მენსტრუალური ციკლის კალენდარი ქალებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და გამოსადეგი რამაა, ხოლო იმის ცოდნა, თუ როგორ გამოიყენოთ ასეთი კალენდარი, არის გზა პროფესიული და პირადი წარმატებისკენ. კალენდარი შედგება მენსტრუალური ციკლის ძირითადი ეტაპებისგან, რომელიც რეგულირდება სქესობრივი ჰორმონებით.
მენტრუალური ციკლის საშუალო ხანგრძლივობაა 28 დღე. თუმცა, ზოგისთვის ეს შეიძლება იყოს უფრო მოკლე - 24 დღემდე, ზოგისთვის შეიძლება უფრო გრძელი - 35 დღე. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ქალის სხეულის მახასიათებლებზე, მისი ცხოვრების წესზე, მემკვიდრეობაზე, გარემოზე. მენსტრუაცია იწყება პუბერტატულ ასაკში (დაახლოებით 12 წლიდან) და მთავრდება მენოპაუზის დაწყებით (მენოპაუზის საშუალო ასაკი 52 წელია). შედეგად, რეპროდუქციულ პერიოდში ქალს, დაახლოებით, 480 მენსტრუაცია აქვს. ციკლი შეიძლება დაიყოს რამდენიმე პერიოდად, თითოეულ მათგანში ჰორმონების თანაფარდობა განსხვავებულია.
1-5 დღე
ციკლის პირველი ეტაპი იწყება მენსტრუალური სისხლდენის პირველ დღეს და გრძელდება კვირაზე ცოტა ნაკლებს. ამ დროს სხეული წინააღმდეგობას უწევს ნებისმიერ სამუშაოს, რომელიც მოითხოვს დიდ ძალისხმევას. "შორ მანძილზე სირბილი, შვებულებაში წასვლა... - არ არის ის, რასაც ამ დროს ორგანიზმი გთხოვთ“ - ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი მარიონ გლუკი. ამ პერიოდში მოერიდეთ მნიშვნელოვან შეხვედრებს, წვეულებებს, არ დაგეგმოთ გრძელი მოგზაურობები. უმჯობესია, დრო გაატაროთ ოჯახთან და დაკავდეთ საოჯახო საქმეებით.
უნდა იცოდეთ, რომ ამ დროს ექსტროგენის დონე ორგანიზმში მცირდება. ეს ჰორმონი პასუხისმგებელია ქალის ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობაზე, აძლევს მას ძალას, ზრდის სიცოცხლისუნარიანობას. მენსტრუაციის დროს სხეული კარგავს უამრავ რკინას, შესაბამისად, სისუსტის შეგრძნება, დაღლილობის მომატება ჩვეულებრივი ამბავია. კარგი იქნება, თუ ასეთ დროს თქვენ კვების საციონს გადახედავთ და შევასებთ მას რკინით მდიდარი პროდუქტებით.
6-13 დღე
რთული ეტაპი დასრულდა. მენსტრუალური ციკლის ამ ფაზას ასევე უწოდებენ "ფოლიკულურს". ჰორმონი ექსტროგენი, რომელის დონეც ორგანიზმში იმატებს, ახდენს გავლენას რეპროდუქციულ ფუნქციაზე, ააქტიურებს გონებრივ აქტივობას, აუმჯობესებს ემოციურ რეაქციებს და მეხსიერებას, აქვს სასარგებლო გავლენა ძვლოვან სისტემაზე, ხელს უწყობს ჯანსაღი თმისა და ახალგაზრდული კანის შენარჩუნებას.
მეორე ეტაპი არის შესანიშნავი დრო ახალი პროექტებისთვის, საქმიანი მოლაპარაკებებისთვის, წვეულებებისა და მოგზაურობისთვის. იმისთვის, რომ მოიშოროთ დაღლილობისა და სისუსტის გრძნობა, მიირთვით ცილით მდიდარი პროდუქტი, კვერცხი, ქათამი, თხილი...
14-16 დღე
ამ პერიოდში მამრობითი ჰორმონის, ტესტოსტერონის დონე, ორგანიზმში ოდნავ იზრდება. ასეთ დროს ქალი სავსეა თავდაჯერებულობით, შეუძლია გავლენა მოახდინოს სხვის სურვილებზე. გაუმჯობესებულია მისი ყნოსვის გრძნობა, კოორდინაცია, ასევე, დაჩქარებული აზროვნება და უკეთესად იღებს გადაწყვეტილებებს. იმისთვის, რომ ორგანიზმმა შეინარჩუნოს ჰორმონალური ბალანსი, უმჯობესია, მიირთვათ ისპანახი და სალათის ფოთოლი, მოერიდეთ დიდი რაოდენობით ტკბილეულსა და ყავას.
17-28 დღე
ოვულაციის ფაზის შემდეგ იწყება ლუტეალური ფაზა. უჯრედები აგროვებენ სპეციალურ ლუტეალურ პიგმენტს, ხდება ფოლიკულის რღვევა, საიდანაც კვერცხუჯრედი გამოდის და მის ადგილას ჩნდება ყვითელი სხეული - დროებითი ორგანო. ის ამზადებს საშვილოსნოს ლორწოვან გარსს ემბრიონის მისაღებად და პასუხს აგებს მის შემდგომ განვითარებაზე. თუ განაყოფიერება არ ხდება, ყვითელი სხეული თანდათან კვდება, საშვილოსნოს შიდა გარსი (ენდომეტრიუმი) იშლება და იწყება მენსტრუაცია. ასეთ დროს ქალი მშვიდი და გაწონასწორებულია. გაატარეთ ეს დრო ოჯახთან ერთად, თუ ვინმესთან უთანხმოება გაქვთ, დაუთმეთ დრო ურთიერთობის გამოსწორებას. თუ თქვენი სხეული სწორად მუშაობს, ესტროგენის დონე ამ დღეებში უნდა შემცირდეს. მაგრამ ეს ყოველთვის არ ხდება, რასაც არაჯანსაღი კვება და სხვა გარემოებები განაპირობებს. შედეგად, სხეულში გროვდება ესტროგენის ჭარბი რაოდენობა, ქალი ხდება გაღიზიანებული, შეიძლება შეაწუხოს თავის ტკივილმა, სარძევე ჯირკვლების შეშუპებამ და სხვ.
დიეტოლოგები ამბობენ, რომ ამ პერიოდში არ უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით ტკბილეული და უარი უნდა თქვათ დაკონსერვებულ პროდუქტებზე. ნახევარფაბრიკატებსა და უმ კერძებზე. კარგი იქნება, თუ, დაძაბულობის მოსახსნელად, მიიღებთ პიტნისა და ლიმონის ჩაის.
აწარმოეთ თვენი მენსტრუალური კალენდარი ზემოთ მოყვანილი ინფორმაციის მიხედვით, მასში მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნით, თქვენ გაცნობიერებული იქნებით თქვენი სხეულის ქცევისა და თავისებურებების შესახებ და კრიტიკული დღეები ბევრად მარტივი გახდება.