ცვლილებები - ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ყოველი დღე შეიძლება გახდეს რაღაც ახლის დასაწყისი და ნებისმიერ დროს შეიძლება მოგეცეს მეორე შანსი. იმისთვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიო, ბევრი რამ უნდა შეცვალო და ზოგჯერ იმისთვის, რომ ოცნება აიხდინო, ქვეყნიდან უნდა წახვიდე და იბრძოლო.
„ქუვეითის ვარსკვლავი“ - ასე ეძახიან ელგა კოტაშვილს, რომელიც 23 წლის ასაკში, პირველად მოხვდა მისთვის სრულიად უცხო ქვეყანაში, სადაც დღეს მას იცნობენ, როგორც ყველაზე აღიარებულ სტილისტს. საკუთარი თავის დამკვიდრებისთვის, ელგა თავდაუზოგავად შრომობდა და ახლა მას უკვე საკუთარი სილამაზის სალონი აქვს, რომელსაც ხშირად სტუმრობენ სამეფო საგვარეულო ოჯახის წევრები, ქუვეითური ბომონდის წარმომადგენელი ქალბატონები, ცნობილი ჟურნალისტები, ექიმები თუ დამსახურებული სპორტსმენები.
- ელგა, როგორ აღმოჩნდით ქუვეითში და რა გზა გაიარეთ, სანამ დასახულ მიზანს მიაღწევდით?
- ქუვეითში 23 წლის ასაკში, ჩემი ოჯახის მეგობრის - გოგი თოდაძის დახმარებით მოვხვდი. მან ქუვეითში 26 წელი იცხოვრა. ამ ქვეყნის შესახებ ინფორმაცია დღესაც ძალიან მწირია საქართველოში და იმ პერიოდში საერთოდ უცნობი იყო. ბავშვობის და თინეიჯერობის წლები მოსკოვში გავატარე. ოჯახი ნაადრევად შევქმენი, მაგრამ სამწუხაროდ, მალე დავქვრივდი და ჩემს გოგონასთან ერთად დავრჩი. საქართველოში 2008 წელს დავბრუნდი. ქუვეითში გამგზავრებისას, შვილის დატოვება დედაჩემთან, დედოფლისწყაროში მომიხდა, რაც ჩემს მდგომარეობას ემოციურად კიდევ უფრო ამძიმებდა. მოსკოვში მიღებული გამოცდილება არაფერ კავშირში არ იყო იმ ქვეყანასთან, სადაც მივემგზავრებოდი. მუშაობა ქუვეითში ჩასვლისთანავე ერთ-ერთ სილამაზის სალონში დავიწყე, მანიკიურის კეთების მიმართულებით, თუმცა ბევრად მიზიდავდა თმის მოვლის, ფერების დასმისა და ვარცხნილობების კეთება. ბევრი შრომის და ფერების შერევის საკუთარი ტექნოლოგიის მიგნების შედეგად, სწრაფად დავიკავე სტილისტის საპატიო ადგილი, სადაც 3 წელი ვიმუშავე. შემდეგ კი საკუთარი სილამაზის სალონი გავხსენი.