რა არის სიკვდილი? დასასრული თუ დასაწყისი? იქნებ უბრალოდ უსასრულობის ერთი ეტაპია ან სამყაროს კანონზომიერება?
გული ფეთქვას შეწყვეტს და მთავრდება, ყველაფერს უკუნითი ცვლის… ან სულაც ნათელი…
გჯერათ სიკვდილის მერე სიცოცხლის არსებობის? მე კი, მჯერა.
დავინახე თუ არა ჩემი სხეულიდან შობილი სიცოცხლე, გავიფიქრე, ნეტავ რას ვიტყვი, დრო რომ გავა, რა ვიგრძენი მაშინ, როცა საკუთარ შვილს შევხვდი-მეთქი… ყველა გრძნობა ერთმანეთში აირია, ვეღარ ვარჩევდი ერთ, რომელიმე განცდას. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივად ანათებდა მზე, საათის ისრებიც ძველებურად პერმამენტულად წიკწიკებდნენ, მაგრამ ვიცოდი, მთელი არსებით ვგრძნობდი, რომ აღარაფერი იყო ძველებურად… რაღაც ახალი დაიწყო, ახალი ისტორია, ახალი ეტაპი. ამ ბავშვში ჩემი სულის, სისხლისა და ხორცის ნაწილი იყო, დიახ, სწორედ ის იქნებოდა ჩემი სიცოცხლე, სიკვდილის შემდეგ. არა, ჩემი ნაწილი კი არა, მასში მე ვიყავი! რა უცნაურია, არა? ჯერ ის იყო ჩემში, შემდეგ კი აღმოვაჩინე, რომ მასში მე ვიყავი, ან სულაც, ის მე ვიყავი. გგონიათ, ამ თეორიას გამორიცხავს ის ფაქტი, რომ ყოველი ადამიანი დამოუკიდებელი ინდივიდია? ცდებით, ასეცაა და ისეც… ყოველი შემთხვევისთვის, მე ასე მჯერა და მწამს.
თუმცა, რაც უნდა იყოს სიკვდილი ან დაბადება, მთავარი ამ ორის დამაკავშირებელი ხაზი, ცხოვრებაა.
როგორ ხდება ფილმებში? ბავშვი დაიბადება, დედა ხელში დაიჭერს აბსოლუტურად სუფთა ან სისხლში ამოსვრილ ჩვილს და მაშინვე უყვარდება, არა? თუმცა რეალობა ცოტათი განსხვავებული ყოფილა.
ექიმმა პატარა ექთნებს გადააწოდა, როგორც თოჯინა. ჩვილი ბლანტ სითხეში იყო ამოსვრილი, წვრილი ფეხები კიდევ უფრო უსუსურს აჩენდა გულამოსკვნით ატირებულს. ექთნებმა ბავშვი უმალ ოთახის ბოლოში გაარბენინეს, ჩამობანეს დედის სისხლი და ბლანტი სითხე, შემოახვიეს ნაჭერი და ჩემთან მოიყვანეს. მე ხელების გამოძრავება არ შემეძლო, ერთში კათეტერი მედგა, მეორით წნევის საზომ აპარატზე ვიყავი შეერთებული. ადამი გულზე დამასვეს. მან იგრძნო ჩემი სუნთქვა და მომეჩვენა, რომ გული აუჩვილდა და განზრახ უმატა ტირილს.
- ხედავ? გიცნო, - მითხრა მეგობრულად ანესთეზიოლოგმა, რომელიც მთელი ეს დრო გვერდიდან არ მშორდებოდა და მამხნევებდა.
თავბრუ დამეხვა, თავი ძლიერ ამტკივდა, ცოტაც და, გული ამერეოდა.
- ცუდად ხარ? - მიმიხვდა ანესთეზიოლოგი.
პირი გავაღე, მაგრამ ვერაფრის თქმა ვერ შევძელი.
