ყოველი დღე თითქმის იდენტურია წინა, ან მომდევნო დღისა. თავიდან საყვარელ ადამიანთან ერთად ცხოვრება რომანტიკულ ფილმს გაგონებს:
ერთად ძილი, ერთმანეთისთვის მომზადებული საუზმე, ფილმების ერთად ყურება, ერთმანეთის მეგობრების გაცნობა, სექსი სამზარეულოში, სექსი საძინებელში, სექსი მისაღებ ოთახში, შეუზღუდავი დრო ერთად, ერთმანეთზე ზრუნვა და სითბო...
მერე, შიგადაშიგ ცდილობ მოსალოდნელი რეალობის შიში დაამარცხო და იმ იმედს ებღაუჭები, რომ შენ იქნები ის, ვის ცოლ-ქმრულ ცხოვრებაშიც ყველაფერი სხვაგვარად, უცვეთად და მკაფიოდ იქნება, სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ. ნელ-ნელა იმედი სუსტდება, უსუსური და დაუცველი ხდება და როცა საკუთარ თავს უსვამ შეკითხვას, როდის გარდაიქმნა შენი ცხოვრება არსებობად, ცდილობ გაიხსენო რა იყო მანამდე...
და იცით ყველაზე საშინელება რა არის? ვერაფერს იხსენებ, წარბებშეკრული სივრცეს მიშტერებიხარ და არც ისე შორეული წარსულიდან მოგონებები კადრებად ჩნდებიან შენს მეხსიერებაში და კვლავ ქრებიან. მხოლოდ რამდენიმე ნაწყვეტი, მხოლოდ რამდენიმე კადრი, იმის გახსენებაც კი გიჭირს რას გრძნობდი მაშინ. - ნუთუ ყველაფერი გაქრა?
პირველი კოცნა მიტივტივდება გონებაში... პაემნები ტბასთან... წვიმით დანამული ქუჩები ახალი წლის ღამეს, ქოლგით მოსეირნე წყვილი... არა, მინდა თავიდან გავიხსენო, ყველაფერი სულ თავიდან...
ორშაბათი დღე იყო, ერთი შეხედვით არაფრით განსხვავდებოდა სხვა ორშაბათისგან, უენერგიოდ მივიზლაზნებოდი სკოლის კიბეზე, მოსწავლეების ხმაური ექოსავით ჩამესმოდა ჯერ კიდევ ნახევრად მძინარეს, როცა წინ ვიღაც გადამეღობა. ნაბიჯი მარცხნივ გადავდგი, რომ თავიდან მომეშორებინა და გზა გამეგრძელებინა, მაგრამ უცნობი კვლავ ჩემს წინ აღმოჩნდა, ამჯერად უფრო ახლოს. ჩემს გაკვირვებულ მზერას მისი მწვანე თვალები გადაეყარა, კანი ხშირი პარსვისგან გაუხეშებული ჰქონდა, ცხვირზე მკრთალი ჭორფლი მზის სხივებით განათებულ შემოდგომის ფოთლებზე აბრჭყვიალებულ წვიმის წვეთებს მოგაგონებდათ...
ჯიუტი გამოხედვა ჰქონდა, გამაღიზიანებელი თავდაჯერებულობა, მის ყმაწვილურ ჟინში პროტესტი იგრძნობოდა. მის გაურკვეველ ქმედებას ალბათ შემთხვევითობათ ჩავთვლიდი ნაბიჯი ჩემი მიმართულებით რომ არ გადმოედგა. კიბეს ვიწრო საფეხურები ჰქონდა, ნაბიჯის უკან გადადგმა ვერ შევძელი და ერთმანეთს თვალი თვალში გავუყარეთ, გავქვავდი... ჩემზე მაღალი რომ არ ყოფილიყო, ცხვირებით უთუოდ ერთანეთს შევეხებოდით. გამომცდელად მიმზერდა, თითქოს ჩემს გამოწვევას ცდილობდა. ირგვლივ მოწაფეები და მასწავლებლები ერთმანეთში ირეოდნენ, ხმაურობდნენ. გვერდით მივიხედე, რომ გამეგო ეს არაადეკვატური ქმედება ვინმემ თუ შეამჩნია, მაგრამ არავინ მიყურებდა, თითქოს უჩინარი ვიყავი. კვლავ წინ გავიხედე და აღარავინ დამხვდა, ელვისუსწრაფესად მიეფარა თვალს. გზა განვაგრძე.
