქმე, როცა ამ ტიპისა და დონის მამაკაცი შეტევაზე გადმოდის და ვერბალურ ნაწილს უკვე გამიზნული ქმედებაც ახლავს. ეს შეიძლება იყოს არასასურველი შეხება ან შეხების მცდელობა, რომელიც ქალისთვის ძალიან სტრესულია.
მახსენდება შემთხვევა: სამსახურიდან ვბრუნდებოდი. ჯერ კიდევ დღის სინათლე იყო და ქუჩაში ბევრი ხალხი მოძრაობდა. თვალის კუთხით დავინახე, ვიღაც უცნობი ახალგაზრდა მამაკაცი გამომყვა. ფეხს ავუჩქარე, მანაც აუჩქარა. შევჩერდი პრესის ჯიხურთან, ისიც შორიახლოს დადგა და მიყურებს. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ბოლოს გვერდით ისე ახლოს ამომიდგა, მისი სუნთქვა მესმოდა. დაიწყო ბანალური სცენა, შეზავებული გაცვეთილი ქათინაურებითა და ტრაფარეტული ფრაზებით. ჩემი მკაცრი გამოხედვისა და ცივი მოთხოვნის პასუხად, რომ გამცლოდა, უფრო და უფრო მიახლოვდებოდა. იქვე შუა ხნის ქალი მოდიოდა და მას მივვარდი: დეიდა, გეხვეწებით, მომეშველეთ, რამე უთხარით-მეთქი. - მე რა ვქნა, შვილო, როგორ უნდა გიშველო, შარს არ გადამკიდოო!
ამასობაში ჩვენ შორის დისტანცია ისე შემცირდა, შემეშინდა, არ შემხებოდა. და თურმე ტყუილად არა! უცბად, მაჯაში მწვდა და მაგრად მომიჭირა. მღელვარებისგან აღარ მახსოვს, ამ დროს რას მეუბნებოდა. ბედად, არც კი ვიცი, რა ქარმა გადმოაგდო, ჩვენ შორის ჩემი თანამშრომელი და კოლეგა გაჩნდა, რომელსაც რაფინირებულ, ინტელიგენტ ადამიანად ვიცნობდი და ვერც კი წარმომედგინა, ქუჩური ჩხუბი თუ იცოდა... მოკლედ, იმ საღამოს მან გადამარჩინა... მე სახტად დარჩენილი, გაოგნებული ვიდექი და ვუყურებდი, როგორ იწესრიგებდა ჩხუბის დროს დასვრილ ტანსაცმელს...
მსგავსი შემთხვევები მრავლად ხდებოდა იმ "ავადსახსენებელ და ბნელ 90-იანებში", როცა გოგონებს პირდაპირ ქუჩიდან "ასწევდნენ" ხოლმე, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, თანამედროვე და შედარებით განვითარებულმა საზოგადოებამ ეს პრობლემა ჯერ კიდევ ვერ გადალახა.
ქალაქის მოსახლეობის ბოლოდროინდელმა გამოკითხვებმა ცხადყო, რომ სექსუალური ხასიათის შევიწროება ყველაზე ხშირია საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ქუჩაში.
ჩასულხართ გვიან ღამით მეტროში? - ამ დროს იქ ბლომად ნახავთ შეზარხოშებულ ან მთვრალ მამაკაცებს, რომლებმაც უტიფარი მიშტერებებისა და შეძახილების შემდეგ შესაძლებელია, მეტიც მოინდომონ.
ამ დროს მაინცდამაინც ნუ გექნებათ ნურავის გამოსარჩლების იმედი - ამ ქვეყანაში ყველას საკუთარი ტყავი უჭირს. ამასთან, პატრულ-ოფიცრებიც დაძრულ შემადგენლობას არ აცილებენ.
ასე რომ, ძირითადად, თავად მოგიწევთ აგრესორის მოგერიება, რომელიც თქვენზე ნაკლები თავმოყვარე როდი აღმოჩნდება, თუ შეურაცხყოფას მიაყენებთ.