- სესილია, არ დაიძინო! ფხიზლად იყავი! - ბავშვი მომაშორეს და სადღაც წაიყვანეს. - მეკონტაქტე! გესმის ჩემი? თავს ძალა დაატანე!
- გული მერევა.. - ამოვილუღლუღე ძლივს გასაგონად.
- რა თქვაა?
- გული მერევაო, - განუმარტა ერთ-ერთმა ახალგაზრდა მედდამ, რომელიც თავთან მედგა და ჩემი ხელი ეჭირა.
თავი წამომაწევინეს და გაურკვეველი დანიშნულების მეტალის ჭურჭელი მომიტანეს, მაგრამ საბედნიეროდ, ცრუ განგაში აღმოჩნდა, გამიარა. თავის ტკივილი უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა. ამას სპაზმური კანკალიც დაერთო.
- გუ… გული აღარ მერევა… - დავიჩურჩულე და თავი დამადებინეს.
- მაგრამ რაღაც მაინც გაწუხებს, არა? - მკითხა ანესთეზიოლოგმა.
თავის ოდნავი მოძრაობით დავეთანხმე.
- გცივა? - მთელი სხეული მიცახცახებდა, ეს უკვე ნერვებს მიშლიდა.
- ვკან-ნკალებბ.. - თავი უარის ნიშნად გავუქნიე.
- დამამშვიდებელი გაუკეთეთ - თქვა ხმამაღლა ანესთეზიოლოგმა.
- ნუ ღელავ, ყველაფერი დამთავრდა, გაგივლის. - დამამშვიდა და საოპერაციოდან გავიდა.
ძილი მომერია, გავითიშე.
თვალები რომ გავახილე, ისევ საოპერაციოში ვიყავი, გინეკოლოგი და მორიგე ექიმი მუცელზე რაღაცას მიკეთებდნენ და თან არჩევნებზე ლაპარაკობდნენ.
- რა ხდება?
- არაფერი ლამაზუნა, მალე დავამთავრებთ.
- ნაკერები დამადეთ?
- არა, ახლა გაგკერავთ.
- პლასტიკურით?
- შენ როგორც გინდა.
- პლასტიკური ნაკერები მინდა, თუ პრობლემა არ იქნება…
- დარწმუნებული ხარ? მე არ გირჩევდი. ისედაც არ დაგეტყობა დიდად.
- მაშინ თქვენ გადაწყვიტეთ, გენდობით, ექიმო. - ლაპარაკის ძალა არ მქონდა, ძალიან სუსტად ვგრძნობდი თავს.
დღე #1
ოპერაცია დასრულდა, ჩემ წინ ჩამოფარებული ფარდა გადასწიეს და საკუთარი სხეულის აღქმა გამიჭირდა. მუცელი საერთოდ აღარ მქონდა, ფეხები კი გვერდულად, მუხლებში ოდნავ მოხრილ მდგომარეობაში მეწყო. რატომღაც, სხვა პოზიციაში წარმომედგინა საკუთარი ფეხები და არასასიამოვნო განცდა დამეუფლა.
- რა სუსტია, ნახე! - უთხრა ექთანმა, სავარაუდოდ, პრაქტიკანტს.
ხელები გამითავისუფლეს და საოპერაციო მაგიდიდან ბორბლებიან საწოლზე გადამიყვანეს. ხელით ჩემს თეძოს შევეხე. უსიცოცხლოდ ეგდო, მძორს ჰგავდა.