ოთხშაბათს უკვე დავიწყებული მქონდა უცნაური ინციდენტი, როცა სკოლის დერეფანში მიმავალი რაღაცამ ფიქრებიდან გამომარკვია. ეს რაღაც, ვიღაც აღმოჩნდა და ეს ვიღაც, კვლავ გზას მიღობავდა! - იდიოტი, თავი ვინ გონია? გაბრაზებულმა გადავწყვიტე სწრაფი ნაბიჯით გავცლოდი იქაურობას და ეს სულელი თვითკმაყოფილების სიმბოლო თავიდან მომეშორებია, მაგრამ გზიდან ვერ ჩამოვიშორე. ყველა გაკვეთილზე იყო, ვერავინ გვხედავდა და როგორც ჩანდა ამან გაათამამა. "რა უნდა ჩემგან?", -გავიფიქრე განრისხებულმა. ის იყო პირი გავაღე, არ ვიცი რის თქმას ვაპირებდი, ტუჩის მარცხენა კუთხე აპრიხა, თვალები დაუწვრილდა და კმაყოფილებით გამსჭვალულმა, როგორც იქნა გზა დამითმო.
ხუთშაბათს ლანჩზე შემომიერთდა. ჩემს გვერდით თავისუფალი ადგილი დაიკავა, რამდენიმე წამი იჯდა, მათვალიერებდა, ველოდი დიალოგს როდის წამოიწყებდა, მაგრამ ისევ უსიტყვოდ წავიდა.
პარასკევს როცა მომიახლოვდა და თვალებში ჩამხედა, როგორც ჩვეოდა, მივხვდი, რომ მის გამოხტომებს შევეჩვიე... მეტიც, ის მოსაწყენ ერთფეროვნებას ამხიარულებდა და უფრო საინტერესოს ხდიდა. ყოველ შეხვედრაზე სხვადასხვანაირად აღვიქვამდი მის სახეს, ბოლოს მომეჩვენა, რომ მასში იყო რაღაც მიმზიდველი, საინტერესო და უჩვეულო...
მომდევნო ორშაბათს სკოლისკენ უჩვეულო განწყობით მივემართებოდი. იქ მისულს უფროსკლასელი დერეფანში არ დამხვედრია, ვერც ლანჩის დროს მოვკარი თვალი. შესვენებაზე მის თანაკლასელებს დავედევნე შეუმჩნევლად და მათ საკლასო ოთახთან ახლოს დავდექი. ვითომ სხვათაშორის, ფანჯრის მიღმა ვიყურებოდი, ცალი თვალით კი მათ ოთახს ვათვალიერებდი. გაკვეთილები ისე დამთავრდა, ვერსად ვნახე, როგორც ჩანს, სკოლაში არ იყო. იქნებ ავადაა? ან სხვა სკოლაში გადავიდა?
სამშაბათს ლანჩის დროს დავინახე როგორ შემოვიდა კაფეტერიაში კლასელ გოგონასთან ერთად, რომელიც 1.60 სანტიმეტრი იქნებოდა სიმაღლეში. ხელი მხრებზე შემოეხვია და რაღაცაზე ელაპარაკებოდა. ჩემს მოპირდაპირე მაგიდასთან დასხდნენ. გოგონამ ლოყაზე აკოცა. არ მესიამოვნა. ბიჭმა ირგვლივ მიმოიხედა, თითქოს რაღაცას ეძებსო, მზერა ჩემზე შეაჩერა, თვალი თვალში გამიყარა და მომეჩვენა, თითქოს მეგობრულად გამიღიმა. რამდენიმე წუთი ასე მიყურებდა. თავიდან თანამოსაუბრე რაღაცაზე ისეთი გატაცებით ესაუბრებოდა, მისი გაშეშებული მზერა ვერ შეამჩნია, ბოლოს მიხვდა, რომ არავინ უსმენდა და იმ მიმართულებით გაიხედა საიდაც პარტნიორი იყურებოდა.
