ჯერ მარტოობის გრძნობა ჩნდება, შემდეგ ამ გრძნობის მოკვლის სურვილი, მერე მიზიდულობა ნაცნობი ან უცნობი ობიექტის მიმართ და ბოლოს მოდის სიყვარული.
შეიძლება თუ არა ორჯერ ან მეტჯერ შეყვარება? ეს არასდროს გამომიცდია, მიყვარდა ერთხელ, მთელი გულით და ვერაფერს ვიტყვი მეორე, მესამე სიყვარულზე... მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ის სუნთქავს, იკვებება, იზრდება, ბერდება, ავად ხდება და ხანდახან ქრება, ისე, როგორც ცოცხალი არსებები ქრებიან ამ ქვეყნიდან. ერთ წამში არსებობენ და მოულოდნელად აღარ არიან... კვდებიან ან გარდაიცვლებიან...
ხშირად სიყვარულზე მცდარი წარმოდგენების გამო იმედგაცრუება გვეუფლება. არსებობს ისეთი კომიკური სიტუაციებიც, როცა ერთი მეორეს სიყვარულს უმტკიცებს, ის კი პასუხობს, არ გიყვარვარო. ასე ალბათ, იმიტომ ხდება, რომ ყველა თავისებურად შეიგრძნობს და გამოხატავს ამ ემოციას, განწყობას, განცდას... რაც გინდათ დაარქვით, ფაქტი ერთია: ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე უსიყვარულობა ისევე, როგორც სიყვარული, ყველა ადამიანს ტანჯავს. ეს უსასრულო ციკლივითაა, გიყვარს და მონატრება გიღრღნის გულს, არ გიყვარს - თავს არარაობად გრძნობ. დაავადებათა ნუმერაციებს შორის, კერძოდ, მიჯაჭვულობების კატეგორიაში ვხვდებით პათოლოგიას, კოდით - F63.9. ეს კოდი მინიჭებული აქვს სიყვარულს, როგორც ტაქიკარდიის, არტერიული ჰიპერტენზიის, არითმიის, მიჯაჭვულობის, აკვიატებული ფიქრების, აშლილობის, თავის ტკივილების, ხასიათის ხშირი ცვალებადობის, იმპულსური ქცევის, საკუთარი თავის შეცოდების, უძილობის, ინსომიისა და ალერგიული რეაქციების გამომწვევ დაავადებას. როგორ მოვიქცეთ, როცა დავინფიცირდებით? უნდა განვიკურნოთ თუ არა სიყვარულისგან? რატომ არ ეძებენ მეცნიერები ამ დაავადებისგან განსაკურნებელ გზებს? იქნებ იმიტომ, რომ ეს ბედნიერებას ანიჭებთ? ანუ ორგანიზმში F63.9 დიდი რაოდენობით ენდორფინების გამომუშავებას იწვევს? როგორც უნდა იყოს, მე შემიყვარდა და მომეწონა ეს. მაბედნიერებდა და სწორედაც რომ "აღმამაღლებდა" ეს განცდა. ეს იყო ყველაზე ღვთაებრივი და შთამბეჭდავი მდგომარეობა.
- რა ლამაზი ცაა...
- ხვალ მზიანი დღე იქნება.
- პატარა სინოპტიკოსო, ცაში აიხედე - მითხრა ისე, ვარსკვლავებით მოჭედილი ცისთვის თვალი არ მოუწყვეტია. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს სამყაროს შემომქმედს მთელი გალაქტიკა ჩემთვის მოებარებინა, კალთაში ჩაეყარა და ბედის ანაბარა მივეტოვებინე. ვერ ვბედავდი ჩემს კალთაში ჩასვენებული მისი განაბული სახისთვის თვალის მოწყვეტას, დამფრთხალი ხარბად ვუცქერდი ზურმუხტისფრად მოელვარე თვალებზე და თმაზე ვეფერებოდი. ერთი დიდი სანახაობა იყო, როგორ ურხევდა ჩემი სუნთქვა გრძელ, ხშირ წამწამებს და მეც ვტკბებოდი ჩემი ზღაპრული ხედით.
