მშობიარობის თარიღი ახლოვდებოდა, ძლიერდებოდა წელის ტკივილი, უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა გულძმარვა, უძილობამ ნერვული სისტემა კიდევ უფრო დამიზიანა...
ძალიან დიდი მუცელი არ მქონდა, არც მომატებული კილოგრამები მეტყობოდა დიდად, თუმცა, ძველი შარვლები აღარ მერგებოდა და ყველაზე გრძელი მაისურებიც კი ტოპივით დგებოდა ტანზე. ეს მაღიზიანებდა და თუ სადმე წასვლას ვაპირებდი, სარკესთან სამი საათი ვტრიალებდი.
გარდერობის ყოველ ჯერზე დალაგება მომბეზრდა. ბოლოს ტანსაცმლის გროვას ერთად ვტკეპნიდი თაროებზე. ხშირად მაწუხებდა გულის არეში ჭვალი და სიცხეს ვერაფრით ვიტანდი. როცა გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი, მინდოდა ორსულობის პერიოდი რაც შეიძლებოდა დიდხანს გაწელილიყო. მშობიარობის მეშინოდა, მაფრთხობდა ის ფაქტი, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ საკუთარი თავისთვის დრო აღარ მექნებოდა... - წარმოგიდგენიათ?
მთელი ცხოვრება, წელიწადში 365 (ზოგჯერ 366) დღე, საათში 60 წუთი, წუთში 60 წამი ვიქნები დედა! ანუ ქრონიკულად მექნება საზრუნავი, ერთი წამით ვერ მოვდუნდები. ჯერ 3 საათში ერთხელ უნდა ვაჭამო ძუძუ, ყოველ საღამოს მომიწევს ჩამოვბანო ფეკალიები, მერე ყოველ 4 საათში საჭმლის მომზადება, მომაბეზრებელი შეკითხვები, უნდა ვიზრუნო მის მსოფლმხედველობაზე, რომ კარგი ადამიანი დადგეს და სულელური ინტერესები არ გაუჩნდეს, მერე გაუთავებელი სამეცადინო, მეგობრებთან ერთად შეკრებებზე გაშვება, ნერვიულობა დაგვიანებულ ზარებზე, ექსკურსიები, მერე შვილიშვილები და ასე, იქამდე, სანამ ცოცხალი ვიქნები.
მაგრამ ბოლო დღეები იმდენად რთული აღმოჩნდა, მზად ვიყავი სამუდამო ტვირთის საზიდად, ოღონდ ეს უძილო ღამეები, გულძმარვა და შფოთვა მალე დამთავრებულიყო, ოღონდ ოდესმე საკუთარი თასმა ძველებურად უპრობლემოდ შემეკრა და აღარაფერს ვიტყვი არითმიასა და გაშმაგებულ რევმატიულ ტკივილებზე! თუმცა, არ ვარ ბოლომდე გულწრფელი, როცა მოუთმენლობას მხოლოდ სირთულეებს ვაბრალებ. მინდოდა ხელით შევხებოდი პატარა არსებას, რომელიც ჩემში ბინადრობდა. ყოველ ღამე სხვადასხვანაირი მესიზმრებოდა, ხან მზისფერი დალალები ჰქონდა, ხან ზღვისფერი თვალები, ხან - თაფლისფერი.
პლაცენტა მომწიფებული იყო, წყლები შემცირებული, მაგრამ პატარა გამოსვლას არ ჩქარობდა, საშვილოსნოს ყელი არ მეხსნებოდა. გასინჯვის აუტანელ პროცედურას ექიმი ყოველ მეორე დღეს მიტარებდა, ანუ ცდილობდა მუჭით შეეღწია ჩემს საშოში. ბოლოს, თავად გინეკოლოგმა მირჩია, აღარ გამერისკა და საკეისრო კვეთა დავგეგმეთ.
- აააა!! - დილით მარცხენა ფეხში ძარღვის გაკვანძვის აუტანელმა ტკივილმა გამაღვიძა. სუნთქვა შემეკრა და დავიმანჭე.
- რა ხდება, რა? - წამოიწია მძინარე მაქსიმი, თავს ძალა დაატანა და თვალები გაახილა. - რა გჭირს? - მკითხა შეშინებულმა, როცა მთლიანად დაჭიმული და სახემოღრეცილი დამინახა.
