ყველასთვის საყვარელმა მსახიობმა ნინო გაჩეჩილაძემ ეკო ფანგანის რუბრიკაში „13 კითხვა“ საკუთარ თავზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ძილის პრობლემა აქვს: „საკმაოდ დიდი ხანია, რაც ვიტანჯები უძილობით. ერთადერთი, რითაც შემიძლია ამის გადაჭრა, ძილის წინ მელატონინის დალევაა. უფრო ეფექტურია ადრე დაწოლა და ადრე ადგომა, მაგრამ მე ვუყურებ ხოლმე ფილმებს, სერიალებს და ამასობაში ღამის 3-4 საათიც ხდება. ეს არის ჩემი მავნე ჩვევა“ - თქვა მან.
„ძალიან რთულია, ჩემი თავი ერთი სიტყვით დავახასიათო, იმიტომ, რომ მე ვარ მსახიობი და შემიძლია სხვადასხვა ემოცია გამოვიწვიო საკუთარ თავში. ამიტომ, ყველაზე სწორი იქნება, თუ ჩემს თავს დავახასიათებ, როგორც „მსახიობი“. რაც შეეხება ჩემს სტილის სიმბოლოს, ერთი არ მყავს, მაგრამ გამოვყოფდი იაპონური „ვოგის“ მთავარ რედაქტორ ანა დელო რუსოს, რომელიც არის არაჩვეულებრივ ფორმაში; ასევე, ოდრი ჰეფბერნი, სარა ჯესიკა პარკერი... მამაკაცებს თუ შევეხებით, ტომ ფორდი, კერი გრანტი“ - აღნიშნა ნინომ.
„ფაქტი, რომელსაც პირველად ვიტყვი და არავისთვის მითქვამს და მხოლოდ ოჯახის წევრებმა იციან, არის ის, რომ სტუდენტობის ასაკში ვწერდი ლექსებს. ალბათ, 30 ლექსი მექნება დაწერილი, თუმცა ვერასდროს გავბედე გამოქვეყნება. თოჯინებსაც ვკერავდი, შრომის გაკვეთილზე ერთხელ მოგვთხოვეს, გამოფენისთვის მოიტანეთო და ყველაფერი წავიღე“ - ამბობს ნინო გაჩეჩილაძე.
„ერთ-ერთი ყველაზე რთული კითხვაა, რა არის სიყვარული. ჩემთვის სიყვარული არის თავისუფლება, ნდობა და ერთგულება. ადვილად არ მიყვარდება. იმედია, შემიყვარდება ოდესმე ვინმე“ - თქვა მსახიობმა.