- ნახე, ხედავ, დასავლეთით როგორ კაშკაშებს ის ვარსკვლავი?
- ყველა ვარსკვლავი ერთნაირად კაშკაშებს - ჩავილაპარაკე და უღიმღამოდ ავიხედე მაღლა.
- არა, აი, იქ - თქვა და თითი მაღლა გაიშვირა. ამჯერად მეც შევნიშნე ოდნავ, სულ ოდნავ უფრო მკვეთრი და ნათელი ვარსკვლავი.
- ვხედავ.
- ეგ ვარსკვლავი შენ ხარ.
სახე გამებადრა, მომეჩვენა თითქოს მართლა გავბრწყინდი და არემარეს ნათელი მოეფინა. ვიგრძენი, ღაწვები როგორ შემიფერადდა, სუნთქვა შემეკრა, ჩემმა სხეულმა წონა დაკარგა, თითქოს ნიავმა ამიტაცა და ჰაერში ავლივლივდი, პულსი ნელ-ნელა მატულობდა...
ტაქიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, არითმია...
გადაფურცლეთ{{ArticleSplitCont}}
***
სასწავლებლად ფლორენცვილში გადავიდა. მას შემდეგ, რაც მას დერეფნებში აღარ ვხედავდი, სკოლა დაცარიელებული მეჩვენებოდა.
პარასკევს ბუფეტში ვიჯექი სისისთან, სესისთან და სესის დეიდაშვილთან ერთად (დიახ, არ მოგესმათ, ნუნა ყველასთვის სესის დეიდაშვილად დარჩა, მას შემდეგ, რაც "ბუძგის" ყველა დავუმეგობრდით, ეს ზედმეტსახელი მოფერებით მიმართვად იქცა, ნუნას კი მუდოს მხოლოდ იმიტომ აღარ ვეძახდით, რომ ჩვენი მეგობრის ოჯახის წევრი იყო), როცა აღელვებული ლივი შემოვიდა და ჩვენკენ გამოეშურა.
- ჩვენ გაყოფას აპირებენ! უნდა დაგვაშორონ!
- დამშვიდდი, ვერაფერი გავიგე, რას ნიშნავს, უნდა დაგვაშორონ? - დაიბნა სესი.
- ნატაშასა და დირექტორის ლაპარაკი გავიგონე, - ნატაშა კლასის დამრიგებელი იყო, ირონიული და აგრესიული ქალი, რომელიც მშობლებს ხშირად ეუბნებოდა, მეგობრები შეურჩიე, ცუდი გავლენის ქვეშ ექცევაო. მახსოვს, დედაჩემს უთხრა, სისისთან და ლიასთან ნუ ამეგობრებ, არ არიან კარგი გოგონებიო, მოგვიანებით კი გავიგე, იგივე უთქვამს სესის დედისთვის ჩემზე, სისისა და ლივზე. - ნატაშა ეუბნებოდა, კლასის გაყოფას ითხოვენ მშობლები, 20 ბავშვი მეტისმეტიაო. გოგონები აუცილებლად უნდა დავაშოროთ ერთმანეთს, სწავლაში ხელს უშლიან და ერთმანეთს ყვებიანო. შემიძლია დავიფიცო, ეს ნატაშას ოინებია! მშობლები არაფერ შუაშია!
- რის მიღწევას ცდილობს?
- არ მესმის, ასე როგორ შეიძლება?
- დირექტორმა რა უპასუხა? - ჩავერიე მეც.
- ვეღარ გავიგონე, მაგრამ მისი გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, წინააღმდეგი ნამდვილად არ იყო.
- მახსოვს, წინა წელს გვსაყვედურობდნენ, დაჯგუფებულები რატომ ხართ, ყველა ერთმანეთს დაუმეგობრდითო და ახლა, როცა დავმეგობრდით, რას ითხოვენ ჩვენგან? - მოიღუშა სესი.