- ფეხიი! ფეხი მტკივა! ძარღვი გამენასკვა!
- რომელი? ეს? - საბანი გადასწია და მარცხენა ფეხზე ხელი მომიჭირა. ჯერ ტკივილი შემიმსუბუქდა, მერე მომეშვა. შვება სახეზე აღმებეჭდა.
- გაგიარა?
- კი, საშინელება იყო. ჩემი მხსნელი ხარ!
- ცოტაც და დაისვენებ.
- რომელი საათია? - ვკითხე და ბალიშის ქვეშ შევაცურე ხელი მობილურისთვის, მაგრამ იქ არ იყო.
- რვის ნახევარია, - მიპასუხა მაქსიმმა და ამ დროს ჩემს მობილურზე დაყენებულმა მაღვიძარამაც დარეკა.
- გვაგვიანდება! - წამოვიძახე და წამოვხტი. კარადის კარზე საკიდზე დაკიდებული ტანსაცმელი ჩამოვხსენი და ჩაცმა დავიწყე.
- ფრთხილად, რამე არ იტკინო.
შარვალი და მაისური ჩავიცვი, ფეხზე ელვაშესაკრავიანი შუზები მოვირგე და თმა დავივარცხნე, ტუჩის ბალზამი წავისვი, ქურთუკი შემოვიცვი და რვა საათი ისე მალე მოვიდა, ვერაფერი გავიგე. საავადმყოფოსკენ ტაქსით წავედით. ტანსაცმელი, ბავშვის საფენები, ხალათი და პირადი ნივთები ერთ ჩანთაში მეწყო.
მანქანაში მე, მაქსიმი და ლაურა ვისხედით, როცა დედაჩემმა დამირეკა, სამშობიაროში ვართ და გელოდებითო. არაპუნქტუალური ვარ, ყოველთვის ყველგან ვიგვიანებ და როგორც ჩანს, ამაში ჩემი შვილიც მგავს.
- არ შეგეშინდეს, ყველაფერი კარგად იქნება. ვერაფერს იგრძნობ! - მამშვიდებდა მაქსიმი და ჩემი ხელი ეჭირა, თუმცა ისე ჩანდა, დამშვიდება მას უფრო სჭირდებოდა. ასეთი აღელვებული არასდროს მენახა. სულ მთლად გაფითრებული იყო, ხელისგულები ოფლიანი ჰქონდა და ძალიან დაბნეული იყო.
- ნუ ღელავ, - ვუთხარი და მარჯვენა ხელი მუხლზე დავადე.
მანქანა გაჩერდა. არ მახსოვს, იქიდან შენობამდე როგორ მივედი, მაგრამ როგორც კი საავადმყოფოში შევდგი ფეხი, გაცეცხლებული ექთანი მოვარდა ჩემთან.
- სესილია ხარ?
- დიახ...
- ჩქარა, ჩქარა, აქეთ წამოდი. რვის ნახევარზე უნდა მოსულიყავი. საათს შეხედე, ახლა რომელი საათია? ექიმი ჩვენ გვისაყვედურებს, შენი მომზადება თუ ვერ მოვასწარით. - დაბალი, ძვალმსხვილი ქალი იყო, მოკლე თმა ჰქონდა. ხელი ჩამავლო და სადღაც გამაქანა. დედაჩემი დაგვედევნა.
- მიგყავთ უკვე?
- უკვე კი არა, დიდი ხნის მოსული უნდა იყოს!
- ჩანთა, პირადი ნივთები არ სჭირდება? თუ მერე მივაწოდოთ?
- კი, კი! წამოიღოს, მხოლოდ აუცილებელი ნივთები!
უკან მივბრუნდი ჩანთის ასაღებად. გამიხარდა, ვიფიქრე, ჰოლში მაქსიმიც იქნება და ნორმალურად დავემშვიდობები-მეთქი. ჩანთა კართან იდო. ავიღე და იქაურობას თვალი მოვავლე. მაქსიმი არსად ჩანდა.
- სწრაფად, სწრაფად!!! - დამაჩქარა ანჩხლმა ექთანმა. გულდაწყვეტილმა დავტაცე ჩანთას ხელი და სწრაფი ნაბიჯით მივბრუნდი უკან.
- ამდენი რამე რად გინდა? მხოლოდ ხალათი, ბავშვის ბოდეები, საფენები და პირადი ნივთები. ეს რა ამბავია? აქ უნდა გადმოსახლდე?
