თუ თქვენს ოჯახში არიან მოხუცი ან მძიმედ დაავადებული ადამიანები, ნუ შეგრცხვებათ, გამოავლინოთ სითბო, შეეხოთ, ჩაეხუტოთ, უთხრათ, თუ რამდენად ძვირფასები არიან ისინი თქვენთვის. თუ გგონიათ, რომ მათ რეაქცია არ აქვთ და თქვენი სიტყვები არაფერს ნიშნავს, ძალიან ცდებით!
არ აქვს მნიშვნელობა ადამიანის ასაკს, სქესს, ეროვნებასა და რელიგიას, სიყვარული ყველას, აბსოლუტურად ყველას სჭირდება. ამას განსაკუთრებით კარგად ხვდებიან ისინი, ვისაც მოხუცებთან ყოველდღიური შეხება აქვთ. მათ ისევე შეუძლიათ იგრძნონ წყენა, სირცხვილი, სიამოვნება და სიყვარული, როგორც ეს ახალგაზრდა ადამიანს შეუძლია. „მე დღეს ერთ მოხუცს ვაჭმევდი, როცა ის მოულოდნელად წამოდგა, ვკითხე, სად მიდიოდა, მან კი მიპასუხა, რომ საპირფარეშოში. გამიკვირდა, რატომ წვალობდა, მას ხომ სპეციალური საფენი ჰქონდა.. თავი დახარა, ცრემლები მოერია და ჩაილაპარაკა - „რა სირცხვილია...“ მე ის მაშინვე მარტო დავტოვე და ოთახიდან გავედი“ - იხსენებს მედდა, რომელიც მოხუცთა პანსიონში მუშოაბს.
თუ ადამიანი მოკლებულია შესაძლებლობას, გამოხატოს საკუთარი გრძნობები, ეს არ ნიშნავს, რომ მას ემოციები საერთოდ არ გააჩნია. ნუ იფიქრებთ, რომ სიბერეში არ გექნებათ სურვილები, შესაძლებლობები მცირდება, მაგრამ არა მოთხოვნილებები. თუ ოჯახში გყავთ მოხუცები, ან რაიმე დაავადებით დასნეულებულები, ნუ მოგერიდებათ, მოჰკიდოთ მათ ხელი და უთხრათ, რომ გიყვართ, რომ აფასებთ მათ, რომ მათი ყოფნა თქვენთვის მნიშვნელოვანია.
„მე ვიცნობ ბიჭს, რომელმაც ბაბუის გარდაცვალებამდე, სასწრაფო დამხარების გამოძახებისას, მას ხელი მაგრად მოუჭირა და ჩუმად უთხრა, რომ უყვარს. ბიჭს პანაშვიდზე ერთი ცრემლიც კი არ გადმოვარდნია, რადგან მან ბაბუას ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვები გაატანა და მასთან კავშირი არასდროს დაუკარგავს. უფრო ადრე, როცა ჩემი ერთ-ერთი პაციენტი რეალობას მხოლოდ ფრაგმენტულად აღიქვამდა, ვენაში ჩადგმულ კათეტერს გამუდმებით იძრობდა. მისი ვენები იმდენად ცუდ მდგომარეობაში იყო, რომ კათეტერის ჩამაგრებას ძლივს ავხერხებდით. ერთხელ მე მას თვალებში ჩავხედე და ვთხოვე, ნუღარ იზამდა ამას. ავუხსენი, რომ ჩვენ ძალიან ვწვალობდით და ის უბრალოდ საქმეს გვირთულებდა. ჩემმა კოლეგამ დამცინა, ვის ესაუბრები, მას არაფერი ესმისო. 20 წუთის შემდეგ, როცა შემოვლაზე მოვედი, პაციენტს კათეტერი ადგილზე ჰქონდა, ნახევარი საათის შემდეგაც არ მოიძრო და მას შემდეგ მუდმივად თვალებში მიყურებდა, თითქოს ელოდა, რას ვეტყოდი...“ - იხსენებს მედდა.
სიყვარული, თანადგომა და სითბო ყველა ცოცხალ არსებას სჭირდება. თუ ფიქრობთ, რომ ის ავადაა, მას თქვენი არ ესმის ან ვერაფერს გრძნობს, აჩვენეთ მას სიყვარული და ნახავთ, რომ ამ გრძნობას ყველაფერი შეუძლია. სიბერე გრძნობებს ვერაფერს აკლებს...
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>