ვერაფერი ვუპასუხე. დიდი რაოდენობით მიღებული ალკოჰოლის მიუხედავად, გამბედაობა არ მეყო ერთი შეხედვით არცთუ ისე რთული პასუხის წარმოსათქმელად.
- ვხედავ, ერთობი... - ჩაილაპარაკა მაქსიმმა. ხმამაღალი მუსიკის ფონზე ბგერების გარჩევა თითქმის შეუძლებელი იყო, ტუჩების მოძრაობით ვხვდებოდი, რას ამბობდა. ცეკვაში ამყვა. სხეულს მუსიკას აყოლებდა. რიტმის თავისებური შეგრძნება ჰქონდა, რაც მიმზიდველად მეჩვენებოდა, მაგრამ მოშორებით იდგა. ფხიზელ მდგომარეობაში არ ვიყავი, მაგრამ შევამჩნიე, რომ დისტანციური და ცოტათი დაძაბული იყო. "ნეტა ეს გოგონების "შებმის" თავისებური ტექნიკაა? ნუთუ ამ იდიოტს ჰგონია, რომ მეც იმ სულელებივით ჩამოვეკიდები კისერზე?!... ისე, ურიგო არ იქნებოდა..."
ვერ ვაცნობიერებდი, რომ 12 წლის ასაკში ორგანიზმისთვის ალკოჰოლს ზიანის მიყენება შეუძლია. უცნაურები ვართ ადამიანები. მთელი ბავშვობა ისე გადის, თავი დიდი ადამიანები გვგონია და როცა ვიზრდებით, ვერ ვაცნობიერებთ, რომ ბავშვები აღარ ვართ. თავბრუ დამეხვა, სახე დამიბუჟდა და მომეჩვენა, თითქოს ირგვლივ ყველაფერი ბრუნავდა.
მოულოდნელად უკნიდან ვიღაც მომეპარა, წელზე ხელი შემომხვია და ტუჩებით ჩემს ყურს მოუახლოვდა. ცხელი, ალკოჰოლისა და ნიკოტინის სუნით გაჟღენთილი ჰაერის ნაკადი ყურთან არასასიამოვნოდ მხვდებოდა. თვალები დავხუჭე და გავახილე. მაქსიმი ჩემ წინ იდგა. მაშინ ეს იდიოტი ვინღა იყო?!
- მადლობა უნდა გადამიხადო, რომ წასვლის უფლება არ მოგეცი. - მივხვდი, ეს მაიკი იყო. მხრები მაღლა ავზიდე და ხელებით ვეცადე მომეშორებინა, მაგრამ ძალა არ მეყო.
- ჰეი! - მაქსიმი მომიახლოვდა, მაიკი უხეში მოძრაობით ჩამომაშორა, მხარზე ხელი შემომხვია და დანსფლორიდან ჩემი გაყვანა დააპირა, მაგრამ მე მუხლებში ძალა გამომეცალა, თვალთ დამიბნელდა და გავითიშე.
გონს სკოლის ბუფეტში მოვედი. პირველი, რაც დავინახე, მაქსიმის შეშფოთებული სახე იყო. რამდენიმე მასწავლებელი და სკოლელი ჩემ მოსულიერებას ცდილობდა.
- კარგად ვარ, კარგად ვარ!
- წყალი დალიე! - გამომიწოდა ლიამ.
- ალკოჰოლი სკოლაში იმიტომ არ აგვიკრძალავს, რომ სხვაგან დაგელიათ და აქ გალეშილები მოსულიყავით! - თქვა მკაცრად გეოგრაფიის მასწავლებელმა.
- უბრალოდ, წნევა დამივარდა, ჰემოგლობინის ბრალი იქნება.
- დედაშენს დავურეკეთ უკვე, მალე მოგაკითხავენ და წაგიყვანენ. - მზერა მაქსიმისკენ გავაპარე, მაგრამ ის იქ აღარ იყო.
***
მეორე დღეს სკოლაში დამლაგებლები უგუნებოდ იყვნენ, ალბათ, დილით ბევრი საქმე დახვდათ და დაღლილობამ პროტესტის გრძნობა აღძრა მათში. ისტორიის საკლასო ოთახიდან გამოსულმა მაქსიმი დავინახე. სუნთქვა შემეკრა, როცა მივხვდი, რომ ჩემკენ მოდიოდა.
- როგორ გრძნობ თავს?
დავიბენი. სახე ამიხურდა. ალბათ, ლოყები ვაშლებივით ამიწითლდა. გვერდით მიმოვიხედე, ჯერ მარჯვნივ, მერე მარცხნივ.
- მე მელაპარაკები?