დავიბენი, რადგან რაც ჩამოთვალა, სწორედ ის ნივთები მედო ჩანთაში.
- ამოალაგე და რამე პარკით წამოიღე, რაც გჭირდება. აქ შედი, პიჟამა და ხალათი ჩაიცვი!
მითხრა და ცარიელ პალატაში შემიშვა. დედაჩემიც შემომყვა. ჩანთიდან ბავშვის ერთი გამოსაცვლელი, ხალათი და პიჟამა ამოიღო, დანარჩენი ნივთები ჩანთაში დატოვა და მითხრა, მოგვიანებით მოგაწოდებო.
კიბეზე დაბალი ექთანი ადიოდა. მე უკან მივყვებოდი.
- აქ შედი!
მიმითითა რეანიმაციული განყოფილებისკენ. მთელ სიგრძეზე საწოლები ეწყო. ორ საწოლზე ახალი ნაკეისრალი ქალები იწვნენ. საწოლების წინ მაგიდა იდგა, რომელსაც მკაცრი გამომეტყველების ქალი უჯდა. სწორედ ამ ქალმა დამისვა რამდენიმე შეკითხვა ისტორიის შესავსებად. შემდეგ თეთრეული დამიგეს ერთ-ერთ საწოლზე. სანამ დავწვებოდი, ტელეფონზე დამირეკეს და დერეფანში გამოვედი.
- სესილია, როგორ ხარ? ყველანი აქ ვართ, არ ინერვიულო, - დედაჩემი იყო.
- კარგად ვარ, მალე დავწვები და გამამზადებენ.
- მაქსიმი ძალიან ნერვიულობს, ეტყობა... კარგი, აბა, შენ იცი! დე, ყველაფერი კარგად იქნება!
ყელში ბურთი გამეჩხირა, ვიგრძენი, როგორ ავკანკალდი და ცრემლები წამომივიდა. ვერ ვხვდებოდი, რა მემართებოდა. მობილური გავთიშე, ცრემლები მოვიწმინდე და შევედი რეანიმაციაში.
მომცეს სპეციალური პერანგი, პიჟამა გავიხადე და ეს პერანგი ჩავიცვი. დავწექი და დაიწყო ათასგვარი აუტანელი პროცედურა. ხან სინჯებს მიკეთებდნენ, ხან ნემსებს მარჭობდნენ. მახსოვს, ფოსფალუგელი დამალევინეს. დანარჩენი პრეპარატები ყველა უცნობი იყო. ყველაზე უხერხულ, აუტანელ და მტკივნეულ პროცედურად საშარდე კათეტერის ჩადგმა მომეჩვენა.
მერე თანმიმდევრობით მოვიდნენ გინეკოლოგი და ანესთეზიოლოგი, ერთი-ორი თბილი სიტყვა მითხრეს, გამაფრთხილეს, მალე დავიწყებთო და 10 საათზე საოპერაციოსკენ გავეშურეთ. ორიენტაციის უნარი არასდროს მქონია, როცა ვღელავ, სულ ვიბნევი და ანერვიულებული საოპერაციოს ნაცვლად დერეფნისკენ გასასვლელი კარისკენ გავეშურე.
- საით, ბუშტი? - წინ ანესთეზიოლოგი გადამეფარა და გადაიხარხარა. - სახლში მიდიხარ? გადაიფიქრე?
- უი, შემეშალა. - დავიმორცხვე და აცრემლებული თვალებით მივყევი ექიმს. თუ საშარდე კათეტერით არასდროს გიმოძრავიათ, დისკომფორტზე წუწუნი არ გაბედოთ!
ვტიროდი, უფრო სწორად, ცრემლები თავისით ჩამოდიოდნენ სახეზე და ვერაფრით ვაკონტროლებდი ამას. მთელი სხეულით ვკანკალებდი. საოპერაციო მაგიდაზე დამსვეს. წინ ექთანი გოგონა დამიდგა. გამაფრთხილა, რომ ნემსს გამიკეთებდნენ. ვიცოდი, რომ ეს ნემსი უზარმაზარი იყო და გავაფრთხილე, არ დამანახოთ-მეთქი. გოგონა თბილად მელაპარაკებოდა, მამშვიდებდა. პატარა ჩხვლეტა ვიგრძენი ზურგზე და მალე წელს ქვემოთ ვეღარაფერს ვგრძნობდი. თითქოს ჩემი სხეულის ნახევარი მძორი იყო და მეტი არაფერი.
