ყველა ადამიანს აქვს ერთი უცნაური თვისება მაინც: მე შემიძლია გავუგო ყველას, საკუთარი თავის გარდა...
ნებისმიერ ვითარებას ყველა პოზიციიდან ვუკვირდები, შევისწავლი, ყველა მხრიდან ვუდგები და ბოლოს მავიწყდება, სად ვიდექი თავად. ვუყურებ ბზარს, რომელიც შესაძლოა ამოივსოს, მაგრამ უკვალოდ არასდროს გაქრება და ყოველ მომდევნო წამს სხვადასხვანაირად აღვიქვამ მას. ერთ მომენტში ვხედავ ნაკლს, თვალის დახამხამებაში კი ხედი მიმზიდველ ნაიარევად იქცევა, რომელიც სიძველის, თავგადასავლებისა და იდუმალების ასოციაციას იწვევს.
უკვე შორეულ წარსულად მეჩვენება ის პერიოდი, როცა ერთმანეთს ჩუმად ვხვდებოდით, თავდავიწყებით გვიყვარდა და სამყაროს ვარდისფერი სათვალით ვუყურებდით. წარსულად იქცა ის რთული ეტაპიც, რომელმაც წარუშლელი კვალი დაგვიტოვა, თუმცა, ვინ იცის, დასრულდა კი? თუნდაც დასრულებულიყო, ყოველთვის შეიძლება განმეორდეს და ოდესმე, ბზარის ნაცვლად მთლიანად დაანგრიოს ყველაფერი. როგორც უნდა იყოს, ურთიერთობა კლასიკაა, მეცნიერებაა და ფილოსოფიაა. ურთიერთობები გვასაზრდოებს, გვწვრთნის და უკვდავებას ანიჭებს ჩვენს სულებს. ყველა არ დამეთანხმება, მაგრამ მე კი უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრის შემთხვევაში, რომ მქონდეს არჩევანი საკვებსა და პარტნიორს შორის, ამ უკანასკნელს ავირჩევდი. ფიქრობთ, მარტოობის მეშინია?.. არ ვიცი, რთული სათქმელია, რადგან მე მიყვარს მარტო ყოფნა და ხანდახან განმარტოება ისე მწყურდება ხოლმე, როგორც უდაბნოში დაკარგულს - წყალი. ახლაც მარტო ვდგავარ, გაბერილი მუცლით ხალათის ამარა და გავყურებ ზღვას. მზე ამოდის, ნელ-ნელა ნათდება, მზის სხივები ზღვამდე ძლივს აღწევს და შემდეგ... საოცარია, რა სწრაფად ეფინება ზღვას. დაბრკოლებებით დატვირთული პატარა მანძილის გადალახვა ხშირად ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ათჯერ უფრო დიდი, უსაფრთხო გზის გავლა. ფიქრებს ძალიან შორს გავუტაცებივარ, დრო ისე გავიდა, მოგონებებში ჩაკარგულმა ვერაფერი გავიგე. წავალ, დავწვები. მალე მაქსიმიც გაიღვიძებს და გაუკვირდება, ოთახში რომ არ დავხვდე...
დავინახე, მზარეული როგორ გამოვიდა სასტუმროს ეზოში მოშორებით მდგარი პატარა შენობიდან, რომელიც სავარაუდოდ, მისი საცხოვრებელი იყო და სამზარეულოს კარი გააღო. ოთახში ფეხაკრეფით შევიპარე, ხალათი გავიხადე და დავწექი. მძინარე ქმარს შევხედე. თავის დადებისთანავე დამეძინა...
მძინარეს შორიდან ჩამესმოდა, ოთახში მაქსიმი როგორ დადიოდა. ჯერ კარადა გამოაღო, მერე აბაზანაში შევიდა...
- გაიღვიძე, პლაჟზე არ წამოხვალ? სესილია!
თვალები არ გამიხელია, თავის მოძრაობით ვანიშნე, რომ არსად წასვლას არ ვაპირებდი, დასაძინებლად დარჩენა მერჩივნა და ძილი გავაგრძელე.
***
2-ის ნახევარი იქნებოდა, როცა გამომეღვიძა. სასადილოში ჩავედი. იქ დამხვდნენ ნადია, მაქსიმი, მაია და მაიას ქმარ-შვილიც. ჩვენი კურორტზე ყოფნის ბოლო დღე იყო. მაიას მეუღლემ ჩამოგვაკითხა, რომ ხინესში წავეყვანეთ. სადილმა უინტერესოდ ჩაიარა. ტანსაცმელი წინა დღის ჩალაგებული მქონდა. ოთახში ავედი, თვალი გადავავლე, ხომ არაფერი მრჩებოდა და საწოლზე წამოვწექი. თავი საშინლად მტკიოდა. ოთახში მაქსიმი შემოვიდა და როცა დაწოლილი დამინახა, სიცილი ვერ შეიკავა.