- მაქსიიი, საერთოდ მისმენდი? - შავთმიანი გოგოს ხმამ უცნაურად გაიჟღერა, მის ბოხ ხმას ამგვარი სინაზე სიყალბეს სძენდა.
-კი, გისმენდი.
- მერე, რას ფიქრობ, ცუდი აზრია? - გოგონას გრძელი ჩოლკა თვალებს უფარავდა და ქვემოდან იყურებოდა, წაგრძელებული ცხვირი თითქოს ჩოლკის შუა ნაწილიდან იწყებოდა და ისედაც შეუმჩნეველ ტუჩებს უჩრდილავდა. არც ისე დიდ მკერდზე ბიუსჰალტერი ძლიერ შემოეჭირა, დეკოლტის სიღრმისა და შავი კაბის სიგრძე მის სითმამეს უსვამდა ხაზს...
- მშვენიერია. - მოკლედ, უინტერესოდ უპასუხა, ისე, რომ ზედაც არ შეუხედავს.
- ჰოო? მაქსიმ, რას მიშტერებიხარ იმ ბავშვს? პედოფილი ხომ არ ხარ? - თავი ვეღარ შეიკავა გრძელცხვირამ.
"პედოფილიო? ამას თავი დიდი ვინმე ჰგონია", - გავიფიქრე შეშფოთებულმა. სამი წელი რა დიდი ასაკობრივი შუალედია? ბაბუაჩემი ბებიაჩემზე ათი წლით უფროსი იყო... თუმცა, ბაბუაჩემი და ბებიაჩემი აქ რა მოსატანი იყო?...
***
დეკებრის სუსხმა თითქოს განწყობაზეც იმოქმედა. საკლასო ოთახის ფანჯრიდან მოცეკვავე თოვლის ფანტელებს ვუყურებდი, პედაგოგების ხმა შორიდან ჩამესმოდა და სიტყვებს იშვიათად ვარჩევდი. ამის გამო ხშირად მსაყვედურობდნენ კიდეც, მაგრამ არაფერი მანაღვლებდა. ყოველთვის თან მსდევდა მაქსიმთან შეხვედრის მოლოდინი, საკმარისი იყო უბრალოდ ჰოლში დამენახა, თვალი მომეკრა მისთვის და გული ისე გამალებით მიძგერდა გარე სამყაროს ვწყდებოდი, ფეხქვეშ მიწა მეცლებოდა და ალეწილი ღაწვებით ღრუბლებისკენ მივფარფატებდი. როგორც კი ის თვალს მოეფარებოდა, ან რომელიმე მეგობარ გოგოსთან ერთად გამოჩნდებოდა, მწარედ დავენარცხებოდი ხოლმე მიწაზე და მტკიცედ გადავწყვეტდი, აღარასდროს მიმექცია ყურადღება ამ მექალთანე, თვითკმაყოფილი იდიოტისთვის, რომელიც გამუდმებით მიგზავნიდა გაურკვეველ სიგნალებს უცნაური გამოხედვებითა და ჟესტებით, თუმცა მიზეზი სამუდამოდ გაურკვეველი რჩებოდა რადგან რეალურად ინიციატივას არასდროს იჩენდა და მეტიც, ყოველ კვირაში ახალი შეყვარებული უმშვენებდა გვერდს.