- წარმოუდგენელია, არა? - გაეცინა და გეფიცებით, თავბრუ ზუსტად ისე დამეხვა, როგორც წინა დღეს, სანამ გული წამივიდოდა. მისი ღიმილი არ იყო ჰოლივუდური, თეთრი კბილები კი ჰქონდა, მაგრამ მზის შუქზე არ ელვარებდნენ როგორც კბილის პასტის რეკლამებში ხდება ხოლმე. თავბრუს მისი მსუბუქად დაჭორფლილი, თხელი, მაგრამ ოდნავ კეხიანი ცხვირი მახვევდა... უცნაურია, არა? ალბათ, არც ისე რომანტიკულია, თუმცა კარგად რომ დავუფიქრდეთ, მივხვდებით, რომ ჭეშმარიტ სიყვარულში ბევრად ნაკლები რომანტიკაა, ვიდრე ჩვენ გვგონია.
- ჰო...არ ვიცი... არა... კარგად ვარ.
- მიხარია...
- მაქსიიმ, გაიგე გუშინდელ ტერაქტზე? - ღრუბლებიდან ვიღაც ხეპრემ ჩამომაგდო, როცა მაქსიმს ხელი მოხვია და ლაპარაკ-ლაპარაკით ჩამომაშორა. - დირლანიაში სავაჭრო ცენტრი აუფეთქებიათ, ხალხი დაიღუპა...
ცხოვრება მეტისმეტად ირონიულია, ჩემი დაცინვა კი ყოველთვის განსაკუთრებით მოსწონდა განგებას. გზა აღფრთოვანებულმა გავაგრძელე. მართალია, გავბრაზდი, რომ ჩვენს დიალოგს განვითარების საშუალება არ მისცეს, მაგრამ გულის სიღრმეში მადლიერიც ვიყავი, რადგან ცოტაც და, ალბათ, ბედნიერებისგან ავტირდებოდი.
საპირფარეშოში შევედი. მინდოდა, განვმარტოებულიყავი და დაგროვილი ემოცია გამომეხატა ღიმილით, ხტუნვით, კედელზე მუჭების რტყმით ან ნებისმიერი სხვა გზით. კარი ჩავკეტე და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე... ეს სასიამოვნო ნამდვილად არ აღმოჩნდა. ფანჯარა გამოვაღე და წამიერად, საკუთარ თავს სულ სხვა რაკურსით შევხედე. გაგიკვირდებათ და, ამ ხედმა იმაზე მეტი დისკომფორტი შემიქმნა, ვიდრე ტუალეტის სუნმა რამდენიმე წამის წინ.
მეცოდებოდნენ გოგონები, რომლებსაც ბიჭის დანახვაზე გული მისდიოდათ და სულელებივით ტიროდნენ, დეპრესიაში ვარდებოდნენ და გამოსიყვარულებულები დადიოდნენ. იმ მომენტში კი არაფრით განვსხვავდებოდი მათგან. ვგრძობდი, როგორ მიყვარდებოდა სკოლაში ყველაზე პოპულარული, მექალთანე, მოღალატე და ზედაპირული ბიჭი, რომელიც ტეოს შეყვარებული იყო, ტეოზე მიხუტებული დადიოდა სკოლის დერეფნებში, სულ ცოტა ხნის დაშორებული იყო ქეითთან და გუშინ ანას კოცნიდა... მიყვარდებოდა და თან გაგიჟებით, ჩვეულებრივ ფანატიკოსად ვიქცეოდი და ამ ტრანსფორმაციას ვერაფრით ვაჩერებდი. იმ მომენტში მეც იმ გოგონების თვალით დავინახე სამყარო და მივხვდი, რომ შიგნიდან ყოველთვის სხვა ხედია.
დიახ, როცა თავად აღმოჩნდები განსაკითხველი ობიექტის ადგილას, შენც ზუსტად ისე იქცევი, ანუ რეალურად არაფრით განსხვავდები სხვებისგან... მაგრამ კიდევ იყო რაღაც, რაც მოსვენებას არ მაძლევდა. მისი გამოხედვა, მისი თვალები იმდენად ღრმა და მგრძნობიარე მეჩვენებოდა, ეს იმიჯი ყალბად მეჩვენებოდა... ხედავთ? როგორ ვცდილობდი თავის გამართლებას და არაადეკვატური, საღ აზრს მოკლებული ქმედების მორალური ფილოსოფიებით გამართლებას? სინამდვილეში ყველაფერი უფრო მარტივად იყო, მორიგი სულელი ვიყავი.
ფანჯრიდან გადავიხედე. მაქსიმი ტეოსთან ერთად იდგა. გოგონა ხმამაღლა იცინოდა. იქვე იყო ჯეკიც თავისი გაუპარსავი ბაკენბარდებით. უცნაურ ასოციაციას იწვევდა ჩემში, ის ძალიან ჰგავდა ბაკენბარდებიან მაიმუნს. დიახ, მაიმუნს და თან ბაკენბარდებიანს.