ამ ამბავმა ყველა შეგვაშფოთა, თავს უძლურად ვგრძნობდით. ოჯახური პრობლემებითა და ჰორმონალური, ფსიქოლოგიური გარდატეხებით გადაღლილები ერთმანეთს ხსნად ვევლინებოდით, ეს სიახლე კი მოზარდების ქაოსურ სამყაროში ერთადერთ ნათელ სხივს გვიჩრდილავდა. უფროსები ამბობენ ხოლმე, ნეტა თქვენ რა გადარდებთ, თქვენი პრობლემები მომცაო. რატომღაც ასაკის მატებასთან ერთად მოგონებები გონებიდან ეშლებათ და ისე იქცევიან, თითქოს ზრდასრულები მოევლინენ ქვეყანას. ადამიანებს უჭირთ იმის გააზრება, რომ ცხოვრების ყველა ეტაპზე დაბრკოლებების სირთულე შესაძლებლობების მიხედვით იზომება. არავის ახსოვს, რომ ოდესღაც სიარულიც კი გვიჭირდა. გარდატეხის ფაზაში კი, ბავშვი წყდება თბილ, ოჯახურ გარემოს და ჯერ კიდევ მათზე დამოკიდებული, დამოუკიდებლად არსებობას სწავლობს.
ზარი დაირეკა და კიბე უხმოდ ავიარეთ. ნატაშა მასწავლებლის მაგიდასთან იჯდა, სახეზე ღიმილი დასთამაშებდა, კმაყოფილებას ვერ ფარავდა.
- მობრძანდით?
- გამარჯობა. - ვუპასუხე ცივად და ბოლო მერხთან დავჯექი. ეს ადგილი თავად დამიკანონა.
- თათბირიდან მოვდივარ, თქვენთვის ახალი, მაგრამ დიდი ხნის ნანატრი ამბავი მაქვს, - შესავალი გამაღიზიანებელი იყო. - ჯგუფი იყოფა, სამი ჯგუფი შეიქმნება, თითოეულში დაახლოებით 12-15 ბავშვი იქნება.
უკმაყოფილო შეძახილები გაისმა.
- რა, რამე არ მოგწონთ?
არავინ უპასუხა.
- კოსტია, მიპასუხე, რით ხარ უკმაყოფილო? - კოსტია წარჩინებული და მეგობრული მოსწავლე იყო.
- არაფრით, პატივცემულო.
- მიდი, მიდი, მითხარი - გაიცინა ნატაშამ.
- ვისთვის არის ეს სიახლე დიდი ხნის ნანატრი? თუ, როგორც თქვით...
- ოჰ, ენა როგორ დაგიგრძელებია... - დაისისინა და მარჯვნივ, სივრცეს გახედა, თითქოს ვინმე დაიმოწმა.
- მოკლედ, პრეტენზიები რომ არ იქნეს, ორშაბათს დავწერთ ტესტს, შედეგების მიხედვით გადაგანაწილებთ.
- რაოო?
- ასე მოულოდნელად?
- რომელ საგანში?
- ყველაფერში! შერეულად! ნიშნები არ დაიწერება, ნუ ღელავთ, მხოლოდ გაგყოფთ შედეგების მიხედვით.
- ანუ ჯგუფებს დონეების მიხედვით გაყოფთ? - ვიკითხე მოკრძალებულად.
- შეიძლება ითქვას...
- როგორ გგონიათ, კერძო სკოლის მოსწავლეებს შორის არის ვინმე ისეთი, ვისაც უნდა "დაბალი დონის" ჯგუფში გადაჯდეს?
- სწორედ ამიტომ გაიყოფით არა სურვილის, არამედ შედეგების მიხედვით! თემა დახურულია!
ყველას ეწყინა, მაგრამ გაპროტესტება ვერავინ გაბედა. მოგვიანებით, გაკვეთილების შემდეგ სკოლის ეზოში შევიკრიბეთ მე, სისი, სესი, ლივი და ნუნა.
- რაღაც უნდა გავაკეთოთ! - თქვა ლივმა!
- გავაპროტესტოთ! - წამოვჭერი იდეა.
- არა, ვერავინ გაბედავს და არავინ აგვყვება... - შენიშნა სესიმ.
