marao.ge-ს მკითხველს ალბათ ახსოვს რომანი, სახელწოდებით „გათხოვილის დღიურები“, რომელიც საიტზე ბლოგის სახით იყო წარმოდგენილი და ანონიმური ავტორი ჰყავდა.
ეპიზოდები თავიდან კვირაში ერთხელ იდებოდა, მაგრამ მკითხველის დაჟინებული თხოვნის გათვალისწინებით, მისი კვირაში ორჯერ გამოქვეყნება გადაწყდა.
„გათხოვილის დღიურები“ წარმოუდგენელი პოპულარობით სარგებლობდა და ძალიან რეიტინგული იყო. მკითხველი აქტიურად ადევნებდა თვალს ამბავს, ახალგაზრდა დაოჯახებულ ქალზე და მოუთმენლად ელოდა მისი თავგადასავლების გაგრძელებას...
ავტორს რომანის წერა რეალურ დროში უწევდა და გზადაგზა ანვითარებდა სიუჟეტის მსვლელობას. მისი ვინაობა, მკითხველმა მხოლოდ რომანის დასრულების შემდეგ შეიტყო.
„გათხოვილის დღიურის“ ავტორმა, თეა ინასარიძემ, მარაო.გე-ზე კიდევ რამდენიმე საინტერესო პროექტი წარმატებით განახორციელა: „ოცდამეხუთეს ეფექტი“ (რომანი, დეტექტივი); „ლაბირინთი“ (რომანი, დეტექტივი); „მდუმარე სასტუმრო“ (რომანი, დეტექტივი, ფენტეზი, მისტიკის ელემენტებით) და „ღამურების სახლი“ (ფანტასტიკა). ასევე, სათავგადასავლო ნოველა სახელწოდებით „თამაში“, რომელიც გახლდათ რეალითი შოუს ელემენტებით. მკითხველს შესაძლებლობა ჰქონდა წასულიყო სხვადასხვა, საინტერესო ლოკაციებზე, ეპოვა მინიშნებები, გამოეცნო თავსატეხები და ეთამაშა, როგორც ნოველის გმირებს...
თეა ინასარიძის პირველი წიგნის - „გათხოვილის დღიურის“ შეძენა ახლა უკვე „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიების ქსელშია შესაძლებელი.
გთავაზობთ რომანის ამონარიდს:
***
საღამოა.
შუაგულ მინდორში, ბალახზე ვზივარ. საოცარი სიმშვიდეა. ნეტა აქ რას ვაკეთებ? რაღაც არ მახსოვს, ამ ადგილას როგორ მოვხვდი, მაგრამ ეს სითბო და სიწყნარე ისე მსიამოვნებს, გონების დაძაბვა აღარ მინდა.
ჩემი გონება ისედაც სულ დაძაბულ რეჟიმში მუშაობს....
თვალებს ვხუჭავ და ვტკბები... სულიერად ვისვენებ. მოსაბეზრებელი ყოველდღიურობა სადღაც, მეხსიერების უკანა ნაწილში განისვენებს.
უცებ ვიგრძენი, როგორ ჩამოჯდა ჩემს გვერდით ვიღაც...
თვალს ვახელ და ჩემს მეზობელს ვხედავ, რომელიც ქვედა სართულზე ცხოვრობს. ძალიან სიმპათიური და ზრდილობიანია, რასაც მის ცოლზე ნამდვილად ვერ ვიტყვი. მე და მისი ცოლი ერთმანეთს მას შემდეგ ვერ ვიტანთ, როცა სახლში ამომივარდა ყვირილით, სარეცხს გაუწურავად ფენ და ჩემი ფარდა დასველდაო. არადა, სარეცხი სამი დღის წინ გავფინე.
- ჩემს ზემოთ კიდევ რვა სართულია და სხვა დროს კარგად დააკვირდი, ვისი სარეცხი წვეთავს-მეთქი, ვუთხარი. საკვირველია, წყნარ და სიმპათიურ ბიჭებს ასეთი აშარაშკა ცოლები რატომ მოჰყავთ...
-„ ...და აქ რას ვაკეთებთ?“
ვეკითხები. მიღიმის. რა დაუნდობლად სიმპათიურია...
- „შენ არ ვიცი და მე ჩემი ცოლისგან ვისვენებ!“
მითხრა და მაცდურად გამიღიმა. ძალიან გამიკვირდა. სასწრაფოდ მივატრიალე თავი და დავფიქრდი... – „ნეტა მეც ჩემი ქმრისგან ხომ არ ვისვენებ?..“ არა, მე უფრო ყველაფრისგან ვისვენებდი: საუზმე, სადილი, დაალაგე, გარეცხე, ბავშვებს აჭამე, გაასეირნე, სკოლა, საყიდლები...
ღმერთო ჩემო! რამდენს უძლებენ ქალები...