გადაფურცლეთ{{ArticleSplitCont}}
***
დილით ადრე გაღვიძება არასდროს მიყვარდა, მაღვიძარა დილის შვიდის ნახევრიდან ყოველ ხუთ წუთში მაღვიძებდა. მსიამოვნებდა, როცა ვიაზრებდი, რომ შემეძლო რამდენიმე წუთი ისევ თბილად ვწოლილიყავი საწოლში. ნელ-ნელა ვეგუებოდი იმ აზრს, რომ სირთულე უნდა დამეძლია და კვლავ სამყაროს ნაწილი გავმხდარიყავი. მზის სხივები ჯერ კიდევ ვერ წვდებოდა პლანეტას სრულფასოვნად, როცა ავდექი, წინა დღეს შერჩეული ტანსაცმელი უხალისოდ ჩავიცვი, კბილები გავიხეხე, ყავა დავლიე და უხასიათობის მიუხედავად, ან სწორედ ცუდი განწყობის გამო, დიდხანს ვტრიალებდი სარკის წინ. მახსოვს, ერთხელ ერთმა ძალიან სასიამოვნო, განათლებულმა ადამიანმა მითხრა, რაც უფრო ლამაზად გამოიყურები, მით უფრო უგუნებოდ ხარ სინამდვილეში, იმ მომენტშიო. გაგიკვირდათ? არადა, თითქოს ბედნიერება ალამაზებს ადამიანსო... საქმე იმაშია, რომ როცა თავს ლაღად გრძნობთ ,ზედმეტი ჩარევები საჭირო არაა, ასეთ დროს დაუდევრად აწეული თმითა და ყველაზე უბრალო ჯინსითაც მიმზიდველი შეიძლება იყო. რაც უფრო დეპრესიული დღე გაქვს და შესაბამისად, უღიმღამოდ, უშნოდ გამოიყურები, ცდილობ, გული ჩაცმულობაზე ზრუნვას გადააყოლო და თან ამით კაეშანი სათანადოდ შენიღბო. სკოლაში, როგორც ყოველთვის, დავიგვიანე, თუმცა ამის გამო საყვედური არ მიმიღია, რადგან ჩემი არაპუნქტუალურობის შესახებ უკვე ყველამ კარგად იცოდა.
საკლასო ოთახში შევედი, თანაკლასელები შევათვალიერე. გულწრფელად გამიკვირდა, ამ დილაადრიან ასეთი ენერგიულები როგორ შეუძლიათ იყვნენ-მეთქი. ბიჭები ცქმუტავდნენ, ადგილს ვერ პოულობდნენ, ხუმრობდნენ და წინა დღეს ერთ-ერთ არხზე ნანახ სპორტულ შეჯიბრზე დავობდნენ. ლია იღიმოდა, გრძელ წამწამებს ხშირ-ხშირად ახამხამებდა და მალ-მალე ცვლიდა დაკვირვების ობიექტს... დაკვირვებას ვერც დავარქმევდი, ზედაპირულად უყურებდა, ათვალიერებდა ფიგურებს, თუმცა ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, კომედიური ჟანრის ფილმის ყურების დროს რომ იღებს ხოლმე მაყურებელი. მის უკან ისხდნენ სესი და სისი. უცნაურად ჟღერს? სინამდვილეში სამივე მათგანს სესილია ერქვა. ჩვენთან ასე ხდება, ერთი ასაკის ადამიანების ორმოცდაათ პროცენტზე მეტს ერთნაირი სახელები ჰქვია, რადგან როცა ისინი მოევლინნენ სამყაროს, ესა თუ ის კონკრეტული სახელი იყო მაშინ მოდური.
სხვადასხვანაირი შემოკლებული ფორმა თავად შევარჩიეთ, რომ ურთიერთობა გაგვმარტივებოდა. სისის გრძელი, უფსკრულივით შავი თმა და ბამბასავით თეთრი კანი ჰქონდა. გულჩათხრობილი და სევდიანი მოზარდი იყო. ღრმა, გამჭრიახი მზერა ჰქონდა. მამამ 3 წლის წინ მიატოვა, ის და მისი უმცროსი და. ვინ იცის, შეიძლება თავად იყო მსხვერპლი, ფაქტი ერთია - დირლანიაში წავიდა სამუშაოდ და აღარ დაბრუნდა. კავშირიც გაწყდა... ინტერპოლის ძებნილად გამოაცხადეს, დიდხანს ცდილობდნენ მის კვალს დადევნებოდნენ, მაგრამ უშედეგოდ, თითქოს მიწამ ჩაყლაპაო. სისის, სახეზე აღბეჭდილი ნაღველის მიუხედავად, სიმშვიდის ფერი ჰქონდა.
