„ქართული ოცნების" წევრის და ახლა უკვე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას მეუღლე ელიზავეტა (ლიზა) ოსმინინა სოციალურ ქსელში აქტიურია. მას პერსონალური ბლოგი, სახელწოდებით „mycitytbilisi“ აქვს და ხშირად წერს მეუღლეზე, შვილებზე, ქართულ კულტურაზე, ტრადიციებზე, ლეგენდარულ ქართულ მომღერლებსა და მსახიობებზე.
ამჯერად ლიზა ვრცელ პოსტს კორონავირუსის შესახებ აქვეყნებს და გამომწერებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს: „რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს. ივლისის ბოლოს „ფაიზერის“ პირველი დოზა გავიკეთე, ერთი კვირის შემდეგ კი კორონავირუსი შემხვდა. მაღალი ტემპერატურა, ხველა და საშინელი სისუსტე. ჩემ შემდეგ ელენა და ანუშკაც გახდნენ ავად. ნიკა კი ერთადერთი იყო ჩვენი ოჯახიდან, რომელსაც ვირუსი არ გადაედო. ვაქცინაციის წყალობით, ყველაფერი მარტივად გადავიტანე. თბილისში რომ დავბრუნდები, მეორე დოზასაც აუცილებლად გავიკეთებ. მეგობრებო, კოვიდი ძალიან ცუდი რამაა, ანადგურებს მთელ ორგანიზმს... მე ჯერ კიდევ საშინელი სისუტე მაქვს და ვგრძობ, რამხელა დარტყმა მიადგა ჩემს ჯანმრთელობას. ჩემმა ერთმა მეგობარმა, რომელმაც ასევე გადაიტანა კორონავირუსი, მომწერა, რომ ეს საშინელი დაავადებაა, თუმცა ერთი კარგი თვისება აქვს, მისი გადატანის შემდეგ თითქოს თავიდან იბადები და ეს მართლაც ასეა... მნიშვნელოვანია, რომ დავინახოთ სიკეთე ყველაფერში, ვეძებოთ დადებითი. მადლობა, მეგობრებო, თქვენი მხარდაჭერისა და სითბოსთვის.“ - წერს ლიზა კუჭავა.
როგორც ჩანს, ლიზა კუჭავასთვის კორონავირუსი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პირველი პრობლემა არ ყოფილა. მან შვილის, ანუშკას მეხუთე დაბადების დღეზე ემოციური წერილი გამოაქვეყნა და გამომწერებს გაუზიარა ამბავი, როგორ გადაურჩა ის სიკვდილს: „ანუშკას გაჩენის შემდეგ ნელ-ნელა ვითიშებოდი... მეძინება? რა ხდება? - ვეკითხებოდი ექიმს. დღის პირველი საათი იყო, ოპერაცია კი ღამის 8 საათზე დასრულდა. ჩემი ქმარი და მისი მეგობრები კლინიკაში სისხლის ჩასაბარებლად დარბოდნენ... მე 2 ლიტრი სისხლი დავკარგე და მას შემდეგ ვამბობ, რომ ნამდვილი ქართველი ვარ, რადგან ჩემს ძარღვებში მართლაც ქართული სისხლი ჩქეფს. როგორც მედდამ მოგვიანებით მითხრა, პულსი აღარ მქონდა, წნევა კი 20-40 იყო... ექიმს უთქვამს, ვერ გადავარჩენთო... მე მჯერა, რომ ღმერთს ვუყვარვარ და მან მაჩუქა მეორე სიცოცხლე... საავადმყოფოში ორი კვირა გავატარე და 12 კილოგრამი დავიკელი. მშობიარობიდან ერთ თვეში საშინელი ტკივილები დამეწყო, დამჭირდა რამდენიმე ოპერაციაც. ისრაელიდან სპეციალურად ჩემთვის ექიმი ჩამოვიდა და მე დღეს მადლობელი ვარ, რომ ჯანმრთელი ვარ“ - წერს ლიზა.