უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან რამდენიმე შეზღუდვა იხსნება.
1-ლი ივნისიდან საქართველო სახმელეთო საზღვრებს ხსნის
როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ განმარტა, სახმელეთო საზღვრები გაიხსნება და საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR უარყოფითი ტესტის პასუხით, ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით.
"ამ შემთხვევაში, პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ვალდებულნი იქნებიან, მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ PCR ტესტი. აქვე გაცემულია რეკომენდაცია, რომ ყველა ვიზიტორს თან ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ასევე ფარავს კოვიდთან დაკავშირებულ შემთხვევებსაც. გარდა ამისა, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსა და რეზიდენტებს საქართველოს საზღვრის კვეთა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით შეეძლებათ, ემატება კანადა, იაპონია, ქუვეითი, ჩინეთი, სამხრეთი კორეა, მოლდოვა და ომანი", - განაცხადა ღიბრაძემ.
რესტორნებისთვის შაბათ-კვირის შეზღუდვა იხსნება
1-ლი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად იხსნება და მათ საშუალება ექნებათ, სტუმრებს დახურულ სივრცეშიც გაუმასპინძლდნენ. ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.
მიუხედავად ამისა, ძალაში რჩება შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება ქორწილს, ქელეხს და ბანკეტს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმეთვიანი აკრძალვის შემდეგ, კვების ობიექტებმა მუშაობა 15 თებერვალს განაახლეს, თუმცა მხოლოდ ღია სივრცეებში. მოგვიანებით, 8 მარტიდან გაიხსნა დახურული სივრცეებიც. ამ დრომდე ძალაში რჩებოდა შაბათ-კვირის აკრძალვა.