- ერთად დავჯდეთ და ერთნაირად დავწეროთ! - თავისი ნათქვამის თავადაც არ სჯეროდა სისის.
ნუნა დუმდა. როგორც ყოველთვის, თავი ისე ეჭირა, თითქოს ჩვენთან არ იყო.
- გამორიცხულია, არ დაგვსვამენ ერთად! გგონია, ასე მარტივად დათმობენ? - ვთქვი წარბებშეკრულმა.
- რაღაც გამოსავალი ხომ უნდა არსებობდეს?! - ცოტაც და სესი ტირილს დაიწყებდა.
- როგორმე უნდა გავიგოთ, რა საკითხებზე გვაწერინებენ...
- შეუძლებელია, ყველა საგნიდან იქნება რამდენიმე კითხვაო, - ნელ-ნელა უფრო და უფრო ვღიზიანდებოდი ჩვენი უსუსურობით. - იქნებ მშობლებს დაველაპარაკოთ?
-არავინ გარისკავს, მაგათ იმედზე ვერ ვიქნებით! იცით, რა ვიფიქრე?
ყველამ ლივს მივაპყარით მზერა და სმენად ვიქეცით.
- ნატაშასა და დირექტორის დიალოგში ყური მოვკარი, ტესტები შემომიტანეო, დირექტორი ამბობდა... მოგვიანებით გავაანალიზე, რომ შესაძლოა ამ ტესტებზე იყოს ლაპარაკი. გადავხედავ და სამასწავლებლოში გამოვატან მდივანსო.
- ეგ როგორ, ტესტები მოვიპაროთ? - გაოცება ვერ დაფარა სისიმ.
- მხოლოდ ერთი ეგზემპლარი... თუ შევძლებთ, უკან დავაბრუნოთ.
- გენიალურია!!!! - აღტაცება ვერ დავფარე. იმავეს ვერ ვიტყოდი სესისა და ნუნაზე.
- ხვალ მოვიდეთ. შაბათს სკოლაში არავინ იქნება, დაცვისა და რამდენიმე რეპეტიტორის გარდა.
- რომ დაგვიჭირონ? - დაიჩურჩულა სესიმ.
- ვუთხრათ, რომ დედაჩემს დარჩა სამასწავლებლოში... საქაღალდე! - დედაჩემი პატარებს ასწავლიდა ჩვენს სკოლაში.
- დედაშენის ყურამდე რომ მივიდეს?
- დამსჯის ან წამეჩხუბება, მაგრამ ღირს გარისკვად!
- იცით, რაა? რაც უნდა გადაწყვიტოთ, მე თქვენ გვერდით ვარ! - ძალა მოიკრიბა სესიმ.
- შენ რას იტყვი, ნუნა? - ნუნას მიუბრუნდა სისი.
გადაფურცლეთ{{ArticleSplitCont}}
გაუბედავად მოგვავლო თვალი ყველას, მერე მორიდებულად გაიღიმა და თავი დაგვიქნია. ვეცადეთ, ადეკვატურ ქმედებად მიგვეღო და დავიშალეთ.
მთელი ღამე ერთიმეორეს ვურეკავდით, ვგეგმავდით, როგორ გაგვეძარცვა სამასწავლებლო. ხან დანაშაულის გრძნობა და შიში გვეუფლებოდა, ხანაც საკუთარი სიმამაცით აღტაცებულები ვტკბებოდით მოზღვავებული ადრენალინით.