სკოლის შენობა ფერადი ნათურებითა და თოვლის ანგელოზებით მოერთოთ საახალწლო განწყობის შესაქმნელად. პირველ სართულზე უზარმაზარ ნაძვის ხესთან გაღიმებული თოვლის ბაბუა დაედგათ, არასდროს მჯეროდა თოვლის ბაბუის არსებობის. გასაოცარია, ადამიანები წლების მანძილზე იყტყუებენ თავს და ატყუებენ საყვარელ ადამიანებს, რის შედეგადაც იმედგაცრუების მეტი არაფერი რჩებათ და მაინც იმეორებენ და იმეორებენ ამას ისევ და ისევ... საახალწლო კარნავალისთვის მზადებაში გართულ მოწაფეებს გაკვეთილები უყურადღებოდ რჩებოდათ, პედაგოგები კი ამის გამო წყენას არ მალავდნენ.
-კარნავალისთვის ნიღაბი შერჩეული გაქვს? - მკითხა თვალებანთებულმა ლიამ.
-არა, ნიღაბი აუცილებელია?
-კი, აბა რა? მთელი ხიბლი მაგაშია...
-მსგავსი არაფერი მაქვს, სად შემიძლია შევიძინო?
-მეც ვაპირებ ყიდვას დღეს და ერთად წავიდეთ.
-კარგი იქნება.
ლია გაცნობისთანავე დამიახლოვდა, სიახლეები ძალიან უყვარდა და შესაბამისად ახალი თანაკლასელის შეძენაც სასიამოვნო მოვლენად მიიჩნია. მალევე დავახლოვდით, თუმცა ხშირად მისი არ მესმოდა. საყიდლებზე წასულებს დიდი ენერგიის დახარჯვა მოგვიწია სასურველი ნიღბის ასარჩევად, ყველგან ერთნირი მოდელები იყო, ზედმეტი სიწითლე და სიყვითლე არც ისე ელეგანტურად მეჩვენებოდა. ბოლოს შავისა და ოქროსფერის კომბინაციამ მომხიბლა, კატის თვალებს ჰგავდა და ჩემს შავ კაბას იდეალურად შეეხამებოდა.
წვეულება სპორტის დარბაზში გაემართათ, ყველგან ფერადი ნათურები, ვარსკვლავები და კოქტეილები იყო. მოციმციმე შუქი რომანტიკულ განწყობას აღძრავდა თინეიჯერებში, თუმცა უალკოჰო კოქტეილების გამო დასალევად ქუჩის სამანქანო გზის მეორე მხარეს, კაფეში გადადიოდნენ და კვლავ უკან ბრუნდებოდნენ. შავი მოკლე კაბა მეცვა, გრძელი ხორბლისფერი გასწორებული თმა მხრებზე ჩამომშლოდა და თვალებს ნიღაბი მიფარავდა. ჩემკენ მომავალი ჯეკი დავინახე, ჯიმ ქერის ვარცხნილობასა და სასაცილო ტანსაცმელს მისი ქედმაღლური გამომეტყველება არანაირად არ ეხამებოდა.
- რა ლამაზად გამოიყურები?!
-აჰ, მადლობა, მაგრამ როგორ შეამჩნიე? სახეზე ნიღაბი მიკეთია. - ვუთხარი და ვცადე გამეღიმა. ეს ბიჭი მაღიზიანებდა, მაქსიმთან მეგობრობდა და ჩემდამი გრძნობებზე არავის უმალავდა, ასევე ახლო მეგობრობა აკავშირებდა მაქსიმის იმჟამინდელ შეყვარებულთან.
- შენს სილამაზეს ვერანაირი ნიღაბი ვერ დაფარავს. თმა ასე ძალიან გიხდება... - იშვიათია კაცი, რომელსაც შეუძლია ქალის იმიჯის უმნიშვნელო ცვლიილებაც კი შენიშნოს. ამაზრზენად შემათვალიერა. - ეს კაბაც, ძალიან მიმზიდველია.
- მადლობა - ცოტაც და გული ამერეოდა.