უცბად წელზე შეხება ვიგრძენი... ვაიმე, რას ბედავს?... მთელს სხეულში უცნაურმა ჟრუანტელმა დამიარა... არა, რაღაც სხვანაირად მაჟრიალებს.
ნელ-ნელა ვაცნობიერებ, რომ ეს ჩემი მობილურის ვიბრაციაა, მაღვიძარა რეკავს.
ე.ი. 07:30 სთ-ია და ჯერ კიდევ მძინავს. ანუ, უნდა გავიღვიძო!
ლამაზი მინდორი, თავისი სიმპათიური მეზობლიანად სადღაც იკარგება და სასიამოვნო სიზმარს - გონების ბნელ კუნჭულში მიმალული ყოველდღიურობა უცვლის ადგილს...
ბალიშის ქვეშ ხელი შევყავი, რომ მაღვიძარა გამოვრთო. რა სისასტიკეა ასე ადრე იძულებით ადგომა! თანაც ზამთარში, როცა გარეთ ჯერ კიდევ ბნელა... ვინც ეს აუცილებლობა დააწესა თავის დროზე, ნამდვილად ინსომნიით იტანჯებოდა.
სხვა რა გზა მაქვს? უნდა ავდგე, ჩავიცვა, ბავშვები გავაღვიძო, ჩავაცვა, ვასაუზმო, წავიყვანო სკოლაში, ბაღში... მერე სადილი უნდა გავაკეთო. ნიჟარაშიც დამრჩა გასარეცხი ჭურჭელი და ამ სისულელეებში ცხოვრების ნახევარი გადის....ერთადერთი ნათელი წერტილი, რომელიც ჩამთბარი საწოლიდან გამოძრომის სტიმულს მაძლევს - ყავაა!
მის გარეშე არც კი ვიცი, რა მეშველებოდა. პატარა რიტუალივით მაქვს, დილაობით ყავის აპარატში ყავის მოდუღება. ყავას ჩავყრი, წყალს ჩავასხამ. ისიც სასიამოვნოდ ახმაურდება. ჯერ წყალს გააცხელებს, მერე წვეთ-წვეთად დაეწვეთება დაფქულ ყავას და საოცარ სურნელს დააყენებს...
მახსოვს, 18 წლისამ ლექსი დავწერე ყავაზე:
„როდესაც გიყვარს,
როდესაც ელი,
მაგრამ ოცნების გმირი არსად ჩანს,
ჯობს, დაივიწყე ეგ ოცნებები,
- დაჯექი სახლში! დალიე ყავა!“
ეს ის პერიოდი იყო, როცა ღამ-ღამობით ღია ფანჯარასთან ვდგებოდი და ვარსკვლავებს ჩემი მეორე ნახევრის მალე გამოჩენას ვთხოვდი... საინტერესოა, ისე ნეტა მართლა თუ არსებობს?... პრინციპში, მაშინ სხვა გასართობი არც მქონდა. არც მობილურები იყო, არც კომპიუტერი და შესაბამისად, არც ინტერნეტი. არც ელექტროენერგია... მხოლოდ კარტი, ნარდი, ზოდიაქოების ყდაგადაქექილი სქელტანიანი წიგნი, სახელად - „ეძიე ვარსკვლავი შენი“, რომელიც ჩემს სადაქალოში, ხელიდან ხელში გადადიოდა და რაღა თქმა უნდა, - ყავა! მე და ჩემს გოგოებს ძალიან გვიყვარდა „ყავასთან მოსაყოლი ამბების“ მოსმენა...
***
ყავა აპარატში ერთგულად დამელოდება, სანამ ჯერ უფროს შვილს მივიყვან სკოლაში, მერე პატარას დავტოვებ ბაღში. მერე, მაღაზიაში შევივლი. ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდები თბილ სახლში, ცხელ ყავას ჭიქაში დავისხამ და ცოტა ხნით კომპიუტერს ჩავრთავ. - ეს ჩემი დროა, როცა ხელს არავინ მიშლის. ჯერ „ფეისბუქში“ შევდივარ და მთავარ გვერდს გადავხედავ, მერე სერიალს ვუყურებ (რა თქმა უნდა, ხარისხიანს). კიდევ კარგი, ეს ინტერნეტი მაინც არსებობს! ამ ფორმით მაინც ვახერხებ ადამიანებთან კომუნიკაციას.
პური ვიყიდე და ლიფტი გამოვიძახე. თექვსმეტსართულიან კორპუსში ვცხოვრობ და როგორც წესი, დილის საათებში ლიფტის ლოდინი დიდხანს მიწევს-ხოლმე. უცბად, ლიფტის კარი გაიღო და ის სიმპათიური მეზობელი გამოვარდა გიჟივით, სიზმარში რომ ვნახე... ალბათ დაეძინა და სამსახურში აგვიანდებოდა. ისეთი ძალით შემეჯახა, რომ ორივეს ნაპერწკლები გაგვცვივდა.
