ადამიანებს შორის ურთიერთობაში მამოძრავებელი ძალა ერთმანეთის მხარდაჭერაა. ეს შეიძლება უბრალოდ ერთი სიტყვით, ღიმილით ან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით გამოიხატოს. მთავარია, ვაგრძნობინოთ ჩვენი გვერდით ყოფნა მას, ვისაც ეს ძალიან სჭირდება. სამწუხაროდ, ყოველდღიური რუტინა და ცხოვრების სასტიკი რიტმი ხშირად ართულებს ყურადღების გამახვილებას რაიმე მართლაც მნიშვნელოვანზე. ადამიანებს, თუნდაც მათ, ვისაც მართლა უყვართ ერთმანეთი, უბრალოდ ავიწყდებათ, გამოხატონ ეს ემოცია. ხშირად, ჩხუბი და განშორებები სწორედ ამ რუტინული ცხოვრების გამო ხდება.
„მე გამოცდილი მრბოლელი ვარ. ვიცი, როგორ დავუძვრე რთულ სიტუაციებს და ავიცილო თავიდან რისკი, თუმცა ცხოვრების ზოგიერთ მომენტში გულწრფელად მინდოდა, მეგრძნო კაცის მხარდაჭერა და სიყვარული. ორი თვის წინ ერთი ამბავი შემემთხვა. როგორც ყოველთვის, დილით სამსახურში მივედი, ყველაფერი კარგად იყო. წინა დღეს, მე და ჩემი მეუღლე შევთანხმდით, რომ საღამოს გოგოებთან ერთად წავალ იმის აღსანიშნად, რომ ირინა, ჩემი საუკეთესო მეგობარი, ქორწინდება. ალექსი, ჩემი ქმარი, უპრობლემოდ დამთანხმდა. ამ დროს მას შვებულება ჰქონდა და სამოგზაუროდ წასვლის ნაცვლად სახლში მყუდროდ ყოფნა არჩია. სამსახურში რაღაც ქაღალდების მიტანაც მე მთხოვა და თავისი მანქანის გასაღებიც მომცა. საჭეს მშვიდად ვმართავდი, მაგრამ რაღაც მომენტში კონტროლი დავკარგე... ჩემ წინ მდგარ მანქანას დავეჯახე, თუმცა შეჯახება ძლიერი არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, დაზარალებულმა ხელების ქნევა, ყვირილი და ჩხუბი დაიწყო. ის სიმაღლეში ჩემზე ორჯერ დიდი იყო. ჩვენ გარშემო ხალხი მოგროვდა და მე მიხაროდა, რადგან ვფიქრობდი, რომ მათი შერცხვებოდა და გაჩერდებოდა, თუმცა არა, ის ძალიან გაღიზიანებული იყო, დარეკა პოლიციაში და ჩხუბსაც უმატა.
მე გადავწყვიტე, ჩემი ქმრისთვის დამერეკა და ამეხსნა, რაც მოხდა. პირველ რიგში, ის დაინტერესდა, როგორ ვიყავი, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ არაფერი მჭირდა, მკითხა, საჭირო იყო თუ არა მისი მოსვლა. მითხრა, რომ ბოულინგის სათამაშოდ მიდიოდა მეგობრებთან ერთად და უკვე აგვიანებდა. მირჩია, პოლიციას დავლოდებოდი და საბუთები მომემზადებინა. „წარმატებას გისურვებ“ - ასე დამემშვიდობა ის.
ინსპექტორები მივიდნენ და შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს. მართლაც, არაფერი სერიოზული. ცხადი იყო, რომ სიტუაცია უმნიშვნელო იყო და ყველაფერი ადვილად მოგვარდებოდა. სასაცილოა, მაგრამ დაზარალებულმა, ნაცვლად მისთვის ასეთი ნანატრი ანაზღაურებისა, მიიღო ჯარიმა დაზღვევის არარსებობის გამო. ეს ჯარიმა კი ამ ნაკაწრის ანაზღაურების თანხაზე ბევრად მაღალი იყო. მე მთელი დღის განმავლობაში ერთი წამითაც არ მიფიქრია იმ კაცზე, ან ჩემს მეგობარზე, რომელიც თხოვდებოდა და ძალიან ბედნიერი იყო. ვფიქრობდი ჩემი ქმრის დამოკიდებულებაზე... ზედმეტად ემოციური არცერთი ვართ, არასდროს გვქონია ოჯახში სკანდალი, თუმცა უკვე რამდენიმე წელია დაქორწინებულები ვართ და ვერ ვხვდები, რატომ უნდა ერჩივნოს ბოულინგზე წასვლა მაშინ, როცა მე ავარიაში მოვყევი...