ლაურა მახარაძემ და თემო მურჯიკნელმა ერთმანეთი პანდემიის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე გაიცნეს. საყოველთაო კარანტინის და "კომენდანტის" რეალობაში, მათი სიყვარულის ისტორია ვირტუალურად დაიწყო, თუმცა მალე რეალურ ცხოვრებაში გადაიზარდა. ურთიერთობის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ წყვილი გერმანიაში გაემგზავრა და ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება გადაწყვიტა. სწორედ საოცნებო ქვეყნისკენ მიმავალ გზაზე, Wizz Air-ის თვითმფრინავის ბორტზე, თემომ სპონტანურად გადაწყვიტა საყვარელი ადამიანისთვის ხელის თხოვნა.
თემო:
„როდესაც გადაწყდა, რომ გერმანიაში უნდა წავსულიყავით, დავგეგმე, რომ ქვეყანაში ჩასვლისთანავე ვთხოვდი ხელს და ბეჭედიც ვიყიდე. არ მინდოდა, რომ ეს ყველაფერი ბანალური და ერთფეროვანი ყოფილიყო. თვითმფრინავში ასვლისთანავე, ექსპრომტად გამიჩნდა იდეა, რომ აქ უნდა მეთხოვა ხელი. ბორტგამცილებლებთან მივედი, გავაცანი ჩემი იდეა და მათგან სრული მხარდაჭერაც მივიღე. გადაწყდა, რომ ჩაფრენის მომენტში, როდესაც გერმანიაში ჩვენი ყოფნის პირველი წუთები დაიწყებოდა, საჯაროდ მეთხოვა ხელი“.
ლაურა:
„მთელი ფრენის განმავლობაში, თემო იმდენად აღელვებული იყო, რომ ვერ ვხვდებოდი, რა სჭირდა. ზოგადად, როდესაც რაღაც უნდა მოხდეს, გული ყოველთვის გამალებით მიცემს. ამჯერად ვიფიქრე, რომ მისი ემოციები მეც გადმომედო.
დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, იმდენად ბევრს ფაციფუცობდა, რომ გავბრაზდი კიდეც. უცებ გავიგე, როგორ გამოაცხადეს მისი სახელი და გვარი. ვიფიქრე, რამე ხომ არ დააშავა-მეთქი. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. ბავშვობიდან სულ ვფიქრობდი ხოლმე, როგორი გრძნობაა, როდესაც ხელს გთხოვენ, როგორი იქნებოდა ეს სცენა, რას ვიგრძნობდი, თუმცა ამას ვერც კი წარმოვიდგენდი. ძალიან დავიბენი, არ ველოდებოდი, რომ ეს ყველაფერი ასე საჯაროდ მოხდებოდა, ვერაფერი ვერ ვთქვი „კი“-ს გარდა, რადგან ამ პასუხში ძალიან, ძალიან დარწმუნებული ვიყავი“.
თემო:
„ძალიან ბედნიერი წამები იყო. გამცილებლებისგან იმხელა მხარდაჭერა და თანადგომა ვიგრძენი, როგორც მეგობრებისგან, ძმაკაცებისგან. მთელი ფრენის განმავლობაში მამხნევებდნენ და მგულშემატკივრობდნენ. ხელის თხოვნის შემდეგ საჩუქარიც კი გაგვიკეთეს და ღვინო გვაჩუქეს“.
ბედნიერი წყვილი სამშობლოში სულ მალე დაბრუნდება, თუმცა პანდემიისა და რეგულაციების გამო ქორწილის თარიღი გაზაფხულისთვის გადასწიეს. ამ ეტაპზე კონკრეტულ გეგმებზე ვერ საუბრობენ, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი არაორდინარული ქორწილისთვის ემზადებიან.
R