ძნელია იმის ზუსტი პროგნოზირება, საკანონმდებლო ბაზის შექმნა და შემდეგ ამ კანონის გამკაცრება საქმეს რამდენად წაადგება. შეიძლება წაადგეს კიდეც - ჩვენ ხომ საკუთარ უსაფრთხოებაზეც კი არ ვზრუნავთ მანამ, სანამ ამას კანონი არ დაგვავალდებულებს!
თუმცა, ჩემი აზრით, აქ კომპლექსური მიდგომაა საჭირო. პრობლემა ჩვენს დამახინჯებულ წარმოდგენებსა და აზროვნებაშია. ხშირად ჩვენ სწორად და გასაგებად არ გამოვხატავთ საკუთარ აზრებს და სურვილებს, რითაც დიდ დაბრკოლებას ვუქმნით არა მარტო გარშემომყოფებს, არამედ უნებურად ზიანს ვაყენებთ საკუთარ ცხოვრებასაც.
მაგალითად, ვიცნობდი ერთ ამერიკელ ბიჭს, რომელიც ძალიან დაღალა ქართველი გოგონების დევნამ, რადგან ვერაფრით მიხვდა, როდის იყო მათი "არა" ნამდვილი არა და როდის - "ჰო".
ერთ-ერთი გამოსავალი, ჩემი აზრით, აზრებისა და სურვილების ვითარების შესაბამისად, საღად გამოხატვასა და ერთმანეთის პატივისცემაშია.
უფრო გასაგებად რომ ვთქვა, სჯობს დედებმა და მამებმა, მასწავლებლებმა, უფროსმა მეგობრებმა, მედიამ... პატარაობიდანვე ჩაუნერგონ ბავშვებს:
რომ გრძნობების დაძალებას აზრი არ აქვს!
რომ ნებისმიერი ურთიერთობა ნებაყოფლობითია და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული!
რომ არ უნდა იცრუო: როცა ვინმესთან მხოლოდ სექსი გინდა და საქორწინო უღელში შებმას არ აპირებ, უნდა უთხრა ეს გასაგებად შესაბამის გარემოსა და ვითარებაში და მოთმინებით დაელოდო პასუხს!
რომ ტეხავს, უბრალოდ, ძალიან ტეხავს ქუჩაში, ტრანსპორტსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში მიახტე ადამიანს და გაცნობას სთხოვდე - ამისთვის უფრო შესაფერისი ადგილები და საშუალებები არსებობს!
რომ სამსახურში თანამდებობის ან სოციალური მდგომარეობის გამოყენება ვინმეს "შესაბმელად" ამორალური, სამარცხვინო და დასჯადი საქციელია!
რომ პატივი უნდა სცე სხვის აზრს, რაც უნდა მიუღებელი და გამაღიზიანებელი იყოს ის!
რომ უნდა გიყვარდეს საკუთარი თავი და დააფასო ის იმდენად, რომ არავის არაფერს აძალებდე, აიძულებდე, დასდევდე, ავიწროებდე და თრგუნავდე!
დაბოლოს, ყველაზე მთავარი, რომელიც ათასწლეულებმა გამოსცადა და ამაზე უკეთესი კაცობრიობამ ვერაფერი მოიფიქრა: ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რაც არ გინდა, რომ შენ გაგიკეთონ!
P.S. ბლოგის დაწერა ამ თემაზე ატეხილ აჟიოტაჟზე მეტად ერთი ცნობილი "ხაშლამა" კაცის უტიფარმა და ურცხვმა გამოხდომამ მაიძულა, რომელიც ჩემს კოლეგას პირდაპირ ეთერში უხამსად და ამაზრზენად "წაეფლირტავა". მისი ლექსიკით საუბარი გამიჭირდება, ამიტომ ერთი ცნობილი ქართული ფილმის პერსონაჟს მოვიშველიებ: "ეს რა ჭირი გვჭირს, ტო!"
ასევე წაიკითხეთ:
შოშიას ბლოგი: რატომ სჭირდებათ მამაკაცებს სასიყვარულო თავგადასავლები?!