გათენდა. სკოლაში შესაკრებად ორშაბათისთვის განვლილი მასალის გადამეორება მოვიმიზეზეთ. სამასწავლებლო მეორე სართულზე იყო, კიბიდან მარჯვნივ, ბიბლიოთეკის გვერდით. დაცვის ოთახი პირველ სართულზე, მაგრამ მეორე სართულზე იყო ასევე მანდატურის, გრეგის კაბინეტი. გრეგი სამჯერ იყო ცოლს დანაშორები, ორჯერ ციხეში იჯდა და ერთი ვაჟი ჰყავდა, რომელიც ძალიან ჰგავდა მას წითელი ლოყებითა და ჯიუტი გამოხედვით. მას დალევა უყვარდა და ხშირად ფლირტაობდა მასწავლებლებთან და მაღალი კლასის მოსწავლეებთან. თუ რომელიმე ჩვენგანს ფორმა არ გვეცვა, მოდიოდა და მაისურზე საყვედურით გვჩქმეტდა. თავიდან გვეგონა, მკერდზე უხერხული შეხება შემთხვევითობა ან ჩვენი წარმოსახვის ნაყოფი იყო, მაგრამ როცა ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილება, მივხვდით, რომ ეს კაცი პათოლოგი იყო. ერთადერთი, რაც დღემდე ვერ გაგვიგია, ისაა, რით დაიმსახურა ამხელა ნდობა, ამ თანამდებობაზე რომ იყო.
სკოლაში შესულებს გრეგი მხიარულად მოგვესალმა, პირველ სართულზე იყო, დაცვას ებაასებოდა კართან. ვუთხარით, რომ სკოლაში სამეცადინოდ მოვედით და გეგმის მიხედვით გავნაწილდით: ნუნა პირველ სართულზე დარჩა, კიბესთან ჩამოჯდა და ტელეფონი მოიმარჯვა. მეორე სართულის კიბეზე სესი დადგა. ის დეიდაშვილს ვერ ხედავდა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ნუნა ტელეფონით ანიშნებდა საფრთხის მოახლოებას. ლივი ბიბლიოთეკასთან დადგა გადაშლილი წიგნით ხელში, მე და სისი კი სამასწავლებლოში შევიჭერით.
- აქ ყველგან ტესტებია!
- ჯანდაბა!
მაგიდაზე უამრავი ფურცელი იყო. სისი კართან დადგა, მე კი ფურცლების დასტას გადავხედე და მალევე მივხვდი, რომ იქ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არაფერი იყო.
- ხომ არაფერია? - ვკითხე შეშინებულმა. სისიმ გარეთ გაიხედა და ხელით მანიშნა, გააგრძელეო. გული გამალებით მიცემდა, მოსალოდნელი საფრთხის ან წარუმატებლობის შიში გონებას მიბინდავდა, ხელები გამიოფლიანდა.
- შენთან?
- არ ვიცი, აქ იმდენი რამეა...
- უჯრები ნახე, კლასების მიხედვითაა დანომრილი! - მითხრა ჩუმად და გარეთ გაიხედა.
მისი რჩევა გავითვალისწინე. ყველა უჯრას ეწერა, რომელი სადამრიგებლოს მასალა იყო შიგნით. ჩვენი კლასის უჯრის დანახვაზე სიხარულისგან შევხტი, მაგრამ დაკეტილი აღმოჩნდა. ის იყო, კართან დაკიდებული გასაღებებისკენ გავეშურე, სისიმ მანიშნა, ვიღაც მოდისო და შეშინებულები მაგიდის ქვეშ შევძვერით.
ჯერ ფეხის ხმა გავიგეთ, მერე ღიღინი,.ეს გრეგი იყო! ერთმანეთს შეშინებულებმა გადავხედეთ. გავიგონეთ, როგორ შეაღო ბიბლიოთეკის კარი.
- აქ რა ხდება? - იკითხა მკაცრად.
- ვმეცადინეობთ, - სხარტად მიუგო სესიმ.
- ლივო, ლივო, ლივლივინოო! - კვლავ გახალისდა და წაიღიღინა.
სიცილი ძლივს შევიკავეთ მე და სისიმ.
- თქვენ ალბათ გაიგეთ, ჩვენ გაყოფას რომ აპირებენ! - ლივი ლაპარაკის წამოწყებას ცდილობდა.
- ჰოო, ძალიანაც კარგი!
მაგიდიდან გამოვძვერით, საჭირო გასაღები მოვძებნეთ, უჯრას აკანკალებული ხელით მოვარგეთ.
- კარგით რა, თქვენც გაგიხარდათ? ასე როგორ შეიძლება, - აქტიურობდა სესიც.
