გუშინ, 5 ოქტომბერს, ეთერში გიორგი გასვიანის გადაცემა „სიცრუის დეტექტორი“ გავიდა, რომლის სტუმარიც მსახიობი ნატა გულიაშვილი იყო. ნატამ არაერთი სკანდალური განცხადება გააკეთა, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება მასსა და შორენა ბეგაშვილს შორის წარმოქმნილმა კონფლიქტმა მიიქცია.
წამყვანის კითხვას, ბაძავს თუ არა შორენა ბეგაშვილი მას, ნატა გულიაშვილმა დადებითი პასუხი გასცა და გაიხსენა პერიოდი, როცა ისინი ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ: „მე და შორენა დიდი ხანია, რაც ვმეგობრობთ. ვიყავით კურსელები, ვართ ტოლები, შორენა ჩემზე ერთი თვითაა დიდი. ოთხი წლის განმავლობაში ვიყავით მეზობლები და ძალიან მეგობრული დამოკიდებულება გვქონდა. ამ პერიოდში იყო პირველი რეალითი-შოუ „ამტანი“, რომელშიც ვმონაწილეობდი და უამრავი მაყურებელი გვყავდა. 16 წელი გავიდა და დღემდე მეუბნებიან, ნატა „ამტანში“ გგულშემატკივრობდით, ძალიან გვიყვარხარ და შენი ავტოგრაფი გვინდაო. შორენამ კი თქვა თავის გადაცემაში, რომ ნატა გულიაშვილი მე დამემსგავსაო. მე ყოველთვის ასეთი ვიყავი. „ამტანი“ იყო 2005 წელს, შორენა კი პოპულარული გახდა „ფლეიბოით“, რომელიც იყო 2008 წელს. მე უფრო პირველი ვიყავი ცნობადი და პოპულარული. „ამტანიდან“ რომ გამოვედი, შორენა მეუბნებოდა, ჩემთან „ლაინერის“ გარეშე ამოდი, მაინტერესებს, როგორი თვალის ჭრილი გაქვსო. ალბათ, განსაკუთრებულად მოსწონდა ჩემი თვალის ჭრილი, მოსწონდა ჩემი ცხვირი, მკერდი... ნამდვილად მე მბაძავდა. იმ პერიოდში მას სჭირდებოდა, რომ ვინმესთვის მიებაძა, რომ უფრო პოპულარული გამხდარიყო. ამას მარტო მე არა, ბევრი სხვა ცნობადი სახეც აღნიშნავს. ერთ-ერთ წვეულებაზე ერთმა გოგომ თქვა, ალბათ, კუზანოვთან რომ მივიდა, შენი ფოტო მიიტანა და უთხრა, ნატა გულიაშვილს დამამსგავსეო“ - ამბობს ნატა გულიაშვილი.
ნატა გულიაშვილის ამ განცხადებას შორენა ბეგაშვილის პასუხიც მოჰყვა. მან სოციალურ ქსელში ნატას ფოტო გამოაქვეყნა: „როდემდე ვითმინო?“ - წერს შორენა.