ფოტოგრაფ მარიამ ნაკანს სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. მას 146 ათასი გამომწერი ჰყავს, რომელთაც ხშირად უზიარებს პროფესიულ სიახლეებს, პირად და ოჯახურ ფოტოებს. ამჯერად ის „ინსტაგრამსთორის“ საშუალებით წონის კლების შესახებ საუბრობს და ამბობს, ზედმეტი სამი კილოგრამის მოსაშორებლად ინტენსიურად ვარჯიშობს: „ახლა ვარ 53 კილო და ვიწყებ ინტენსიურ სირბილს. ბევრ წერილს ვიღებ, რად გინდა დაკლება, ძალიან კარგი წონა გაქვსო. ყველას თავისი იდეალური წონა აქვს, როცა თავს კომფორტულად გრძნობს. მე მინდა, რომ სამი კილოგრამი დავიკლო, ამისთვის ვვარჯიშობ და, რა თქმა უნდა, კვებასაც ვიცავ. ვებრძვი სიზარმაცესაც. ამ სიცხეში ცოტა რთულია სირბილი, თუმცა, მიხარია, რომ არსებობს რამდენიმე პარკი, სადაც შეიძლება, რომ თავისუფლად ივარჯიშო“ - ამბობს მარიამ ნაკანი.
ფოტოგრაფი მეუღლესთან, გიორგი მამასახლისთან ერთად ვარჯიშობს. მეუღლისა და პირადი ცხოვრების შესახებ მარიამ ნაკანი იშვიათად საუბრობს. მას პირველი ქორწინებიდან გოგონა, ლიტუკა თავაძე ჰყავს, რომელიც სოციალურ ქსელში ასევე პოპულარულია. გიორგი მამასახლისთან ქორწინების დროს კი მეორე შვილი, სოფო მამასახლისი შეეძინა.