სიახლე

როგორ დაიპყრო პატარა კახმა დიდი სპარსეთი – რას წერდა ინგლისური პრესა ქართველების შესახებ

როგორ დაიპყრო პატარა კახმა დიდი სპარსეთი – რას წერდა ინგლისური პრესა ქართველების შესახებ
ისტორიის სრულყოფის მთავარი საშუალებები წყაროები და არქეოლოგიური მასალაა. ცოდნა, რომელსაც ადამიანი უხსოვარი დროიდან დღემდე ქმნიდა, სხვადასხვა საშუალებით გადაეცემა თაობიდან თაობას და ასე იქმნება ერთი ერის, შედეგად - მთელი მსოფლიოს - ისტორია.

საქართველოს შესახებ ცნობებს არა მხოლოდ ქართული წყაროებით, არამედ ბევრი უცხოური ისტორიული წყაროს საშუალებით ვიგებთ. პრესის გაჩენის შემდეგ ცნობების გავრცელება და შენახვა უფრო მარტივი გახდა. დღეს სწორედ ერთ-ერთ ასეთ უცხოურ წყაროზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის შეიძლება უცნობი იყოს. მის შესახებ გამოცემის „ქართველები მსოფლიო
ისტორიაში“ მეორე ტომში ვკითხულობთ.

XVIII საუკუნის 50-იან წლებში ინგლისური გაზეთების ფურცლებზე საინტერესო სტატიები გამოჩნდა, რომელთა მიხედვითაც, ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-მ სპარსეთი დაიპყრო. მაგალითად, 1753 წელს გაზეთი Public Advertiser-ი წერდა:

„ამსტერდამიდან მიღებული ბოლო წერილის თანახმად, პრინცი ჰერაკლიუსი სპარსეთის ახალი დამპყრობელია. ის ჭეშმარიტად ფლობს მომხიბლავ ხელოვნებას, დაატყვევოს ახლად დაპყრობილთა გულები, ეს უკანასკნელნი კი მის ერთგულებაში გამორჩეულნი არიან და ყველა წინამორბედზე მეტად მას ემორჩილებიან“. სტატიის ავტორი, რა თქმა უნდა, ერეკლე II-ს გულისხმობს და მას სპარსეთის დამპყრობელს უწოდებს.

როგორ შეიქმნა ლეგენდა ქართველთა მიერ სპარსეთის დაპყობის შესახებ, რა მოხდა სინამდვილეში?

როგორც ისტორიკოსი გიორგი კალანდია წერს, ეს გაზვიადებული კამპანია რამდენიმე გარემოებით იყო გამოწვეული: 1750-იანი წლებისთვის სპარსეთში შაჰობის სამი ყველაზე ძლიერი კანდიდატი გამოიკვეთა, რომელთა შორის ორი ერეკლეს უშუალო ბრძოლაში სასტიკად ჰყავდა დამარცხებული. შაჰობის ერთ-ერთი უძლიერესი მაძიებელი მოჰამედ-ხან ყაჯარის დამარცხების შედეგად ერეკლემ ხელთ იგდო სპარსეთის შაჰის რეგალიები.

ამის შესახებ საინტერესო ცნობას გვაწვდის შვედი ოფიცერი, რომელიც 1753 წელს გაზეთ „სანკტ-პეტერბურგსკიე ვედომოსტოში“ წერს: "...ირაკლიმ დაამარცხა იგი [მოჰამედ-ხანი] და წაართვა შაჰის რეგალიები, რომლებიც ახლა ტფილისში ინახება“. როგორც ჩანს, სწორედ ამ ფაქტმა შეუწყო ხელი ევროპული ლეგენდის შექმნას იმის შესახებ, რომ ერეკლე მეფე სპარსეთის დამპყრობელი გახდა.
ეს კიდევ ერთი ნიმუშია, რომ რეალობიდან ლეგენდამდე ერთი პატარა ნაბიჯია. ხშირად რამდენიმესიტყვიანი წყაროც კი მთლიანად ცვლის ისტორიას და მკვლევარებს ახალი დასკვნების გამოტანისკენ უბიძგებს. გამოცემის „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ თორმეტივე ტომი ასეთი და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი წყაროებით, ასევე, უიშვიათესი რეპროდუქციებით, არის გამდიდრებული. მათი უმრავლესობა ქართველი მკითხველისთვის მხოლოდ ახლა გახდება ცნობილი. ამიტომ აღნიშნავს პროექტის ავტორი გიორგი კალანდია, რომ „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ ნამდვილად ამბიციური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქართველთა ისტორიული კვალის ასახვას მთელ მსოფლიოში უძველესი დროიდან მეორე მსოფლიო ომამდე.

შეგახსენებთ, „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ ხელოვნების სასახლის დირექტორის, ისტორიკოს გიორგი კალანდიასა და გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პროექტია, რომელიც 12 ტომს აერთიანებს. ყოველი ახალი ტომი თვეში ერთხელ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოიცემა და ქრონოლოგიურად მოგვითხრობს იმ ქართველების შესახებ, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს მსოფლიოს ისტორიაში.

გამოცემის მეორე ტომი 14 დეკემბრიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოდის. აქ გაეცნობით იმ ქართველების ისტორიებს, რომლებმაც სპარსეთის, ავღანეთისა და ეგვიპტის ისტორიაში ქართული კვალი დატოვეს. წიგნის სპეციალური ფასია 13.50, გაზეთთან ერთად - 15.00 ლარი.

გამომცემლობა "პალიტრა L“-ის წიგნები იყიდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ქსელურ მარკეტებსა და პრესის გავრცელების წერტილებში: „მაგნიტი“, „ნიკორა“, „დეილი“, „ეკონომიქსი“, „სპარი“, „ფრესკო“ და სხვა. კონკრეტული მისამართები იხილეთ ბმულზე https://bit.ly/3o5IOso გამოწერის შემთხვევაში, მიმართეთ elva.ge-ს ქოლ-ცენტრს: 577991651


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93