ოკუპირებული აფხაზეთიდან მდინარე ენგურის გადმოკვეთისას დაღუპული 4 მოქალაქის ცხედარი გალის რაიონში გადაასვენეს. ტრაგედია 7 აპრილს მოხდა, როდესაც ისინი მდინარის გავლით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას ცდილობდნენ...
მაშველებმა თავიდან სამი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს წყლიდან, მეოთხე ადამიანის პოვნა მოგვიანებით გახდა შესაძლებელი... გარდაცვლილებიდან სამი მათგანი ერთი ოჯახის წევრები არიან – ცოლ-ქმარი მაყვალა გამისონია და ჯონი (ელგუჯა) გვალია, რომელთაც სამი შვილი დარჩათ. ასევე, მათი რძალი, 34 წლის თამუნა ცატავა და მეგზური, 62 წლის თამაზ ბასლანძე.
7 აპრილს მდინარე ენგურში დაღუპული მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. 10 აპრილის 00:00 საათიდან 11 აპრილის 00:00 საათამდე, ქვეყანაში სახელმწიფო დროშები დაეშვა. განკარგულებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.
როგორც დაღუპული ცოლ-ქმრის ახლობელი ამბობს, ცოლ-ქმრისა და კიდევ ორი დაღუპულის ცხედარი საკუთარ სახლში გუშინ გადაასვენეს...
- დაღუპულები ახლობლებმა ენგურის ხიდამდე მივაცილეთ, მეორე მხარეს კი მთელი სოფელი და იქაური საახლობლო დახვდათ. მაყვალას ძმაც ვერ გადავიდა... ამას ახლა გიყვებით ასე, უემოციოდ, რადგან ამ დღეებში ნანახმა და გადატანილმა ადამიანის სახე წამართვა. ჩემი და იქ ცხოვრობს, მათთან ახლოს. ბავშვების ყურების საცოდაობით გული მისკდება, ჩვენ აქეთ ამათი საცოდაობით ვიწვით...
ჯონის მოხუცი დედა ჰყავს, ახლა ის დარჩა დაობლებული ბავშვების იმედად. არადა, მოხუცი ძლივს დადის. სამი ბავშვი დაობლდა. ყველაზე პატარა 6 წლის არის, შიშები დასჩემდა. კიდევ ერთი ისე ცუდად გამხდარა, ძლივს გამოუყვანიათ ექიმებს მდგომარეობიდან..
- ბავშვებიც იქით ცხოვრობენ?
- დიახ, სკოლაშიც იქით დადიან... ისე განვიცდი მათ უბედურებას, ჩემს შვილებსაც ვერ ვეფერები, თავს დამნაშავედ ვგრძნობ თითქოს. ალბათ ყველა ვართ დამნაშავე, რაც მოხდა, რადგან ვერაფერი შევცვალეთ. ქართულ მხარეს 5-დღიანი კარანტინი ვერ გავაუქმებინეთ, აფხაზურს გზის გახსნა... ისედაც ნებისმიერ შემთხვევაში აქეთ მოჰყვათ თავიანთი ავადმყოფები და აქ თავს ევლებიან, ჩვენ კი სიცხის დამწევი რომ ვიყიდოთ, ბეწვის ხიდზე გვიწევს გავლა... არ ვიცი, მოხუცი ბებიის იმედად იქ როგორ იქნებან ბავშვები, მაგრამ რა ქნან, აქეთ დასარჩენიც არ აქვთ.
- დაღუპულები ერთ ეზოში ცხვრობდნენ, არა?
- დიახ, თამუნას პატარა ბიჭის ყურება ცალკე გვიკლავს გულს, დედის სითბოს ვერავინ შეუცვლის, მაგრამ იმას მამა მაინც დარჩა, რომელიც ჩაიხუტებს და მოეფერება... სიტყვებს ვერ ვპოულობ იმ უბედურების აღასწერად, რაც იქ ხდება.
იხილეთ სრულად
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>