- შენ კიდევ წევხარ? გასივდები, ადექი, გაიარე ცოტა. - თქვა და გადაიხარხარა. შეუძლოდ ვიყავი, თუმცა მეც გამეცინა. მაქსიმი საწოლზე ჩამოჯდა.
- გუშინ დილამდე ვერ დავიძინე...
- რატომ?
- რა ვიცი...
- მერე მე რატომ არ გამაღვიძე?
- ტკბილად გეძინა...
- შეუძლოდ ხარ? ახლა შევამჩნიე, სახეზე ცუდი ფერი გაქვს.
- ჰო, ხომ იცი, უძილობა როგორ მოქმედებს ჩემზე? თავი მტკივა და... პულსი მაქვს აჩქარებული.
შეშფოთდა.
- გინდა, წყალი მოგიტანო? ექიმს ხომ არ დაურეკავ? რას სვამ მასეთ დროს? რამე წამალი არ არსებობს, რაც დაგეხმარება?
- არაფერია, ცოტა ხანს დავისვენებ და გამივლის.
- კარგი, რამდენი ხანიც გინდა. თუ რამე დაგჭირდება, მითხარი. - მითხრა და გვერდით მომიწვა, მუცელზე მომეფერა ხელის წრიული მოძრაობით და შემიძლია დავიფიცო, ვიგრძენი, საშვილოსნოში ბავშვი როგორ გაიზმორა. მუცელი ორ ადგილზე ამომებერა, მარჯვნივ მკერდის მხარეს და მარცხნივ ფეხებისკენ...
- მგონი, პატარა გააღვიძე...
ხინესში გვიან ჩავედით. მგზავრობამ ძალიან დამღალა და ტანსაცმლის ჩანთებიდან ამოსალაგებლად ენერგიის მოკრება გამიჭირდა. დავალაგე თუ არა ნივთები, საწოლზე დავწექი და ღრმად ჩამეძინა. მეორე დილით სამზარეულოში ლაურა და ნადია დამხვდნენ. მაქსიმს ჯერ კიდევ ეძინა.
- როგორ გეძინა, სესი? - მკითხა ნადიამ მეგობრულად.
- კარგად, ძალიან ღრმად, შენ? - მივუგე და ჩაიდანი წყლით გავავსე.
- მძინარე მზეთუნახავი ხარ რა! - გადაიკისკისა და შვრიის ფანტელის ფაფის ბოლო ლუკმაც შეჭამა. - მე ერთი წვეთი არ მძინებია, ხომ იცი, ვერ ვიტან გარემოს შეცვლას... თუმცა, რაც ჩამოვედი, ნორმალურად არასდროს დამიძინია.
- მაქსიმს სძინავს? - ჩაერია ლაურაც.
- კი, ისევ სძინავს... - ვუთხარი და ჩაიდანი გაზქურაზე დავდგი. - დღეს რა გეგმები გაქვს? - ვკითხე ნადიას.
- მოდი, ბებო, ჭამე რამე, იოგურტი გინდა? ღვეზელები გაგიცხელო?
- არა, მადლობა, წყალს ვადუღებ, ჩაისთან ერთად შევჭამ.
- ჩემს ნათლულთან მივდივარ, ქალაქგარეთ. აგარაკზე დამპატიჟა. ისე ვერ წავალ, რომ არ ვნახო...
- ჩაის დალევთ? - ვკითხე ლაურას და ნადიას და კარადიდან საშაქრე გამოვიღე.
- არა, ჩვენ უკვე ვისაუზმეთ, მე მივდივარ. - თქვა ნადიამ, წამოდგა, გასარეცხი ჭურჭელი ნიჟარაში ჩადგა და სამზარეულოდან გავიდა.
მდნარი ყველით, შემწვარი სოკოთი და პომიდვრით სენდვიჩი მოვამზადე და ჩაისთან ერთად მშვიდად მივირთვი. შემდეგ ჭურჭელი დავრეცხე. ოთახში დაბრუნებულმა მობილურს დავხედე. ნატას შეტყობინება დამხვდა, მწერდა, რომ რაღაც პრობლემები ჰქონდა და ჩემთან ლაპარაკი სჭირდებოდა. ვუპასუხე, საღამოს სადმე გავიდეთ, დავსხდეთ და ყველაფერი დაწვრილებით მომიყევი-მეთქი.
მაქსიმი მეგობრებთან ერთად ინტერნეტკაფეში იყო წასული, როცა ნატამ მანქანით მომაკითხა და ცხელი შოკოლადის დასალევად კაფეში წავედით. მაგიდასთან დავსხედით და მიმტანს ვანიშნეთ, რომ მენიუ გვჭირდებოდა. გვინდოდა, ცხელ შოკოლადთან რამე დესერტიც დაგვეყოლებინა.
