ზოგჯერ ადამიანები ცხოვრების სიყვარულს ძალიან მოულოდნელად ხვდებიან, მაშინაც კი, თუ ის დიდი ხნის განმავლობაში მათ ირგვლივ ტრიალებს. ჯესიკა შეირი ჰყვება ისტორიას, თუ როგორ შეუყვარდა კაცი, რომლის სპერმის დონორიც 12 წლის წინ გახდა, თუმცა მას მანამდე არ იცნობდა. როდესაც ჯესიკამ გადაწყვიტა ხელოვნური განაყოფიერება, მას ვერც კი წარმოედგინა, რომ მრავალი წლის შემდეგ ბიოლოგიური შვილის მამა შეუყვარდებოდა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ მაშინ ჯესიკას ურთიერთობა ქალთან ჰქონდა.
2000-იანი წლების დასაწყისში ჯესიკა და მისი პარტნიორი, რომლის სახელსაც ის არ ასაჯაროებს, ფიქრობდნენ საერთო შვილის ყოლაზე. ჯესიკას მეგობარმა შესთავაზა თავისი ნათესავის ბიომასალის გამოყენება, თუმცა ადვოკატებთან კონსულტაციის შემდეგ მან რისკზე უარი თქვა. ამერიკული კანონის თანახმად, ბიოლოგიურ მამას, მაშინაც კი, თუ ის ბავშვის აღზრდაში მონაწილეობას არ მიიღებდა, შვილზე უფრო მეტი უფლება ჰქონდა, ვიდრე ლესბოსელ დედას.
შედეგად, ხელოვნური განაყოფიერება გადაწყდა. ჯესიკამ და მისმა პარტნიორმა მიმართეს რეპროდუქციულ ბანკს, რომელიც მათ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა. ისინი დიდი ხნის განმავლობაში სწავლობდნენ დონორთა ბაზას და არჩევდნენ მათთვის სასურველს. საბოლოოდ, გადაწყვეტილება ყავისფერთმიან კაცზე მიიღეს, რომელსაც უყვარდა მუსიკა და ლიტერატურა, თუმცა ტაქსის მძღოლად მუშაობდა. „ვიფიქრეთ, რომ ეს კაცი გონიერი, მრავალფეროვანი და საინტერესო ადამიანი უნდა ყოფილიყო, რომელიც ტაქსის მძღოლად მხოლოდ იმიტომ მუშაობდა, რომ შემდეგ მგზავრების მიერ მოყოლილი ამბებით რომანი დაეწერა“ - იხსენებდა ჯესიკა. 2005 წელს დაიბადა გოგო, რომელსაც ალისა დაარქვეს.
„ბავშვი იმდენად შემიყვარდა, რომ არც კი მიფიქრია, რომ მისი მამა უცნობი ადამიანი იყო და მის შესახებ არაფერი ვიცოდი“ - ამბობს ჯესიკა. ალისა იმდენად მომხიბვლელი იყო, რომ შეყვარებულებმა გადაწყვიტეს კიდევ ერთი შვილის გაჩენა - იგივე დონორისგან. ალისას დაბადებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ ჯესიკას პარტნიორმა კიდევ ერთი გოგო გააჩინა.
წლების შემდეგ ჯესიკა და მისი პარტნიორი დაშორდნენ. ალისა ჯესიკასთან დარჩა, ხოლო მეორე გოგონა მისმა ბიოლოგიურმა დედამ, ანუ ჯესიკას პარტნიორმა წაიყვანა. ჯესიკამ ვერაფერი გააკეთა, რადგან მას მეორე ბავშვი მუცლით არ უტარებია და უფლება არ ჰქონდა, მეურვეობა მოეთხოვა. მან ცხოვრება ალისასთან, პირველ შვილთან ერთად განაგრძო.
როცა ალისა 11 წლის გახდა, მას ინტერესი გაუჩნდა ოჯახის, განსაკუთრებით კი, მამის მიმართ. მას უყვარდა ისტორიების მოსმენა წინაპრების შესახებ, მაგრამ ძალიან წუხდა, რომ მამისა და მისი ნათესავების შესახებ არაფერი იცოდა. მან დნმ ტესტის ჩატარება და დონორთა ბაზაში მამის მოძებნა გადაწყვიტა. პასუხები ერთი კვირის შემდეგ ჯესიკას ფოსტის მისამართზე მივიდა: „აარონ ლონგი: 50% მამა“ - ეწერა წერილში. ჯესიკამ ბევრი ეძება და აარონი მაინც იპოვა. ფოტოებმა მისი ვარაუდი კიდევ უფრო გაამყარა, რადგან ალისა ძალიან ჰგავდა მამას.
ჯესიკამ აარონს წერილი მისწერა და ალისას ფოტოებიც გაუგზავნა, მათ შორის აქტიური კომუნიკაცია შედგა და ერთმანეთს საკუთარი ცხოვრების შესახებ დეტალურად მოუყვნენ. აღმოჩნდა, რომ აარონი რამდენიმე წლის წინ ცხოვრობდა ჯესიკას გვერდით. ჯესიკამ აარონი და აარონის სხვა შვილები, რომლებიც ბაზაში იძებნებოდნენ, მოიწვია თავისთან ვახშამზე. მამაკაცი ძალიან თბილად მიესალმა შვილებს და ჯესიკას. მაშინ ჯესიკა არც კი ფიქრობდა არაფერზე, გარდა მასთან მეგობრობისა. საინტერესოა, რომ იმ დროისთვის ჯესიკას უკვე მამაკაცებთან ჰქონდა ურთიერთობა და მაშინდელ პარტნიორსაც აარონი ერქვა. ჯესიკა ფიქრობდა, რომ მისი შვილის ბიოლოგიურ მამასთან ურთიერთობით, ის ალისას სრულფასოვან ოჯახს აჩუქებდა და ეს შესანიშნავი იქნებოდა. სწორედ ამ დროს მიიწვია ალისას მამამ, აარონმა ჯესიკა პაემანზე.
წყვილის ურთიერთობა ძალიან სწრაფად განვითარდა და რამდენიმე კვირის შემდეგ ჯესიკა ალისასთან ერთად აარონის სახლში გადავიდა. ამის შემდეგ ლონგის სხვა ბიოლოგიურმა ბავშვებმა დაიწყეს მათთან ხშირად სტუმრობა. დროთა განმავლობაში ჯესიკა მიხვდა, რომ მას ნამდვილად დედობრივი გრძნობები ჰქონდა შეყვარებულის ყველა შთამომავლის მიმართ. „მე მზად ვარ, მივიღო ჩემს ოჯახში აარონის ყველა შვილი, რადგან ისინი ალისას დები და ძმები არიან. როგორც აარონი ამბობს, მას 67 შვილი ჰყავს, თუმცა ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს“ - ამბობდა ჯესიკა.