რეანიმაციიის ექთანი მუცელზე მაგრად დამაწვა. ასე იმისთვის აკეთებენ, საშვილოსნოში კოლტები რომ არ დაგროვდესო. სირცხვილისგან ლამის მოვკვდი, როცა ექთანმა საფენები გამომიცვალა. გულის არევამდე უხერხული მომენტი იყო. მერე ნელ-ნელა წელს ქვემოთ გრძნობა დამიბრუნდა და ტკივილმა მოსვენება დამაკარგვინა. ყოველ ამოსუნთქვაზე მუცელი მეჭიმებოდა და ტკივილი მიმძაფრდებოდა. მოძრაობას ვერ ვბედავდი. გამოუცდელობის გამო მეგონა, ტკივილი ბოლომდე უნდა ამეტანა. ამიტომ ჩუმად ვიწექი გულშეღონებული და ცრემლებად ვიღვრებოდი. თან მრცხვენოდა, ჩემ გარდა ორი პაციენტი იწვა რეანიმაციაში და არც ერთი ჩემსავით არ წუხდა. როცა ანესთეზიოლოგი შემოვიდა, ჩემი ზლუქუნით დაღლილმა ექთნებმა მიახალეს, გაუკეთეთ რამე, დავიწვით ამის საცოდაობითო.
მორფმა ცოტა ხნით გამიყუჩა ტკივილი და დამეძინა.
საღამოს ადამი შემომიყვანეს, გვერდით მომიწვინეს, რომ გამომეკვება. ძუძუ ბაგეებთან მივუტანე თუ არა, გამალებული დაეძგერა და ისე ძლიერად გამომწოვა, შევხტი. მკვეთრმა მოძრაობამ ჭრილობა დამიჭიმა და ტკივილისგან გული მომეკუმშა. მოულოდნელად, მკერდიდან გამოწოვილი სითხე ბავშვს გადასცდა და სუნთქვა შეეკრა. ცალ ხელზე მეწვინა, შევეცადე, მეორე ხელიც მომეკიდა და წამომეწია, მაგრამ ჭრილობა ისე ძლიერ ამტკივდა, გავქვავდი. ბავშვს ჰაერი არ ჰყოფნიდა და ვერაფერს ვაკეთებდი. ისიც კი არ ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. პანიკაში ჩავვარდი. ირგვლივ არავინ იყო, პედიატრმა ბავშვი მომიყვანა და გაუჩინარდა. რეანიმაციის მორიგე ექიმებიც არსად ჩანდნენ, ალბათ, სადმე ყავას სვამდნენ. არც ერთი ექთნის სახელი არ ვიცოდი, რომ დამეძახა.
- დამეხმარეთ! არის აქ ვინმე?! - თავს ძალა დავატანე, დავიყვირე და ტკივილი გამიასმაგდა, მაგრამ არავინ ჩანდა. - ჯანდაბა!
ძალა მოვიკრიბე, მარცხენა მენჯს დავეყრდენი, მარჯვენა ხელი შუბლთან მივუტანე ადამს, წარბებს შორის დავადე თითი და კანი მაღლა ავუქაჩე. ამოისუნთქა! ღმერთო ჩემო, ეს ყველაფერი წამებში მოხდა, მე კი მომეჩვენა, რომ საუკუნე დასჭირდა.
დღე #2
დილის 4 საათი იქნებოდა, ტკივილები რომ დამეწყო. 8-ის ნახევრამდე ჭრილობამ არ მომასვენა. მერე შემიმსუბუქდა ან მივეჩვიე და ჩამთვლიმა. ნახევარ საათში ერთი ცალი მოხარშული კვერცხი და პური მომიტანეს. წინა დღეს არაფრის ჭამის უფლება არ მქონდა და მთელი ღამე ვნატრობდი, მალე გათენდეს, რომ ვჭამო-მეთქი, მაგრამ მზის ამოსვლამ სიბნელესთან ერთად ჩემი შიმშილის გრძნობაც უკვალოდ გააქრო.
- ფრთხილად წამოჯექი და ჭამე, მალე პალატაში გადაგიყვანთ.
დიდხანს ვცდილობდი დაჯდომას, მაგრამ ჭრილობის ტკივილს თავის ტკივილიც დაემატა და ვერაფრით მივახერხე. ექთანი გაღიზიანდა და მკაცრად მოითხოვა, თავი ხელში ამეყვანა. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს დისტანციური მართვის საშუალებით ვაკონტროლებდი ხელსაწყოს, რომელიც ჭრილობაზე მთელი ძალით მაწვებოდა და მაიძულებდნენ, უფრო მეტი ტკივილის მოყენების საშუალება მიმეცა ამ იარაღისთვის. ბოლოს, როგორც იქნა, წამოვჯექი, მაგრამ შვების ნაცვლად თვალთ დამიბნელდა, ტკივილი გამიმძაფრდა და თავბრუ დამეხვა.