- ჰეი, ჯეკიიი! - ვიღაცამ ჯეკის დაუძახა, თუმცა ეს მიმართვაზე მეტად გაჯავრებას ჰგავდა. - თუ ჯიმი? ჯეკი ჯიმი? -გადაიხარხარა და მხარზე ხელი მოხვია. ეს მაქსიმი იყო, გული კვლავ გამალებით ამიძგერდა.
- მაქსიმ, არ გინდა შენს შეყვარებულს მიხედო და მე თავი გამანებო?
- ჩემს შეყვარებულს? - ირგვლივ მიმოიხედა, თითქოს ამოწმებდა მის გარდა ვინმე ხომ არ იდგა სხვა, ვისთვისაც შეიძლებოდა მსგავსი რამ ეკითხათ.
- ხო, შენს შეყვარებულს, ტეოს! - მომეჩვენა, რომ ჯეკი ჩემს რეაქციას უკვირდებოდა.
- ხომ გაგაფრთხილე, ასეთ ლამაზ გოგონებთან მსგავსი სისულელეები არ უნდა მითხრათქო! - უთხრა ისე, ვითომ არ უნდოდა მე გამეგონა, თუმცა მალევე გაეცინა და როგორც იქნა მივხვდი, რომ უბრალოდ ხუმრობდა. უცნაური იუმორი ჰქონია, დიდი ვერაფერი ხუმრობა იყო, მაგრამ მე კი სულელივით გამეცინა და აი, აქ გავყიდე თავი!
მაქსიმი უკნიდან მომიახლოვდა, სუნთქვა შემეკრა, მოურიდებლად დამსუნა თმაზე და თვალებდახუჭული გამეცალა.
-ეს ბიჭი იდიოტია? - ვკითხე ჯეკს, როცა მარტო დავრჩით.
-შენი თვალები და აწითლებული ლოყები სხვა რამეს ამბობენ.
-ვერ მიგიხვდი... - მარცხენა წარბი ავწიე და ვეცადე დამაჯერებელი ვყოფილიყავი.
-ასეთი ტიპია... - ჩაილაპარაკადა სცენას მიაშტერდა. ჩემი თანაკლასელი მოცეკვავე ბიჭი უფროს კლასელ გოგონასთან ერთად ჩაჩაჩას ცეკვავდა. მომენტით ვისარგებლე და ჯეკს ჩამოვშორდი. სპორტის დარბაზიდან გამოვედი, კიბეს ავუყევი და მეორე სართულზე საკლასო ოთახში შევედი. "რა ჯანდაბა მჭირს? როგორ შეიძლება ემოციები ვერ გავაკონტროლო? ასე არ შეიძლება!" - ვფიქრობდი საკუთარ თავზე განრისხებული, როცა ფეხის ხმა გავიგონე. კიბეზე ვიღაც ამოდიოდა, ფეხის ხმამ დერეფანში გადმოინაცვლა, იმ ოთახს მოუახლოვდა, რომელშიც მე ვიყავი, კიდევ უფრო მოუახლოვდა, მივხვდი რომ ერთზე მეტი ადამიანი იყო. გვერდით საკლასო კარის ხმა გავიგე და ნაბიჯების ხმა შეწყდა. საკლასო ოთახიდან ჩუმად, ფეხაკრეფით გამოვედი და მეორე კარის მიღმა კარზე ამოჭრილი მინის სარმელში შევიხედე. დავინახე ის, რისი დანახვაც ყველაზე მეტად არ მინდოდა! მახსოვს რა ვიგრძენი, თითქოს მუხლებში ძალა გამომაცალეს, სხეულში არასასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა, გული მომეკუმშა და სული შემეხუთა. მაქსიმი ვიღაც გოგოს ეხვეოდა და კოცნიდა, მაგრამ ეს არც ტეო იყო და არც ის გრძელცხვირა დერეფნებში კისერზე რომ ეკიდებოდა. ეს ანა იყო, მისი თანაკლასელი. ფეხი გადამიბრუნდა და კარს მივეჯახე, იმდენად ძლიერად არ მივწოლილვარ რომ გამეღო, მაგრამ ხმა გაიგონეს და ერთმანეთს მოწყდნენ, კარისკენ გამოიხედეს. ელვის სისწრაფით ვიცვალე მიმართულება და კიბეზე დავეშვი, სკოლის ეზოში გავვარდი, გადაწყვეტილი მქონდა სახლში წავსულიყავი, საწოლში დავწოლილიყავი და დიდხანს ძალიან ბევრი მეძინა. სკოლის ჭიშკართან მაიკი შემხვდა და შემაჩერა.
