ნიკოლოზ ცისკარიძე ნაომი კემპბელთან შეხვედრის მომენტებს იხსენებს და სუპერმოდელს ქალღმერთს უწოდებს. მათი შეხვედრა მოსკოვში შედგა: „მოსკოვი ჩემი საყვარელი ქალაქია. იქ 2010 წელს ვიყავი და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს ძალიან მოდური და მხიარული ადგილია“ - ამბობდა ნაომი ოპრა უინფრის შოუში სტუმრობისას.
11 წლის წინ მედია მსოფლიოს ყველა კუთხეში წერდა, რომ ნაომი კემპბელი ბალეტს ნიკოლოზ ცისკარიძისგან სწავლობდა. როგორც გამოცემები იუწყებოდნენ, ცნობილმა ბალერონმა კერძო გაკვეთილებისთვის ძალიან მაღალი ანაზღაურება მიიღო. სინამდვილეში, ყველაფერი სხვანაირად იყო: „სამსახურში მივდიოდი, როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემს კლასში ნაომი კემპბელი მოვიდოდა“ - იხსენებს ცისკარიძე. თეატრის პრესსამსახურის ზარი იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ ცისკარიძეს თავიდან სულაც არ სჯეროდა, რომ "შავი პანტერა" მასთან მისვლას ნამდვილად აპირებდა. „მე არც ერთი კაპიკი არ მიმიღია ამ მასტერკლასისთვის“ - ამბობს ის. სამაგიეროდ, როგორც ცნობილია, ნაომიმ მოითხოვა, რომ ბალერონთან ურთიერთობა გაეგრძელებინა.
ბალეტის შესწავლა ნაომისთვის უბრალო ახირება არ ყოფილა, ეს მისი ბავშვობის ოცნება იყო. პატარა ასაკში ის დადიოდა ბალეტის გაკვეთილებზე, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო თავი დაანება და მოდელის კარიერა აირჩია. ცისკარიძე აღნიშნავდა, რომ ნაომიმ მართლაც იცოდა ზოგიერთი რამ, მაგრამ ვარჯიშის დროს მიხვდა, რომ მისი ფიზიკური მონაცემები მეტის საშუალებას არ აძლევდა და ეს მისთვის ძალიან რთული იყო. „მასტერკლასის ბოლოს საოცრება მოხდა, ნაომიმ დაიჩოქა და ხელზე მაკოცა“ - იხსენებს ბალერონი. ეს მისთვის მოულოდნელი და უხერხულიც კი იყო, რადგან თავად უწოდებს ნაომისა და მისი თაობის მოდელებს, ლინდა ევანგელისტას, კლაუდია შიფერსა და სინდი კროუფორდს, ქალღმერთებს.