ინგლისელი ფიზიკოს-თეორეტიკოსი სტივენ ჰოკინგი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია მეცნიერის ოჯახმაც დაადასტურა.
«ძალიან ვწუხვართ, რომ მამა გარდაიცვალა. ის უდიდესი მეცნიერი და არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. მისი მიღწევები და მემკვიდრეობა მრავალი წლის მანძილზე იარსებებს», — განაცხადეს ჰოკინგის შვილებმა: რობერტმა, ლუსიმ და ტიმოთემ.
შეგახსენებთ, რომ სტივენს 20 წლის ასაკში დიაგნოზი - ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი დაუდგინდა (ნერვული სისტემის დაავადება), რომელმაც მეცნიერი დამბლამდე მიიყვანა. ექიმები თვლიდნენ, რომ ჰოკინგი ორ წელზე მეტს ვერ იცოცხლებდა, მაგრამ მათი პროგნოზი არ გამართლდა. მიუხედავად მძიმე დიაგნოზისა, სტივენი მეცნიერებით იყო დაკავებული და სტუდენტებსაც ასწავლიდა.
სტივენს პირველი ცოლისგან, ჯეინ უაილდისგან სამი შვილი ჰყავს. შემდეგ ის თავის მომვლელ ქალზე, ელაინ მეისონზე დაქორწინდა, რომელთანაც 11 წელი იცხოვრა.
ჰოკინგი კვანტური კოსმოლოგიის ერთ-ერთ დამფუძნებლად ითვლება. ფიზიკის ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად ითვლება თერმოდინამიკის კანონების გამოყენება შავი ხვრელების აღწერილობაში და "ჰოკინგის რადიაციის" აღმოჩენა. მისი წიგნები: "დროის მოკლე ისტორია", "შავი ხვრელები და ახალგაზრდა სამყაროები" და სხვ. ბესტსელერები გახდა.