-რა გჭირს?
-არაფერი, მოვიწყინე და სახლში მივდივარ. - ეს რა წამოვაყრანტალე?!
-მოიწყინეე? ახლავე გაგართობ, წამომყევი. - მაიკი და მაქსიმი ჯგუფელები იყვნენ.
-არა, სახლში მირჩევნია, მართლა.
-რა დროს სახლია? ყველაფერი ახლა იწყება! ვერ დავუშვებ, ყველაზე ლამაზი გოგო წვეულებას ასე მალე გამოეთიშოს, წამომყევი დავლიოთ!
-იცი, მე არ ვსვამ! - ქუჩაში მიმავალმა მოტომ ჩემი ხმა გადაფარა.
-რაა?
-არაფერი, წავიდეთ.
სამანქანო გზა გადავკვეთეთ და კაფე-ბარში შევედით. ბარმენი 50 წლამდე ასაკის ქალი იყო, მაიკის დანახვა არ გაკვირვებია, მეტიც უსიტყვოდ მიუხვდა რის შეკვეთასაც აპირებდა, მხოლოდ თავის ოდნავი მოძრაობით ჩემზე ანიშნა, ესეც სვამსო? მაიკმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. პატარა ბარი იყო, მყუდრო, უბრალო და ღარიბული...
-ერთად გადაკარი, ისე რომ გემო არ გაუგო! - მომაწოდა ჭიქა. - ჩვენ გაგვიმარჯოს! - თქვა და არაყი გადაკრა, მოჭუტული თვალებით გამომხედა ქვემოდან და მანიშნა - შენი ჯერიაო. პირველმა ჭიქამ ყელი ჩამწვა და საშინელი გემო დამიტოვა, არც მეორე იყო განსხვავებული, მესამეზე უკვე მხოლოდ ოდნავი წვა ვიგრძენი საყლაპავში და მეოთხეც აღარ იყო რთული დასალევი. ფეხზე წამოვდექი თუ არა თავბრუ დამეხვა და კვლავ დავჯექი.
-დათვერი?
-არა, წონასწორობა ვერ დავიცავი.
მაიკმა ხელი გამომიწოდა, დავეყრდენი და ასე მასზე ხელჩაჭიდებული სკოლაში დავბრუნდი. მაქსიმისადმი ზიზღი ალკოჰოლმა გამიმძაფრა, თუმცა თავს ბევრად უფრო თამამად და თავისუფლად ვგრძნობდი. სპორტის დარბაზში შესვლისთანავე სიმსუბუქე ვიგრძენი და სხეული მუსიკის რიტმს ავაყოლე, 2-3 სიმღერაზე მაიკთან ერთად ვიცეკვე, მერე ალბათ მოწყინდა უმცროსკლასელთან ყოფნა და ისიც სადღაც გაუჩინარდა. მე ვიდექი და მარტო ვცეკვავდი, ხანდახან სხვებსაც ვეცეკვებოდი, ალბათ, არ მახსოვს, თვალებსაც იშვიათად ვახელდი.
-როგორ ხარ? - ჩამესმა ნაცნობი ხმა.
გაგრძელება იქნება ორშაბათს
ავტორი ლეანდრა ჯერარდი