გინეკოლოგი და მისი დამხმარე მორიგე ექიმი შემოვიდნენ. დამაწვინეს, წინ ფარდა ჩამომიფარეს, რომ არ დამენახა, რას მიკეთებდნენ მუცელზე და დაიწყეს.
- დაიწყო? - ვკითხე ანესთეზიოლოგს, რომელიც თავთან მედგა. ახალგაზრდა, დაბალი ბიჭი იყო.
-არა, ჯერ მუცელზე რაღაცებს გისვამენ, გამზადებენ. რომ დაიწყება, გეტყვი! მოდი, მანამდე იცი, რას ვუყუროთ? კომედიურ სკეტჩებს. - მობილურში იუთუბი გახსნა და ტელეფონი წინ დამიჭირა. ორივე ხელი ჰორიზონტალურად მქონდა გაშლილი. ერთში კათეტერით წამლები შეჰყავდათ, მეორით წნევას მიზომავდნენ.
- გთხოვთ, რომ გაჩნდება, საათი მითხარით...
- კარგი, შენ კი ყველაფერი მითხარი, გული ხომ არ გერევა ან თავი ხომ არ გტკივა? რა გაწუხებს?
- კი, თავი ძალიან მტკივა.
- ცოტა გაუძელი, ეგ ბუნებრივია. კიდევ რამე ხომ არ გაწუხებს?
- კი, მთლი-ან-ად ვკა... ვკანკალებ - ძლივს ვლაპარაკობდი, სხეულს ვერ ვიმორჩილებდი.
გავიგონე, გინეკოლოგმა მეორე ექიმს როგორ უთხრა, აქეთ სისხლს ვერ ვაკავებ, ტამპონები მომაწოდეო. ძალიან შემცივდა.
- მცივა! - ვუთხარი ანესთეზიოლოგს.
- გაგივლის.
გული მომეკუმშა, თითქოს ვიღაც მთელი ძალით მიჭერდა ხელს. ჭვალი იმდენად ძლიერი იყო, ლაპარაკიც მიჭირდა.
- გული მტკივა, - ძლივს ამოვილუღლუღე, სახე მომღრეცოდა.
ანესთეზიოლოგი და ექთანი გულზე ძლიერად დამაწვნენ.
- გაგიარა?
უარის ნიშნად თავი გავაქნიე. კიდევ უფრო ძლიერად დამაწვნენ. ნელ-ნელა ტკივილმა იკლო. ექთანი და ანესთეზიოლოგი გაიმართნენ, მაგრამ ამჯერად გინეკოლოგი და დამხმარე ექიმი დამაწვნენ მუცელზე მთელი ძალით, ექთნის დამხმარე და მეორე ექთანიც მათ ეხმარებოდნენ.
- რა ხდება?
- ნუ ღელავ, ყველაფერი კარგადაა, - მითხრა გაღიმებულმა ანესთეზიოლოგმა და ისიც დანარჩენებს შეუერთდა.
გულისრევის შეგრძნება დამეუფლა. სულ ავკანკალდი. გავიგონე, წნევის აპარატი როგორ ახმაურდა. ექიმმა დაიძახა, წნევა დაუვარდაო, თუ აუვარდაო, კარგად ვერ გავიგონე და უცებ ბავშვის ტირილის ხმა ჩამესმა.
- თორმეტის თოთხმეტი წუთია! - მითხრა ანესთეზიოლოგმა და საათისკენ გამახედა, მაგრამ მე ბავშვის სილუეტს ვუყურებდი. ძალიან წვრილი ფეხები ჰქონდა. მუცლის წყალი დაუყოვნებლივ ჩამობანეს და გულზე დამასვეს. პატარა იყო, უსუსური.
ძალიან, ძალიან ბედნიერი ვიყავი და მინდოდა, ვინმესთვის გამეზიარებინა ეს გრძნობა.
- გილოცავთ, შენ დედა ხარ!
პატარა ადამი დაიბადა, პატარა უსუსური არსება... იმ წამს ყველაფერი 90 გრადუსით შებრუნდა, სამყარო ამოყირავდა და ყველაფერს სხვა ხედიდან შევხედე...
გაგრძელება იქნება ორშაბათს
ავტორი ლეანდრა ჯერარდი