- დაიწყე მოყოლა, ამასობაში მენიუსაც მოგვიტანენ!
- მოკლედ, გახსოვს, სუზიზე რომ მოგიყევი?
დავიბენი, სახელების დამახსოვრება ჩემი ძლიერი მხარე ნამდვილად არ იყო.
- გამახსენე...
- მოკლედ, ჩემი ახლო მეგობარი იყო, ჩემზე ძალიან პირადული ამბები იცოდა და გაურკვეველი მიზეზების გამო ჩამომშორდა. მერე ისე მოხდა... რომ მის ყოფილ შეყვარებულთან დავიწყე ურთიერთობა და ახლა მისი ყოფილი შეყვარებული ჩემი შეყვარებულია...
- ააა, ჰო, ჰო! გამახსენდა! მერე? რა ხდება? ახლა არ თქვა, განაწყენდა, რომ მის ყოფილ შეყვარებულთან ვურთიერთობო!
- დიახ! ყველაზე უარესი ისაა, რომ ყველას მოუყვა ჩემთვის ძალიან პირადული ისტორიები. ეს არ იკმარა და ბევრი რამ დაამატა კიდეც...
- ნაგავი! ბოზი! მენიუს მოიტანენ ნეტა, ოდესმე? - ვთქვი გაცეცხლებულმა და მიმტანს საყვედურით გავხედე.
- არ ვიცი, როგორ მოვიქცე, ძალიან დაბნეული ვარ...
- როგორ უნდა მოიქცე? ქაჯივით ხომ არ დაედევნები და ჩხუბს დაუწყებ? ვიცი, რომ ერთბაშად ვერ დაიკიდებ, მაგრამ ვერც ვერაფერს გააკეთებ!
მენიუ მოგვიტანა მიმტანმა გოგონამ, წინ უსიტყვოდ დაგვიდო და ელვის სისწრაფით გაუჩინარდა. ნატამ მენიუ გადაშალა და კითხვას შეუდგა...
- ტირამისუზე რას იტყვი?
- მე შოკოლადიანი ბლინები მინდა...
- აჰაა... - ცოტა ხანს ჩუმად ჩასჩერებოდა მენიუს და მერე ისევ წამოიწყო. - მთავარი პრობლემა ისაა, რომ სუზის ახლანდელ შეყვარებულს, დანიელსა და ჯორჯს ბევრი საერთო მეგობრები ჰყავთ... გუშინ ჯორჯმა გამომიცხადა, რომ ჩემთან სალაპარაკო ჰქონდა. მთელი ღამე გავათენე ნერვიულობით და დღეს, როცა შევხვდი, მომიყვა ყველაფერი, რაც სუზის მონაყოლი ჰქონია ნახევარ ქალაქთან და მკითხა, სიმართლე იყო თუ არა...
- რააა?! მერე შენ რა უპასუხე?!
- სიმართლე ვუთხარი, ხომ იცი ტყუილი ყველაფერზე მეტად მეზიზღება... ვუთხარი, რომ ამ თემაზე ლაპარაკი რთული იყო, რომ ბევრი ტყუილი და ზოგიც გაზვიადებული სიმართლე იყო სუზის მონათხრობიდან, მაგრამ ჩემი და კევინის ამბავი სიმართლე იყო... - ისეთი გამომეტყველებითა და ტონით მელაპარაკებოდა, თითქოს ვიღაც იქ მყოფზე მიყვებოდა ჭორებს და თან ეშინოდა, იმ ვიღაცას არ გაეგონა. რომ არა სიტუაციის შინაარსობრივი დრამატულობა, მისი მოყოლის მანერაზე უეჭველად ბევრს ვიცინებდი.
- რა გიპასუხა? რა რეაქცია ჰქონდა?
ნატალიმ ოფიციანტს დაუძახა.
- ჩუმად მისმენდა. მითხრა, კარგია, რომ არ მომატყუე, მაგრამ დაფიქრება მჭირდება ყველაფერზეო და მას შემდეგ არაფერს მწერს, არც მირეკავს...
- გაოგნებული ვარ, სად ვცხოვრობთ? ვისი რა საქმეა შენი პირადი ცხოვრება? ან კი, რა პირადი ცხოვრება ეგაა, ერთხელ გქონდა ერთ იდიოტთან ურთიერთობა. ამის გამო სიცოცხლე უნდა გაგიმწარონ? არ მესმის! ასე არ შეიძლება.
მიმტანი არსად ჩანდა.
- ოდესმე მოგვაქცევენ ყურადღებას?!
- ვფიქრობ, არა!
- ჰოდა, წავიდეთ აქედან!