- ცუდად ვარ! - აღმომხდა სასოწარკვეთილს და კვლავ საწოლზე გავიშხლართე.
ბევრი წვალების შემდეგ მაქსიმს დავურეკე და ვთხოვე, ჩემთვის კორსეტი მოეტანა, რომელიც, როგორც მითხრეს, მოძრაობას გამიმარტივებდა და ტკივილს შემიმსუბუქებდა. საუბედუროდ, მობილური დამიჯდა და ბევრი წვალების შედეგად ერთ-ერთი პრაქტიკანტის ნომრიდან დავურეკე, რომ მოხვალ, ამ ნომერზე გადმორეკე, რომ ექიმი დავალაპარაკო მცველს და შენი შემოშვების უფლება მისცენ-მეთქი. მაქსიმმა მოსვლა დაიგვიანა. პალატამდე კორსეტის გარეშე მომიწია გაბობღება. ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე ტკივილისგან სუნთქვა მეკვროდა. ექთნებმა მტირალა შემარქვეს.
დღევანდელი დღის პოზიტივი საშარდე კათეტერის მოხსნა იყო.
პალატაში მალე შემომიყვანეს ადამი, მომაბარეს და მას შემდეგ, ძილზე ზედმეტია ლაპარაკი, ვფიქრობ, აღარც დავმჯდარვარ.
დღე #3
ნეტავ მნახველების მიღება საერთოდ აკრძალონ, აღარ შემიძლია. მთელი ღამე გაზები აწუხებდა, დერეფანში წინ და უკან დავაქანებდი, მკერდის თავებიდან სისხლი მდის, ის კი ყოველ ერთ საათში ჭამს.
ყველა, ვისაც ეზარება ან არ ეზარება, ჭკუას მარიგებს. ჰგონიათ, არაფერი ვიცი და არც ექიმი მყავს. ნეტა ვინმეს ისეთ რამეზე გავეფრთხილებინე, რაც მართლა არ ვიცოდი. ასეთი რამეები ბევრი იყო.
ეს ბავშვი მაგიჟებს. მის გამო ყველაფერი მტკივა. როცა ვკვებავ, ცრემლების ნაკადი არ წყდება ჩემს სახეზე, მაგრამ როგორც კი მის კმაყოფილ სახეს დავინახავ… ვხვდები, რომ ღირდა.
დღე # 4
დღეს მთელი ამ დროის განმავლობაში პირველად მომიწია თმის დავარცხნა. საავადმყოფოდან მწერენ და იძულებული გავხდი. ასეთი რთული თმის დავარცხნა არასდროს ყოფილა.
დღეს გავიგე, რომ ლაურას ადამის დაბადების ღამეს მიკროინფარქტი მოსვლია. ჯერ არ ვიცი, რატომ… გუშინ ჩემთან, პალატაში მაქსიმი დარჩა. აქ ორი საწოლი დგას, ერთზე ბავშვი იწვა, მეორეზე მაქსიმი, მე - ხან ერთთან, ხან - მეორესთან.
კუჭის მოქმედებასთან დაკავშირებით რომ ამბობდნენ, გაგიჭირდებაო, ტყუილი ყოფილა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
ძალიან დავიღალე, ძილი მენატრება. მეუბნებიან, სახლში დაისვენებო, მაგრამ მეეჭვება.
ვფიქრობ, სამყაროში ყველა დედა გმირია!
გაგრძელება იქნება ორშაბათს
ავტორი ლეანდრა ჯერარდი
იხილეთ:სხვა ხედი. თავი 25. ადამი