,,მას შემდეგ, რაც აფხაზეთიდან დავბრუნდი, ირაკლიმ სოცქსელში მომწერა: ,,ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი კარგი დაუგეგმავად ხდება, ისე, როგორც ქართველი გოგოს შეყვარებაო". მოკლედ, ერთი სული მქონდა, სამუშაო საათები დამთავრებულიყო და სოციალურ ქსელში ირაკლის წერილები წამეკითხა. ეს უხეში, ჩაკეტილ რეგიონში გაზრდილი, მხოლოდ სლენგზე მოსაუბრე ბიჭი თანდათან იცვლებოდა. ღამეებს ინტერნეტზარებსა და მესიჯების გზავნაში ვატარებდი. თითქმის მთელი ღამის უძილოს ძალიან მიჭირდა მუშაობა. ირაკლიმ მირჩია, თავისუფალი გრაფიკით მემუშავა ან საუბრისთვის კვირაში რამდენიმე დღე დაგვეწესებინა. შემდეგ გადაიფიქრა, ურთიერთობა ისედაც შეზღუდული გვაქვს და გრაფიკით სიყვარულს ვერ შევძლებო. დრო გადიოდა... შემდეგ ირაკლი ოჯახური ძალადობის თემაზე არსებულ პროექტში ჩაერთო და ქალების უფლებების დაცვაზე მუშაობდა, რითაც ძალიან გამაოცა.
პოლიტიკაზე არასდროს ვსაუბრობდით. ჯერ ერთი, ეს თემა სოციალურ ქსელებში ძალიან მკაცრად კონტროლდება და არ მინდოდა მისთვის პრობლემები შემექმნა, თანაც არ ვიცი, რა იქნება ხვალ ჩემს ცხოვრებაში.
ირაკლი იმ რესტორნის ამბებს მიყვებოდა, სადაც ვმუშაობდი. მომსახურე პერსონალისგან მოკითხვებს ვიღებდი.
ჩემი სიყვარულის ამბავს ვერავის ვუმხელდი. თავისუფალ დროს მთლიანად ირაკლის ვუთმობდი. ფილმებსაც ერთად ვუყურებდით, ონლაინში, თან განვიხილავდით, ვმსჯელობდით. ეს მონატრებას ცოტათი მიმსუბუქებდა...
ირაკლის მამამ თბილისის ერთ საავადმყოფოში იმკურნალა, მაგრამ ღვიძლი უკვე იმდენად მძიმე მდგომარეობაში ჰქონდა, ვერ გადარჩა. თბილისში მკურნალობისას თურმე ირაკლის დედა ქმარს თავზე ადგა. რამდენჯერმე მეც მქონდა თბილისში ჩასვლის შანსი, მაგრამ თავი შევიკავე, არადა, იქ დედაჩემს ნათესავები ჰყავს, სოხუმელები, დევნილობის შემდეგ თბილისში ცხოვრობენ და კარგი ურთიერთობა გვაქვსო, - მეუბნებოდა ირაკლი.
ერთ დღესაც, მეგობრის დაბადების დღის სუფრაზე ყოფნისას მომწერა, ჩემთან მინდა იყო, ახლა და სამუდამოდო. ვიფიქრე, სასმელი ალაპარაკებს-მეთქი და აღარ ჩავძიებივარ. თუმცა ამ თემაზე საუბარი განაგრძო, ორივემ უნდა ვიცოდეთ, რა გვინდა ერთმანეთისგან. აფხაზი ბიჭები ქართველ გოგონებზე ხშირად ქორწინდებიანო. ეს უკვე სიგნალი იყო...
,,რა შეგიძლია გააკეთო ჩემთვის", - ვკითხე ერთ დღეს. ,,ყველაფერი", - მითხრა ღიმილით...
იხილეთ გაგრძელება
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>