ვთქვით და გაბრაზებულები წამოვდექით, გარეთ გამოვედით და მანქანაში ჩავსხედით.
მაქსიმის ნომერი ავკრიფე. აბონენტი მიუწვდომელი იყო და ნატას ვთხოვე, ინტერნეტკაფესთან მივეყვანე. მაქსიმი მანქანიდან დავინახე, ბიჭებთან ერთად გარეთ იდგა და ნატას ვთხოვე, გაეჩერებინა, მაგრამ არ გამიჩერა. მოგვიანებით ამიხსნა, რომ მსუქანი და მაღალი ბიჭი მაქსიმთან ერთად დანიელი იყო და მასთან შეხვედრა არ უნდოდა. მანქანა მოშორებით გააჩერა და მაქსიმთან ფეხით მივედი.
- აქ რას აკეთებ? - ჩემ დანახვას არ ელოდა.
- მობილური გამორთული რატომ გაქვს?
- დამიჯდა, - თქვა და დაბნეულმა გაიცინა.
- ნატასთან ერთად ვარ. ვიცოდი, რომ აქ იქნებოდი და მოგაკითხე. სადმე მივდივართ, ყავის დალევა გვინდა ან ცხელი შოკოლადის, ან რამის ჭამა...
- ნატა სადაა?
- მანქანაში მელოდება. მალე მოხვალ სახლში?
- დაგირეკავ ვინმეს მობილურიდან და როცა დალევთ ყავას ან შეჭამთ, ერთად წავიდეთ სახლში.
- კარგი... - შევთანხმდით, მაქსიმს კოცნით დავემშვიდობე და მანქანაში ჩავჯექი.
- რა ვქნათ? სად წავიდეთ?
- არ ვიცი. ისე, მომშივდა კიდეც. სენდვიჩები ხომ არ ვჭამოთ? ან ბურგერები?
- კარგი იქნებოდა, მეც მომშივდა.
მანქანა დაძრა და თმა სამაგრით შეიკრა. გზაში მართვის წესებსა და საგზაო ნიშნებზე ვუსვამდი შეკითხვებს. დანიშნულების ადგილამდე ძალიან ცოტაღა გვქონდა დარჩენილი, როცა უცხო ნომრიდან ზარი შემოვიდა ჩემს მობილურზე და მივხვდი, რომ მაქსიმი იყო.
- სად ხარ? - მკითხა გაბრაზებული ტონით.
- მანქანაში. ხომ გითხარი, სადაც მივდიოდი?
- ზუსტად მითხარი, სად ხარ, მოვალ და წაგიყვან.
- ზუსტად ვერ გეტყვი, რადგან მანქანა მოძრაობს. რატომ უნდა წამიყვანო, რა ხდება?
- მაგაზე მერე ვილაპარაკოთ!
- ხომ მშვიდობაა? - ვერაფერი გავიგე...
- სად მოგაკითხო? - მკითხა მკაცრად. დავიბენი...
- მაქსიმ, მითხარი, სად ხარ და თვითონ მოვალ.
- სადაც გნახე ცოტა ხნის წინ, იქ მიდი და მეც მოვალ.
- კარგი.
გავუთიშე თუ არა, ნატას ავუხსენი, რომ უნდა წავსულიყავი. ბევრი შეკითხვა არ დაუსვამს, მანქანა მოაბრუნა და მიმიყვანა იქ, საიდანაც წამოვედით.
გაჩერებული ავტომობილიდან მე და ნატა გადმოვედით. მაქსიმი ვერსად დავინახე. ნატამ თავით მანიშნა, შენ უკანააო. მოვტრიალდი და მანქანა დავინახე. უკანა ფანჯრები დაბურული ჰქონდა. წინ ვერ ვიცანი, ვინ იჯდა, მაგრამ მაქსიმი ნამდვილად არ იყო. უკანა კარიდან მაქსიმი გადმოვიდა. გამიკვირდა, რომ ნატამ ისეთი მუქი ფანჯრების მიღმა ამოიცნო ჩემი ქმარი.
- როგორ ხარ? - მომეჩვენა, რომ ნატა მაქსიმს ყალბი ღიმილით მიესალმა.
- კარგად, შენ? - ცივად მიესალმა მაქსიმიც. - წავედით? - მომიბრუნდა მე.
- ჰო, წავედით...
ნატას დავემშვიდობე და მანქანაში ჩავჯექი.
- დანიელ, გაიცანი, ეს სესილიაა. სესილი, ეს დანიელია.
ყველაფერს ნათელი მოეფინა.
გაგრძელება იქნება ორშაბათს
ავტორი ლეანდრა ჯერარდი
იხილეთ: სხვა ხედი. 22 თავი. ვნებების სკივრი
<div> <div></div>
</div>
<div> <div> <div></div>
</div>
</div>