- აუუ, მაპატიე რა!
- აა, არა უშავს...
ამოვილუღლუღე და ლიფტში შევედი. მოულოდნელობისგან გული გამალებით მიცემდა. არა, მაინც რა უცნაურად ამიხდება ხოლმე სიზმრები? სხვათა შორის, რასაც ვწერ, ისიც ხშირად მიხდება... მაგრამ ამაზე მოგვიანებით მოგიყვებით.
***
სახლში ავედი. ჩემს ქმარს ჯერ კიდევ ეძინა. ყავა დავასხი და ჭიქა ცხვირთან მივუტანე. ყოველდღე ასე ვაკეთებ. ყოველ დილით ყავით ვაღვიძებ! როგორ ვოცნებობ, ერთხელ მეც გამაღვიძოს ვინმემ ყავით...
გაიღვიძებს, ყავას ლოგინშივე დალევს, მერე ადგება, სააბაზანოში შევა და მინიმუმ ნახევარი საათი აღარ გამოვა. მერე, ხუთ წუთში, ფართხა-ფურთხით ჩაიცვამს ტანსაცმელს და სამსახურში გავარდება. გვიანობამდე მუშაობს. შაბათ-კვირას კიდევ ყველაფერი ეზარება... საწოლიდან ადგომაც კი. შეუძლია მთელი დღე იწვეს და მუცელზე ლეპტოპი ედოს... ბავშვების სასეირნოდ წაყვანაზე საუბარიც კი ზედმეტია. თუ ვთხოვ, სადმე გაასეირნოს, ისე იჯღანება, ყველაფრის სურვილს მიკარგავს...
ამიტომ აღარც ვთხოვ და ყველაფერს ისევ საკუთარ თავზე ვიღებ. რა ვქნა, თავმოყვარე ვარ! ხვეწნა-მუდარა და მუქარა არ შემიძლია. მირჩევნია ბოლომდე მე დავიტვირთო, ვიდრე ვიღაცამ დამადლებულად გამიკეთოს რამე.
ისე, ქორწინებამდე როგორი იდეალურები ჩანან... ქორწილის მერე კი, უცებ მეორე ნახევარი გამოიღვიძებს და გეტყვის: „გამარჯობა, ძვირფასო! მე შენი ქმარი ვარ! ნაგავი შენ გადაყარე-ხოლმე! რა კაცის საქმეა ნაგვის გადაყრა? კინო? აუ, არ გეზარება წასვლა? აგერ ინტერნეტი და გადმოწერე რა ფილმიც გინდა...“ და ა.შ.
მერე შენც გეშლება ნერვები და...
„- რამდენჯერ გთხოვე, გასარეცხი ტანსაცმელი კვატში ჩაყარე-მეთქი? ვრეცხავ და თურმე დარჩენილა სადღაც გასარეცხი... ასე ძნელია, აიღო ეს დასაწვავი წინდები და კვატში ჩააგდო? სპეციალურად ვიყიდე ეს სარეცხის ჩასაყრელი კვატი!“
ის კი ამ დროს:
- „რა ვიცი მე სად დგას ის კვატი...“ (მეათასედ), ან - „ჰოო, ჰო...“ - და სახლიდან მიდის!
არა, დადებითიც ბევრი აქვს ჩემს ქმარს, ვერ დავუკარგავ... მაგალითად, არასოდეს შევუგინებივარ! არა, არც ვაპატიებდი... ვერ ვიტან, კაცები ცოლებს რომ აგინებენ. ჩემი მეზობელი (ოღონდ სხვა) თავის ცოლს ყოველდღე აგინებს. ბოლო ხმაზე ღრიალებს: „წადი შენი“-ო და როგორც წესი, სულ თვითონ მიდის ხოლმე. მერე ისევ ბრუნდება. - რას გაუგებ ამ კაცებს?
- ჩემიც წავიდა...
ყავის ბოლო ყლუპი მოვსვი. დროა, რუტინულ საქმეს შევუდგე. ეჰ, არადა რამდენი არაჩვეულებრივი რამაა ამქვეყნად, რასაც სიამოვნებით გავაკეთებდი?
- მოგზაურობა?
რა მოხდებოდა, იტალიაში რომ ვყოფილიყავი? ანდა, რომელიმე ეგზოტიკურ კუნძულზე... სიამოვნებით ჩავყვინთავდი კარიბის ზღვაში და წყალქვეშა მუზეუმს ვნახავდი...
ამის ნაცვლად კი ჭურჭელი უნდა გავრეცხო, სახლი დავალაგო და... ჩამოთვლაც აღარ მინდა... ან, რა საჭიროა? სასოწარკვეთილი დიასახლისები ხომ უსიტყვოდაც გამიგებენ...
იკითხეთ წიგნი "ბიბლუსის" წიგნის მაღაზიებში