გასაღები ჩუმად გადავატრიალეთ.
- არა, ჩემო სესილია, ასე აჯობებს თქვენთვის, აღარ იცელქებთ და იმაიმუნებთ!
- რას გვკადრებთ?
უჯრა გავაღეთ და ბევრი ძებნა არ დაგვჭირვებია, შერეული ტესტის ერთი ეგზემპლარი ამოვაცურეთ.
- თქვე მაიმუნებო, ნუ მაცდენთ, წავედი! - გადაიხარხარა გრეგმა.
- სად მიდიხართ? - რთული გამოსაცნობი არ იყო, რომ გზა ლივმა გადაუღობა.
- ოთახებს ვამოწმებ, უნდა ჩავკეტო, რომლებიც არაა საჭირო.
ფურცელი ოთხად დავკეცე და ბიუსტჰალტერში ჩავმალე.
- კარგი, მაგრამ რაღაც საქმე მქონდა თქვენთან...
- აბა, გისმენ.
კარს მივუახლოვდით ძალიან ნელა, ფრთხილად გავაღეთ...
- მაგრამ ჩვენ შორის უნდა დარჩეს!
- ხომ იცი, მე თქვენი მესაიდუმლე ვარ.
თვალწინ წარმომიდგა სესისა და ლივის სახე ამის მოსმენისას. სახეზე ხელები ავიფარე და ჩუმად გავიცინე.
- მაგიტომაც გეუბნებით თქვენ...
სამასწავლებლოდან გამოვიპარეთ და კარი ჩუმად დავხურეთ.
- მართალია, რომ დამლაგებელსა და მცველს რომანი აქვთ?
აქ უკვე თავის შეკავება შეუძლებელი იყო, მე და სისი ბიბლიოთეკის კართან ვიდექით, როცა სიცილი ვეღარ შევიკავეთ.
-თქვეე მაიმუნებო და ცუღლუტებო! რისთვის ვკარგავ დროს? თქვენთვის მცალია? ეს ორი ვირის ფეხი სად იყო კიდე? ჩუმად ისმენდით?
ჩვენი დანახვით დამშვიდებულმა მეგობრებმაც გადაიკისკისეს. გაბრაზებულმა გრეგმა ჩემსა და სისის შორის ბუზღუნით გაიარა და სამასწავლებლოსკენ გაეშურა.
როგორც კი ამოვისუნთქეთ, ტესტის ეგზემპლარი ამოვაცურე და გოგონებს დავანახე. ისეთი განცდა გვქონდა, თითქოს იმ წამს სამყარო გადავარჩინეთ ჩვენი სიმამაცით.
მოგვიანებით, ერთნაირი შედეგების მიუხედავად, მაინც სხვადასხვა ჯგუფში გაგვანაწილეს, მაგრამ ყველა გზას მივმართეთ მიზნის მისაღწევად და დაუსრულებელი პროტესტებით დაღლილი დირექტორი და პედაგოგები დაგვნებდნენ.
სკოლაში ბავშვები გეომეტრიაზე, ისტორიაზე, ბიოლოგიასა და ლიტერატურაზე ბევრად უფრო მეტს სწავლობენ. სკოლაში ვსწავლობთ თანადგომას, ბრძოლას, მოთმენას, გარისკვას, მეგობრობას, სიყვარულს, დამოუკიდებლობას. ეს ის ადგილია, რომლის გადაწვაზეც ყველა მოზარდს უოცნებია, მაგრამ ამავდროულად, იშვიათად თუ შევხვდებით ადამიანს, რომელსაც ამ ლამაზი წლების დაბრუნება არ უნატრია. სკოლა ადგილია, სადაც სწავლობ ცხოვრებას.
ხასიათის ხშირი ცვალებადობა, იმპულსური ქცევა...
