სოციალურ ქსელში აქტიურად ვცრელდება ვიდეო, სადაც დედა შვილის, 17 წლის გოგოს შესახებ საუბრობს და ყვება, თუ როგორ გადაარჩინა მან უმცროსი ძმა. ეს გოგო 17 წლის ვიოლა მელაძეა, რომლის შესახებაც მისმა დედამ ბაია დვალიშვილი გადაცემაში უსაუბრა: „ზღვაზე ვისვენებდით, ექვსი საათი იყო, ძალიან მშვიდი საღამო იყო და უცებ ამოვარდა ტალღები, რომელმაც ანრი გაიტაცა. ისეთი ტალღები იყო, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ იქ ვინმე გადარჩებოდა. ვიოლა ძალიან კარგად ცურავდა, მაშინვე შევიდა ტალღებში საშველად, მაგრამ უკან გამოაგდო და მითხრა, რომ ამ ტალღებში ვერაფერს ვიზამთო. იქიდან ანრის ხმა მოესმოდა, ყვიროდა შიშისგან და საერთოდ აღარ დაფიქრებულა, რა მოხდებოდა, შევარდა ზღვაში. აიყვანა ანრი ხელში, მაგრამ ტალღებმა ორივე ძალიან შორს წაიყვანა. ტელეფონი ავიღე, რომ ვინმესთვის დამერეკა, მაგრამ სტრესისგან მხედველობა სულ დავკარგე, შემოვტრიალდი, რომ ვინმესთვის დამეძახა და ხმაც აღარ მქონდა. ერთი თბილისელი ბიჭი იყო, რომელიც საშველად შევიდა, გამოყავდა ორივე, თუმცა ვიოლას გზაში გული გაუსკდა, ძალიან გადაიღალა, ძალიან დიდ მანძილზე ებრძოლა ამ ტალღებს. ამ ბიჭს მხარი ამოუვარდა და ვიოლა ხელიდან გაუვარდა, ნაპირზე მხოლოდ ანრისთან ერთად გამოვიდა. 40 წუთის შემდეგ სამაშველომ ვიოლაც იპოვა. გემზე რომ აიყვანეს, მეგონა, ჩემთან მოჰყავდათ, მაგრამ ბათუმისკენ რომ წავიდენენ, ამ დროს, ვიღაცის ხმა გავიგე, მორგში მიჰყავთო. მაშინ მივხვდი, რა ხდებოდა“ - იხსენებს ბავშვების დედა.
„რეალობას დიდი ხნის განმავლობაში გავურბოდი, ძალიან მტკივნეული იყო. ზუსტად იცოდა ვიოლამ, რომ ვერ გადარჩებოდა, მაგრამ ანრის ხმამ შეატრიალა ზღვაში და ტალღებში შეიყვანა. ანრის ახსოვს ეს მომენტები, როცა დაბადების დღეს მილოცავს და „ფეისბუკზე“ რამეს წერს, ყოველთვის ვიოლას სახელსაც აწერს, არ ფიქრობს, რომ ის დღეს ჩვენთან ერთად არ არის. ოჯახში არავინ ვსაუბრობთ ამ თემაზე. მე თვითონ პატარა ასაკში დავოჯახდი და შვილები რომ გავაჩინე, პატარა ვიყავი. როგორც და, ისე ვგრძნობდით თავს ერთმანეთთან. ოჯახში გადაწყვეტილებებსაც ერთად ვიღებდით. ვეტყოდი, რომ ყველაზე მეტად მაკლია, ამ ტრაგედიას ახსნა არ აქვს. ტალღებში მისი ბოლო ხმა... მე მეძახდა, შველას ითხოვდა, მისი ბოლო ხმა სულ მესმის, დედა, ძალიან გადავიღალეო...“ - ამბობს ის.