ეს სტატია უპირობო სიყვარულის შესახებ არის, რომლის გამოგონებაც შეუძლებელია.
პედაგოგი და ფსიქოლოგი, აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი ის პიროვნებაა, რომლის მიმართაც ძირითადად დადებით მოსაზრებებს ვისმენთ.
ბავშვების აღზრდა-განათლებაში მონაწილეობის მიღება მისი უდიდესი მოწოდებაა.
პანდემიის პირობებში სწავლასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა გაჩნდა.
„დისტანციური მეთოდებით მხოლოდ სწავლება შეიძლება.
რაღაც ცოდნა რომ გადავცეთ, ვთქვათ, ფიზიკაში, მათემატიკაში, ისე, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება, როცა ვისმენთ ხოლმე რაღაც მეცნიერულ გადაცემებს, რაღაცას ვსწავლობთ, მაგრამ დისტანციური ურთიერთობით აღზრდა წარმოუდგენელია.
აღზრდას სჭირდება უშუალო ურთიერთობა.
როდესაც აღმზრდელი აღსაზრდელის გვერდით დგას, გაუღიმებს, ხელს ჩამოართმევს, მიიხუტებს და რაღაცას ჩასჩურჩულებს, ამ პირობებში იქმნება ის, რასაც ჩვენ აღზრდას ვეძახით და ეს სწავლებაზე უფრო მთავარია. რა თქმა უნდა, დისტანციური წესით შეიძლება რაღაცები გავაკეთოთ, მაგრამ ამან არ უნდა შეცვალოს ცოცხალი ურთიერთობები", -განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ბატონმა შალვამ.
ბატონ შალვას ისიც აქვს ნათქვამი, რომ პირველი მასწავლებელი ის კი არ არის, ვისთანაც შვილი პირველ კლასში მიჰყავთ, არამედ თავად მშობლები არიან პირველი მასწავლებლები.
- ჰუმანური პედაგოგიკის კონცეფციის ავტორმა ერთხელ სემინარზე მასწავლებლებს კითხვა დაუსვა: „წარმოიდგინეთ სიტუაცია, მეოთხე კლასში გაკვეთილს ატარებთ. ამ დროს შემოდის ბავშვი, რომელიც 20 წუთით იგვიანებს. როგორ მოიქცეოდით?“
- მასწავლებლებმა სხვადასხვა ვარიანტის შეთავაზება დაიწყეს: „გადით კლასიდან“, „მომეცით დღიური“, „დაჯექით თქვენს ადგილზე, გაკვეთილის შემდეგ ვისაუბრებთ“ ... მაგრამ ამ პასუხებმა ბატონ შალვას კმაყოფილება ვერ მოჰგვარა.
- მან კითქვა: „როდესაც ბავშვი შემოვიდოდა, მთელი გულით ვეტყოდი: „გამარჯობა, ჩემო შვილო, გთხოვ შემოდი, დაჯექი, გაკვეთილი ვერ დავიწყეთ თქვენ გარეშე, გელოდებოდით”. ამას უპირობო სიყვარულს უწოდებენ. თუ მეორე დღესაც დააგვიანდება, კიდევ უფრო დიდი სიყვარულით ვეტყვი: „გამარჯობა, ჩემო საყვარელო შვილო, როგორ გელოდებოდი, ჩქარა შემოდი, დაჯექი. გაკვეთილი ვერ დავიწყეთ თქვენ გარეშე“.
იცით, თუ ამას სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ გააკეთებთ, ბავშვი გაკვეთილზე აღარ დაიგვიანებს, რადგან ის მხოლოდ სიყვარულის წმინდა იმპულსს პასუხობს. ეს არის ბავშვის ფსიქოლოგია: „თუ ის გრძნობს, რომ სადღაც უპირობოდ უყვართ, ათბობენ, ღირებულად მიიჩნევენ, პატივს სცემენ როგორც ადამიანს, იქ აღარასდროს დაიგვიანებს”.
ამბობენ, რომ თავად შალვა ამონაშვილი მეშვიდე კლასამდე ცუდი მოსწავლე იყო. სკოლა კი ოქროს მედლით დაამთავრა.
სწავლის მიმართ მისი დამოკიდებულება შეცვალა ქართული ენის ახალმა მასწავლებელმა, რომელიც ბავშვებს დიდი პატივისცემით ეპყრობოდა.
დაბოლოს, ბატონი შალვას რამდენიმე ციტატა სიყვარულის, განათლებისა და სკოლის შესახებ:
- ”პედაგოგიკის არც ერთ სახელმძღვანელოში არ არსებობს სიტყვა: „სიყვარული ”. გამოდის, რომ ბავშვები სკოლაში ავტორიტარული რეჟიმის მიხედვით იყვნენ აღზრდილები. უნივერსიტეტი მხოლოდ აძლიერებს მას და ისინი სკოლაში ბრუნდებიან იმავე განწყობის მასწავლებლებად. ახალგაზრდა პედაგოგები მოხუცებივით არიან. შეძლებს თუ არა ასეთი სკოლა ბავშვის განვითარებას მისი მიდრეკილებების სიღრმიდან გამომდინარე? "- აქვე ბატონი შალვა საუბრობდა იმ მასწავლებლებზეც, რომლებიც სკოლაში ზოგჯერ ცოტანი არიან. საუბარია ადამიანებზე, რომლებიც განსაკუთრებული მიდგომით, სიკეთით და სიყვარულით გამოირჩევიან.
- ”ჩვენ იმდენად ვართ ადამიანები, რამდენადაც მაღალი მისწრაფებები გვაქვს. თუ ეს მისწრაფებები მაღალია, სხვანაირია თვალები, მეტყველება, ურთიერთობა და თუ მიზნები დაბალი გაქვს, ისეთივეა ჩვენში და ჩვენ გარშემო ყველაფერი. ბავშვი მოვლენაა და მას მოაქვს თავისი მისია, თქვენს ბავშვებს თავიანთი მისიები აქვთ. ამიტომ, დედა რომ ხარ, ჩააწვეთე შენს შვილს წვეთ-წვეთად: „შვილო, შენ არც კი იცი, რითი მოხვედი, რაღაცა დიდი გაქვს შენს გულში. მე არ ვიცი და ვერავინ გვეტყვის, მაგრამ თუ შენ ხანდახან ჩაიხედავ შენს გულში და იტყვი, რატომ დავიბადე? რა უნდა გავაკეთო? ვის რა უნდა მოვუტანო და სხვა ამგვარი, შენ იპოვი ამას“. თუ ჩვენ ამას ვასწავლით ბავშვს და ამაში მასწავლებელი და სკოლაც დაგვეხმარება, მაშინ ბავშვები გაბედნიერდებიან.”