***
არსებობს ისეთი რაღაცები, რასაც ვერ ჩავუღრმავდებით, თუმცა სრულიად შესაძლებელია, ხანდახან თვალუწვდენელი სიღრმე უარვყოთ, ცნობიერების შეუსაბამო სიღრმის გამო. რა გვჭირდება ყველას სულიერი სიმშვიდისა და განვითარებისთვის? პირადი სივრცე. რა ხდება, როცა ვინმე ცდილობს, საზღვრები შემოანგრიოს? ჩვენს შემთხვევაში მარტივად იყო. მაქსიმს ჩემი შეტყობინებების წაკითხვა უნდოდა. მესმოდა, მეც ბევრჯერ გამიკეთებია იგივე, იმის მიუხედავად, რომ ვაანალიზებდი, ეს არ იყო სწორი. როცა ადგილები გავცვალეთ, რაღაც ვიგრძენი, ვერ იყო რიგზე. შეტყობინებები იქვე წავშალე და უცერემონიოდ, უემოციოდ დავამთავრე ურთიერთობა. უფრო სწორად, ის წავიდა და მე არ შევეწინააღმდეგე.
საწოლში ბევრჯერ ვიცვალე მხარი, მაგრამ ვერაფერი გავაწყვე, ძილი არ მეკარებოდა. აივანზე გავედი და ჩემ წინ აღმართულ ბინებს მოვავლე თვალი. ყოველი ფანჯრიდან სიბნელე იღვრებოდა და გარეთ გამეფებულ წყვდიადს უერთდებოდა. აქა-იქ სქელი ფარდებიდან გამოღწეული ტელევიზორის მოციმციმე შუქი აფერმკრთალებდა პეიზაჟს. სხვები უძილობით გამოწვეულ მოწყენილობას ან შფოთვით გამოწვეულ უძილობას გადაცემებითა და ფილმებით ებრძოდნენ.
ცას ვუყურებდი და წარმოვიდგენდი, როგორ ეძინა, როგორ მიდიოდა ქუჩაში, იღიმოდა, ეხვეოდა სხვას... შეშფოთებული განვდევნიდი ფიქრებს გონებიდან და კვლავ იგივე ხდებოდა. წამიერად მომინდა, მისი სურნელი შემეგრძნო, უნიკალური, შეუდარებელი არომატი, რომლის მსგავსი სამყაროში არ მეგულებოდა. ჩვენ შორის დიდი მანძილი იყო. ერთმანეთისგან შორს ვიყავით. ხანდახან ვფიქრობდი, სხვდასხვა სამყაროდან, სხვადასხვა ეპოქიდან ხომ არ მოვევლინეთ დედამიწას-მეთქი. ვერ ვხსნიდი, რატომ მსურდა ის, მაგრამ მის გვერდით იმდენად ბედნიერი ვიყავი, რამდენად სასოწარკვეთილიც მის გარეშე, ბედნიერება კი ადამიანის ორგანიზმში ყველაზე ზღაპრული განცდაა.
ცაზე ვარსკვლავები არ ჩანდა, რაც მზიანი დღის მომასწავლებელი ნამდვილად არ იყო...
გავიფიქრე, ავდარია მოსალოდნელი-მეთქი და აღმოსავლეთიდან შემოჭრილმა ნათელმა მიიქცია ჩემი ყურადღება. ჯერ წვრილი სხივები ფრთხილად შემოიპარნენ ქალაქში, ნელ-ნელა მიიკვლევდნენ გზას შენობებს შორის, შემდეგ მაღლა წამოიმართნენ და დიდი ოქროსფერი ბურთი აღმართეს ზემოთ. ვგრძნობდი, მთელი სხეულით როგორ ვთრთოდი. დილის სუსხიანი ჰაერი ღრმად შევისუნთქე. გამართლდებოდა თუ არა ჩემი მოლოდინი, ჯერ კიდევ არ ვიცოდი, მაგრამ დარი იქნებოდა თუ ავდარი, მზე ამოვიდა, გათენდა.
აკვიატებული ფიქრები, უძილობა...
გაგრძელება იქნება ორშაბათს
ავტორი ლეანდრა ჯერარდი
იხილეთ: სხვა ხედი. თავი 20. დაკარგვის ფობია
<div> <div></div>
</div>
<div> <div> <div></div>
</div>
</div>