ივლისის თვეში სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში ახალგაზრდა კაცმა მტკვარში გადავარდნილი გოგო გადაარჩინა, თავად კი გარდაიცვალა, რადგან ცურვა არ იცოდა. ინფორმაციას უამრავი ადამიანი აზიარებდა და გარდაცვლილს გმირად მოიხსენიებდა. ეს ახალგაზრდა 33 წლის შოთა ქარსელაძეა, რომლის შესახებაც ბაია დვალიშვილის გადაცემაში მისმა დამ, ხათუნა ქარსელაძემ ისაუბრა: „მცენარეებისა და ცხოველების მოვლა ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებდა. მისთვის თავისუფლება იყო ძალიან მნიშვნელოვანი, სამსახურსაც და სხვა ყველაფერსაც თავისზე მორგებულად აკეთებდა. ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა. სოციალურ ქსელში იმდენი უცხო ისტორია იწერებოდა, არადა, მეგონა საერთო სამეგობრო გვყავდა... წერდნენ, როგორ აკითხავდა ვიღაც ბავშვებს, რომლებსაც რაღაც დაავადება ჰქონდათ, როგორ მიჰქონდა მათთვის სათამაშოები ან ტკბილეული... სიკეთის კეთებით იყო ყველაზე ბედნიერი. ყველაფერს უანგაროდ აკეთებდა“ - ამბობს ის.
ხათუნა ქარსელაძემ ის დღეც გაიხსენა, როცა ძმა ბოლოჯერ ნახა: „იმ ადგილზე აქვს პატარა ბაღი, სადაც ორი ძაღლი ჰყავს. იმ დღესაც ძაღლების მოსავლელად მივიდა იქ. საღამოს შვიდი საათი იყო, ბოლოს რომ ვესაუბრე, მითხრა, რომ ცოტა ხანში გამოვიდოდა. თითქოს წინასწარ ვიცოდი ყველაფერი, იმიტომ, რომ კომფორტის ზონას არასდროს ეძებდა, შიშის მომენტი არასდროს ჰქონდა, მსგავსი ისტორია ძალიან ბევრი ჰქონდა... რომ დავურეკე, ტელეფონი უკვე გამორთული იყო. ხშირად ჰქონდა ხოლმე გათიშული, ან ავიწყდებოდა დატენვა, ან რჩებოდა სადღაც. ამიტომ განგაში არ ამიტეხავს ამის გამო. ველოდებოდი, უნდა მოსულიყო, მაგრამ ვეღარ მოვიდა“ - იხსენებს ის.
გარდაცვლილის დამ ისიც თქვა, რომ გადარჩენილი გოგოს ოჯახი მათ არ დაკავშირებია, თუმცა, როგორც 14 წლის გოგო და მისი დედა ამბობენ, მცდელობის მიუხედავად, შოთა ქარსელაძის ოჯახთან კონტაქტი ვერ დაამყარეს: „ვიდექი ქვაზე ფოტოების გადასაღებად, წავბორძიკდი თუ როგორ იყო, ზუსტად არ მახსოვს, დამიცურდა ფეხი, ჩავვარდი წყალში. მესმოდა მეგობრების კივილი. დავინახე ვიღაც ბიჭი, რომელიც ჩემკენ მოდიოდა და ხტებოდა. მიშველეთ-მეთქი, დავიყვირე და წყალმა ჩამითრია. ამ ბიჭის ხელი მომხვდა და ჩავეჭიდე. ამის შემდეგ, როცა ნაპირზე ავედი, მხოლოდ ის ხელი მახსოვდა, რომელსაც ჩავეჭიდე. მოვიდა უცხო კაცი და მკითხა, შოთიკო იყოო? იმ დროს არც მახსოვდა, ვინმე იყო თუ არა, ვერაფერზე ვფიქრობდი... ჩემი ოჯახი მეორე დღიდანვე ცდილობდა დაკავშირებას, თუმცა ვერ დავუკავშირდით. მამაჩემი მისული იყო და უთხრეს, ჯობს, არ მიხვიდეთ, გაღიზიანებულები იქნებიანო. როცა აანალიზებ, რომ ვიღაცამ სიცოცხლე გაჩუქა და გაქვს მეორე შანსი, რომ იცოცხლო, უფრო მეტი შანსი გაქვს, რომ ყველაფერი გააკეთო, რასაც აქამდე არ აკეთებდი“ - ამბობს გოგო.
„ღმერთისგან გამოგზავნილი ანგელოზია. მან ჩემს შვილს აჩუქა სიცოცხლე და ამისთვის მთელი ცხოვრების განმავლობაში ვიქნები მადლობელი“ - ამბობს 14 წლის გოგოს დედა.