დღეს საქართველო და მსოფლიო ძალადობის პრობლემას კვლავ ებრძვის. ათასობით ქალი მეუღლის, შეყვარებულის ან ოჯახის წევრის მხრიდან მუდმივი ძალადობის მსხვერპლია. ზოგი ითმენს, ზოგი კი მალევე ახერხებს თავის დაღწევას. ფსიქოლოგების თქმით, ყველა ქალის შემთხვევა ინდივიდუალურია და ბოლომდე დაუდგენელია, რატომ ითმენენ ქალები ძალადობას, თუმცა მთავარი მიზეზი სიმარტოვის, საზოგადოების დამოკიდებულებისა და ცხოვრების ახლიდან დაწყების შიშია.
როდესაც ძალადობა უკიდურეს ზღვარს აღწევს და მსხვერპლი ხვდება, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, იმაზე ფიქრს იწყებს, როგორ გადაირჩინოს თავი და როგორ გაექცეს მოძალადეს. აქ მნიშვნელოვან როლს თვითონ მოძალადის დამოკიდებულება თამაშობს. ხშირად მამაკაცები, რომლებიც ქალებზე ფიზიკურად ძალადობენ, ნებისმიერი არასწორი ქმედების შემდეგ თავიანთი საქციელის გამოსწორებას საჩუქრებით, ტკბილი სიტყვებითა და ძვირად ღირებული ნივთების შეძენით ცდილობენ. ქალების გარკვეული კატეგორია ამას ივიწყებს, თუმცა ნაწილს გაქცევის სურვილი არ უქრება.
ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ მოძალადე კაცების უმეტესობა შეკითხვაზე, თუ რატომ ძალადობდნენ ისინი პარტნიორზე, ერთნაირ პასუხებს სცემდა - მათ მარტო დარჩენის შიში ჰქონდათ. ხოლო ქალები, რომლებიც წლები ითმენდნენ პარტნიორის მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რამდენიმე მთავარი მიზეზის გამო არ ტოვებდნენ მოძალადეს. ქალები მისგან ხშირად ისმენდნენ მუქარას შვილებისა და ოჯახის სხვა წევრებზე. მოძალადე აშინებდა მსხვერპლს, რომ მისი დატოვების შემთხვევაში ის დახოცავდა ბავშვებს, მოკლავდა თავად მას და დაზარალებულს მარტო ცხოვრების საშუალებას არ მისცემდა.
არსებობს გავრცელებული მიზეზები იმისა, თუ რატომ ითმენს ქალი ჩაგვრასა თუ ფიზიკურ შეურაცხყოფას:
- შიში იმისა, რომ მოძალადის ქმედებები უფრო ძალადობრივი გახდება და შეიძლება მიაღწიოს ლეტალურ შედეგს იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლი მას დატოვებს;
- მსხვერპლს არ მიიღებენ ოჯახის წევრები და მეგობრები;
- შიში იმისა, რომ ის ვერ აღზრდის ბავშვს მარტო, რადგან არ აქვს ფინანსური კაპიტალი და არ მუშაობს;
- დაზარალებული ფიქრობს, რომ ნებისმიერი არასწორი ქმედება მისი ბრალია და პარტნიორის ძალადობა მისადმი სიყვარულით არის გამოწვეული;
- დაზარებულმა არ იცის, გაქცევის შემთხვევაში ვის მიმართოს; ფიქრობს, რომ მხარს არ დაუჭერენ;
- ბავშვზე მეურვეობის დაკარგვის შიში ქალბატონებს აიძულებს, მოითმინონ ეს ყველაფერი. მათ ეშინიათ, რომ მოძალადე შვილებს წაართმევს ან რაიმეს დაუშავებს მათ;
- ქალებს ეშინიათ, რომ მოძალადისგან გაქცევით უსახლკაროები დარჩებიან;
- ხშირად მსხვერპლს სჯერა, რომ ბავშვისთვის ორი მშობელი აუცილებელია და სჯობს მან ძალადობა შვილების გამო აიტანოს.
წყარო: ncadv.org