სესის დიდი ხუჭუჭა თმა, მსხვილი ტუჩები, ძალიან თხელი ცხვირი, მაღალი ყვრიმალები, მოგრძო სახე და გამაღიზიანებელი ხმის ტემბრი ჰქონდა. არავისთან კონტაქტობდა. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს თავი სხვებზე უკეთესი ეგონა, არადა, არც გემოვნებიანი ჩაცმულობით გამოირჩეოდა, იმის მიუხედავად, რომ ბრენდებსა და ფასებზე ხაზის გასმა ძალიან უყვარდა. გამიკვირდა, სისის გვერდით რომ დავინახე, რადგან სესი თავის დეიდაშვილს არასდროს შორდებოდა გვერდიდან. ჩავთვალე, რომ ეს პედაგოგის მოთხოვნა იყო. მის დეიდაშვილს, ნუნას დავარცხნილი თმა უკან დაბალზე შეეკრა და კუდი მარცხენა მხრიდან წინ გადმოეგდო. თავი ოდნავ მარჯვნივ გადაეხარა და დადუმებულიყო...
ლეგენდის თანახმად, მეტყველების უნარი ჰქონდა, მაგრამ მისი ხმა არავის სმენოდა, ის არასდროს იღიმოდა. ხმა დადიოდა, ნაადრევად დაობლების გადატანა გაუჭირდა და საკუთარ თავში ამიტომ ჩაიკეტაო, მაგრამ რატომღაც მეგონა, რომ უბრალოდ, არავინ მოსწონდა. ნუნა ლივის გვერდით იჯდა. ლივს ძვალმსხვილ, აქტიურ და ამავდროულად, მორიდებულ გოგონად აღვიქვამდი. თავისებური შარმი ჰქონდა, ალერსიანი ლაპარაკის მანერა და აუხსნელი ქარიზმა, ბიჭური სტილისა და სიარულის მიუხედავად. უსამართლობას ვერასდროს ეგუებოდა და მოჩვენებითი მორიდებულობა მაშინვე მირაჟივით უჩინარდებოდა, როდესაც მისი თანდასწრებით ვინმეს ჩაგრავდნენ. ძაღლები ძალიან უყვარდა.
მშვიდად მივედი ბოლო მერხთან და ჩემს ადგილზე დავჯექი.
- სესილია, ვხედავ, დაგვიანება შენ ცხოვრების წესად იქცა. - თქვა მაღლა აზიდული წარბებითა და ირონიული ღიმილნარევი ხმით ჯგუფის დამრიგებელმა.
- ბოდიშს გიხდით. - მოკლედ ვუპასუხე, თავის მართლებას აზრი არ ჰქონდა.
- ხომ არ აჯობებს, უფროსკლასელ ბიჭებზე ცქერის ნაცვლად, სწავლაზე იზრუნო? - უხერხულად შევიშმუშნე. ხმამაღლა საუბრობდა. ის ოთახის თავში იყო, მე - ბოლოში. აქა-იქ მოგუდული ჩაცინება გაისმა. ქალმა მოსწავლეებს გადახედა, ნიშნის მოგებით გაიღიმა და განაგრძო. - დიახ, დიახ... ყველაფერს ვხედავ, ყველაფერს ვიგებ! ბიჭებს რომ დასდევთ კუდში ზოგ-ზოგიერთები და ეპრანჭებით! - ვიგრძენი, ბრაზისგან სიმხურვალემ ვულკანივით როგორ ამოხეთქა ყელიდან და მთელ სახეს მოედო. - ლამაზი ხარ, გენაცვალე, ლამაზი! არ გჭირდება სარკესთან საათობით ტრიალი, ეგ დრო ინტელექტუალურ განვითარებას დაუთმე და მიხვდები მაინც, ვისთან გაქვს შანსები და ვისთან არა. - ყველამ გადაიხარხარა.
იცით, ახლა მეცინება, მაგრამ მაშინ 12 წლის გოგოს სუსტ ფსიქიკასა და სენსიტიურ ბუნებას ეს ტრაგედიად მოეჩვენა. სირცხვილისგან ცოტაც და ფენიქსივით ჯერ აფეთქდებოდა, მერე დაიფერფლებოდა და ბოლოს აორთქლდებოდა. ყოველი შემთხვევისთვის, ასე ეგონა იმ მომენტში. ყელში ბურთი გაეჩხირა და თვალები ცრემლებით აევსო. საბედნიეროდ, ზარი დაირეკა, ფეხზე ელვის სისწრაფით წამოვვარდი და იქაურობას გავეცალე...
გაგრძელება იქნება ორშაბათს
ავტორი ლეანდრა ჯერარდი
იხილეთ: სხვა ხედი. 18 თავი. დასაწყისი