8 ოქტომბერს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ამსახველი უმძიმესი კადრები მთელმა საქართველომ ნახა. ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მომენტი ნანგრევებიდან ბავშვის ამოყვანა იყო, რომელიც საბედნიეროდ, გადარჩა. ის იყო პირველი, ვინც მაშველებმა ნანგრევებიდან გამოიყვანეს.
ნგრევის დროს ბავშვი, მამასთან ერთად, კორპუსის წინ გაჩერებულ ავტომობილში იმყოფებოდა. გადარჩა პატარას მამაც.
დღეს ოჯახი შემთხვევის ადგილას მივიდა და ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო.
ბავშვის დედა თამთა გოგრაჭაძე Ambebi.ge-სთან მომხდარს იხსენებს. მისი თქმით, ერთი შვილი ჩამონგრეული შენობის გვერდით კორპუსში, ექიმთან ჰყავდა, ხოლო მეუღლე და კიდევ ერთი ბავშვი ავტომობილში იყვნენ და მას ელოდნენ.
"მართლაც ძალიან მძიმე დღე იყო, საშინელება, სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი იმას, რომ ეს კორპუსი ჩემ თვალწინ მთლიანად ჩამოინგრეოდა. ექიმთან ვიყავით, პატარა მყავდა მიყვანილი ვიზიტზე და ზუსტად მისი გვერდითა კორპუსი ჩამოინგრა. ჩემი მეუღლე და პატარა შვილი მანქანაში იყვნენ. იოანეს ეძინა. უკან სავარძელზე გვყავდა დაწვენილი".
მომხდარი ბავშვის მამამაც გაიხსენა:
"ორივე, მე და ბავშვი, მანქანაში ვიყავით. მე წინ ვიჯექი და ბავშვს უკან ეძინა. ძალიან დიდი ხმაურიც არ ყოფილა, მეთქი, ოთახი გამოინგრა და შევხედე, სახლი მთლად ჩამოინგრა. გადმოსვლა ვერ მოვასწარი. ორივე მაშველებმა გადმოგვიყვანეს", - ამბობს ის.
ბათუმში საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა.