ნელი აგირბას საზოგადოების ნაწილი კარგად იცნობს. რამდენიმე წლის წინ ტელეეკრანებზე ხშირად ჩანდა და საინფორმაციო გადაცემასაც უძღვებოდა. ბოლო დროს კი სოციალურ ქსელში გადაინაცვლა და საკუთარ მოსაზრებებს სხვადასხვა საკითხთან მიმართებით გამომწერებს „ფეისბუკის“ საშუალებით უზიარებდა.
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნელი აგირბა პოპულარული ამერიკული შოუს The Talk show-ს ქართული ანალოგის ერთ-ერთი წამყვანი იქნებოდა. გადაცემის პრემიერა 14 სექტემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში შედგა. ეთერში ბოლოს გასულ გადაცემაში კი ნელი აგირბამ საკუთარ გენდერულ იდენტობაზე ისაუბრა:
„ადამიანს თვითგამორკვევის ძალიან რთული პერიოდი აქვს, როცა მისი სხეული და შინაგანი აღქმა თანხვედრაში ვერ მოდის. სანამ მიხვდები, ეს რა ფენომენია, ძალიან რთულ პროცესს გადიხარ. მე ბავშვობაში ვიხატავდი ხოლმე წარბებს, წვერებს, ვაკვირდებოდი ჩემს თავს, ბიჭი რომ ვიყო, როგორი ვიქნები-მეთქი... როცა რთული მომენტი მიდგებოდა ხოლმე ცხოვრებაში, ვიღებებოდი და ვიცვამდი ბიჭივით და უფრო ძლიერად ვგრძნობდი თავს. ქალი სუსტი ვიყავი, სტერეოტიპების ქვეშ ვიყავი მოქცეული. მე დიდი ხნის განმავლობაში არაბინალური გენდერული იდენტობის მქონე ვიყავი, როცა ვთვლიდი, რომ არც ქალი ვარ და არც კაცი... ჯერ კიდევ ვცდილობ, შევისწავლო ჩემი გენდერული იდენტობა“ - თქვა ნელი აგირბამ.