"მუდმივი ომის ქვეყანა", "ოცნებების სასაფლაო" - ამ ფრაზებს დღეს ხშირად მოისმენთ ავღანეთზე საუბრისას. ახლა იქ "თალიბანის" წესების მიხედვით ცხოვრობენ და ომის გარეშე ცხოვრების იმედი, რომელიც მოქალაქეებს ჰქონდათ, უიმედობამ, შიშმა და სასოწარკვეთამ ჩაანაცვლა.
BBC-ის ჟურნალისტი აღწერს, თუ რა ხდება ქაბულის ქუჩებში ახლა.
“რატომ დადიხარ მაჰრამის გარეშე?“ - თალიბანის წევრი ეკითხება ახალგაზრდა ავღანელ ქალს და მიუთითებს, რომ მას არ აქვს უფლება ქუჩაში მამაკაცის გარეშე გადაადგილების. მხარზე იარაღგადაკიდებული, თავსაბურიანი თალიბი ქალს უბრძანებს, რომ დაურეკოს ქმარს. როდესაც ქალი განმარტავს, რომ მას არ აქვს ტელეფონი, კაცი ტაქსის მძღოლს ავალებს, ქალი სახლში ქმრის მოსაყვანად წაიყვანოს, ხოლო როდესაც ქმართან ერთად დაბრუნდება, "ყველაფერი მოგვარდება."
ქაბულში საშინელი მოძრაობაა, ქუჩებში ხის ურმები დადიან, რომლებიც დატვირთულია ავღანური მწვანე ყურძნითა და მწიფე ქლიავით, გარშემო ბავშვები დარბიან.
გარეგნულად ქალაქი თითქმის იგივეა, თითქოს არაფერი შეცვლილა, მაგრამ ასე არ არის. ის იქცა ქალაქად, რომელსაც მართავს "თალიბანი", ის უუფლებო ადამიანების ქალაქად იქცა.
არსებობს ისეთი აკრძალვები, უთქმელად, ბრძანებების გარეშე რომ დაემორჩილნენ ავღანელები. მაგალითად, როგორც კი თალიბებმა ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში, ავღანელებმა უკვე იცოდნენ, რა ეკრძალებოდათ - მამაკაცებმა შეწყვიტეს წვერის გაპარსვა, ქალებმა უარი თქვეს ფერად სამოსზე და ის შავი ფერით შეცვალეს, შედარებით მოკლე სამოსი კი გრძელით ჩაანაცვლეს.
"დამსხვრეული ოცნებები"
"რა უნდა გავაკეთო, როგორ მოვიქცე?“ - ეს არის კითხვები, რომლებიც ახლა ავღანელთა უმეტესობას აწუხებს, კითხვები, რომლებსაც იქ მცხოვრებთა მზერაში ამოიკითხავთ. გაქცევა სურთ და დახმარებას ითხოვენ. "რატომ მიგვატოვეთ?" - მიმართავენ დანარჩენ მსოფლიოს.
ადგილობრივმა იურისტმა ქალმა, მერიემ რაჯაიმ იცოდა რაც ელოდა, როცა ქაბული დაეცემოდა.15 აგვისტოს, როდესაც თალიბანის მებრძოლები ქაბულის ქუჩებში გამოჩდნენ, ის გენერალური პროკურატურის ოფისში, მომავალი ქალი პროკურორებისთვის ე.წ. ვორქშოპს ატარებდა.
"ჩვენ უნდა გავაგრძელოთ“, - ეუბნებოდნენ მსმენელები მაშინ, როცა ქუჩებში უკვე რეალური საფრთხე არსებობდა... თუმცა, ვეღარ გააგრძელეს. მას შემდეგ, რაჯაი ცდილობს დაემალოს თალიბებს, ერთი სახლიდან მეორეში გადადის ოჯახთან ერთად, მათ შორის, ორ მცირეწლოვანთან ერთად. მისი სამი წლის ქალიშვილი უკვე ამბობს, რომ სურს, ინჟინერი გამოვიდეს და ფერადი სახლები ააგოს.
ავღანელ ქალებს უთხრეს, რომ სამსახურებში აღარ მისულიყვნენ.
"ჩემი უფლებაა მივიღო განათლება, მქონდეს სამსახური, ვიყო საზოგადოებაში ინტეგრირებული. მე მქონდა ოცნებები, რომლებიც დაიმსხვრა“, - ამბობს რაჯაი.
პროტესტი და ქუჩებში გამათრახებული ქალები
მიუხედავად თალიბების სასტიკი წესებისა, დასჯის სასტიკი მეთოდებისა, ავღანელი ქალების ნაწილი ითხოვს განათლებისა და მუშაობის უფლებას, უფლებას, რომ ქუჩაში მარტო, მამაკაცის გარეშე გადაადგილება შეეძლოთ. ამ მოთხოვნებით ქაბულის ქუჩებში ათობით ქალი გამოვიდა. მანამდე, ერთი დღით ადრე თალიბებმა განაცხადეს, რომ ავღანეთის მმართველ სტრუქტურებში არცერთი ქალი არ იქნებოდა.
"ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ...“, - ამბობენ ადგილობრივი ქალები.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>