სამწუხაროდ, ყველა ურთიერთობა ბედნიერად არ მთავრდება. ადამიანი საკმაოდ არასტაბილური ქმნილებაა და ცვლილებები ცხოვრებაში ზოგჯერ გარდაუვალიც კია. ჩვენ გარშემო სამყარო იცვლება და ჩვენც გვიწევს, შევხვდეთ ახალ ადამიანებს, დავამყაროთ ახალი კონტაქტები... რა უნდა გააკეთო მას შემდეგ, რაც დაშორდი მას, ვინც გული გაგიტეხა და წავიდა? პატარა ასაკში ეს შეიძლება დიდ იმედგაცრუებად იქცეს, რადგამ მყიფე ფსიქიკა მზად არ არის მსგავსი სტრესის გადასატანად. თუმცა განშორება ნებისმიერ ასაკში რთულია. თითოეული ადამიანი ამას თავისებურად უმკლავდება. ის, ვინც მიატოვეს, ცდილობს, ყველა გზა იხმაროს ამ გრძნობისგან თავის დასაღწევად და თვითშეფასების აღსადგენად. ამით კი ზოგჯერ მდგომარეობას უფრო ამძაფრებს.
ზარები ყოფილთან, მის კართან დაუსრულებელი ლოდინი და მუდმივი დევნა უფრო ხშირად კაცებს ახასიათებთ, რადგან, როგორც არაერთი კვლევა ამბობს, განშორებას კაცები უფრო რთულად ეგუებიან. აშშ-ში ასეთი საქციელი კანონით ისჯება და ერთ ადამიანს მეორესთან კონკრეტულ რადიუსზე მიახლოება ეკრძალება. დაუმორჩილებლობა კი უფრო მკაცრ სადამსჯელო ზომებს გამოიწვევს.
აგრესია დაშორების დროს ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. როგორც წესი, ერთ მხარეს გული უფრო მეტად აქვს ნატკენი, ვიდრე მეორეს, ეს ბრაზი კი სწორედ აგრესიად გარდაიქმნება და სხვადასხვა ფორმით ვლინდება. ხდება ისეც, რომ მიტოვებული ადამიანი არა უშუალოდ ყოფილ პარტნიორთან, არამედ მის ახლობლებთან ცდილობს ურთიერთობის მოგვარებას და სტუმრობს მის მშობლებს, მეგობრებს, ნათესავებს... ცდილობს, გავლენა მოახდინოს მათზე, შექმნას დადებითი შთაბეჭდილება და იმედოვნებს, რომ ისინი შერიგებაში დაეხმარებიან. ეს, ცხადია, აბსურდია და შედეგი თითქმის არასდროს აქვს.
ნეგატიურ ემოციებს შეუძლია, ადამიანს თავი უკიდურესად ცუდად აგრძნობინოს ისე, რომ მას არ აწუხებდეს არანაირი ფიზიკური ტკივილი. დაშორების დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს ნეგატიური აზრები სწორად მიმართოთ და ზიანი არც სხვას მიაყენოთ და არც საკუთარ თავს. არასაიამოვნო გრძნობებისგან სპორტისა და ფიზიკური აქტივობის საშუალებით დაცლა საუკეთესო გამოსავალია.
დიდი ნებისყოფა სჭირდება იმასაც, რომ „ყოფილის“ ბედნიერებამ და წარმატებამ არ გაგაღიზიანოთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ემპათიის განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევით, რთულია, გაიზიაროთ იმ ადამიანის ემოციები, რომელმაც გული გატკინათ. უნდა შეძლოთ ამ ბარიერის გადალახვა და ცხოვრება ბევრად მარტივი გახდება. რაც ნაკლებად იფიქრებთ, თუ ვისთან აქვს თქვენს „ყოფილს“ ურთიერთობა, რატომ დააწინაურეს სამსახურში ან როგორ ერთობა მეგობრებთან ერთად, მით უფრო გაწონასწორებული გახდება თქვენი აურა, თავად კი უფრო ლაღი და ბედნიერი იქნებით.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>