დასაქმებულთა უმრავლესობა სამსახურში უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე სახლში, სამსახურში კვება კი უფრო მეტ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ვიდრე შინ სადილობა.
ამ ხარჯის შემცირება, როგორც წესი, რთულია, ვინაიდან გარეთ ჭამა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. იმისათვის, რომ გაგვერკვია, თუ რა უჯდებათ საქართველოში დასაქმებულებს გარეთ კვება, რამდენიმე ადამიანს გავესაუბრეთ. როგორც აღმოვაჩინეთ, ყველა მათგანი ლანჩში თითქმის ერთსა და იმავეს ხარჯავს და ეს თანხა საშუალოდ 7-8 ლარია.
გვანცა რადიოს საინფორმაციო გამოშვების ჟურნალისტია. შესაბამისად, ყოველდღიურად ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავს და კვებაც შესაბამისი ესაჭიროება. ის თითქმის ყოველდღიურად პურ-ფუნთუშეულით იკვებება და ხილის წვენს სვამს, რაშიც სამსახურში მინიმუმ 5 ლარი ეხარჯება, ხოლო თუ უკეთესი მზა კერძის შეძენა გადაწყვიტა, ხარჯი თითქმის 10 ლარამდე აღწევს:
"სამსახურში კვება თვეში დაახლოებით 200 ლარი მიჯდება. ამას პროდუქტების შეძენისას ვერ ვაცნობიერებ ხოლმე, მაგრამ საბოლოო ჯამში, სამსახურში სადილობისთვის ანაზღაურების დიდ ნაწილს ვხარჯავ. რამდენჯერმე თანხის დაზოგვა გადავწყვიტე და პროდუქტები სახლიდან წავიღე, თუმცა ეს უფრო დიდ დროს მოითხოვს, რადგან სადილი წინასწარ უნდა გაიმზადო, ამიტომ კვებაში თანხის დაზოგვა, სამწუხაროდ, მიჭირს".
ამავე პრობლემის წინაშე დგას რუსუდანიც, რომელმაც სამსახურში არაჯანსაღად კვების გამო წონაში მოიმატა კიდეც. ის ერთ-ერთი ამბულატორიული კლინიკის მენეჯერია და მთელი დღის განმავლობაში ოფისში ჯდომა უწევს, რაც ცხადია, მის ჯანმრთელობაზეც აისახება.
"როდესაც სადილი სახლიდან მომაქვს ხოლმე, მაშინ უფრო ჯანსაღად ვიკვებები და ნაკლებსაც ვხარჯავ. როცა მაღაზიაში მიწევს რაიმეს ყიდვა, ყოველთვის ცომეულს ან მაიონეზიან სალათს ვყიდულობ, რაც უკვე აღარც მსიამოვნებს. სამსახურში კვებაში მინიმუმ 10 ლარი მაინც მეხარჯება, რადგან ძალიან ბევრი საქმე მაქვს და ხშირად, ოფისში მთელ დღესაც ვატარებ ხოლმე" – აღნიშნავს რუსუდანი. გაგრძელება
იხილეთ ასევე: სადილი გზაში: რა გავიყოლოთ თან