მოდის ტენდენციები ძალიან სწრაფად იცვლება და სულაც არაა ვინმეს ახირება, ცხოვრება თავად გვკარნახობს ახალ წესებს. ამის ნათელი მაგალითი საბჭოთა კავშირია - „საბჭოთა ქალი“ ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ის ყველაფერი დასჭირდებოდა, რაც დღეს თანამედროვე ქალს სჭირდება...
არასასურველი თმა
ხანშიშესული ადამიანებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ახალგაზრდები ზედმეტ დროსა და ენერგიას ხარჯავენ არასასურველი თმის მოსაცილებლად. ამას კი იმიტომ ამბობენ, რომ წლების წინ ეპილაციის ისეთი მეთოდები, როგორიც დღეს გვაქვს, არ არსებობდა და, შესაბამისად, ეს პრობლემა დღის წესრიგშიც არ იდგა.
პედიკური
იშვიათად მოიძებნება ქალი, რომელიც ტერფებისა და ფეხის ფრჩხილების სისუფთავესა და მოწესრიგებაზე არ ზრუნავდეს. დღეს უამრავი პროცედურა და პროდუქტი არსებობს, რომლებიც გვეხმარება, დავიცვათ ჰიგიენა. რამრენიმე ათეული წლის წინ კი ტერფის დამარბილებელ საშუალებას არავინ იყენებდა, რადგან ასეთი პროდუქტი არც არსებობდა. მაკრატელი და „პემზა“ იყო ის ყველაფერი, რაც ფეხის მოვლისთვის გამოიყენებოდა.
გამაახალგაზრდავებელი პროცედურები
დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს პროცედურები, რომლებიც ქალს ახალგაზრდობის შენარჩუნებაში ეხმარება. უამრავი ქალი ითეთრებს კბილებს, იჭიმავს კანს, იდიდებს ტუჩების მოცულობას... 80-იან წლებში ეს ინდუსტრია არც ისე ძლიერი იყო და მსგავსი მანიპულაციების ჩატარება რიგში წლობით დგომას გულისხმობდა.
სუნი
დღეს არასასურველი სუნის გასაქრობად ქალებიცა და კაცებიც არაერთ გზას მიმართავენ. სააფთიაქო ქსელები სულ უფრო აქტიურად გვთავაზობენ პროდუქტებს, რომლებიც ოფლიანობის დამარცხებაში გვეხმარება. ადამიანი, რომელიც არ ზრუნავს ამ პრობლემაზე, ხშირად, ბინძურ და მოუწესრიგებელ პიროვნებად ითვლება. წლების წინ კი ოფლის სუნი ამხელა დისკომფორტს არ წარმოადგენდა, არც მის გამო გაიშვერდნენ ხელს ვინმესკენ და არც შენიშვნას მისცემდნენ.
იდეალური ფიგურა
„საბჭოთა ქალი“ ბევრად უფრო ძლიერი იყო, ჰქონდა ფართო თეძოები. საკმარისი იყო, რომ ქალს ჰქონოდა სასიამოვნო სახე და „ჯანმრთელი“ ვიზუალი, რომ მის კართან კაცების რიგი დამდგარიყო. მშობიარობის შემდეგ ქალები იშვიათად ღელავდნენ შეცვლილ ფორმებზე და, როგორც წესი, არც ვარჯიშითა და დიეტით ცდილობდნენ ფორმაში ჩადგომას. დღეს კი ყველაფერი პირიქითაა.
ფსიქოლოგი
არ არის აუცილებელი, ადამიანს გამოხატული საჭიროება ჰქონდეს, ფსიქოლოგთან ვიზიტი ნებისმიერი ქალისთვის შეიძლება სასარგებლო და აუცილებელიც კი იყოს. დღეს ეს ტენდენციად იქცა და ფსიქოლოგის როლიც ჩვენს ცხოვრებაში სულ უფრო იზრდება. „საბჭოთა ქალისთვის“, ალბათ წარმოუდგენელი იქნებოდა პირად პრობლემებზე სხვასთან, განსაკუთრებით კი ფსიქოლოგთან საუბარი.
დასვენება
„საბჭოთა ქალებისთვის“ დასვენების საუკეთესო საშუალება შავი ზღვის სანაპირო იყო. წინასწარ დაგეგმილ მარშრუტში ზღვისპირა კურორტი აუცილებლად შედიოდა. დღეს უფრო ტრენდულად საზღვარგარეთ, ძვირადღირებულ სასტუმროებსა და კუნძულებზე დასვენება ითვლება და ეს ქალებისთვის ერთგვარ გამოწვევად იქცა.
წლების გასვლასთან ერთად, ყველაფერი უმნიშვნელო მნიშვნელოვანი გახდა. შეიცვალა სილამაზის სტანდარტები, ცხოვრების სტილი და წესი. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება სამყარო 10 წლის შემდეგ?