ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე, სავარაუდოდ, ბრალდებულთა წრე გაფართოვდება. ერთ-ერთი დაკავებულის, ზაურ ბუდატოვის ადვოკატის ინფორმაციით, შესაძლოა, განსასჯელის სკამზე აღმოჩნდეს ტრაგედიის შედეგად დაზარალებული ერთ-ერთი პირი, რომელმაც ოჯახის წევრი დაკარგა.
ამ ეტაპზე დაკავებულია სამი პირი: კორპუსის პირველ სართულზე არსებული ბინის მესაკუთრე ზაურ ბუდატოვი და მის მიერ დაქირავებული ორი მუშა, მამა-შვილი ხუსეინ და გიორგი სურმანიძეები.
სამივე მათგანს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა დღეს შეეფარდა. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით ედებათ, რაც მოსამართლის განმარტებით, შიდა პატიმრობას ან ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ზაურ ბუდატოვის ადვოკატი რამინ პაპიძე Ambebi.ge-ს ეუბნება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან თანამშრომლობს და ცდილობს, სამართალდამცველებს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდოს. სავარაუდოდ, სწორედ მისი ჩვენება გახდება ბრალდებულთა წრის გაფართოების საფუძველი. ბუდატოვმა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში თქვა, რომ სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე სპეციალისტებთან გაიარა კონსულტაცია და გადაწყვეტილება მხოლოდ მათი რეკომენდაციის შედეგად მიიღო.
ბუდატოვი საკუთარ ჩვენებაში ასახელებს პროფესიონალებს, რომლებმაც იგი დაარწმუნეს, რომ კორპუსის პირველ სართულზე წარმოებული სამშენებლო სამუშაოები აბსოლუტურად უსაფრთხო იქნებოდა. ადვოკატის თქმით, ერთ-ერთი მშენებელი, რომელმაც სამუშაოებისთვის პროექტი შეადგინა და უშუალოდ აძლევდა მითითებებს მუშებს, ტრაგედიის შედეგად დაზარალებული პირია.
"ის (ბუდატოვი) არ არის ისეთი უპასუხისმგებლო ადამიანი, რომ თვითნებურად, სრულიად დაუკითხავად ეწარმოებინა ეს სამუშაოები. როგორც თვითონ ამბობს, დაუკავშირდა რამდენიმე მშენებელს, ინჟინერს, რომლებიც ამ დარგის სპეციალისტები არიან და მხოლოდ მას შემდეგ დაიქირავა მუშები. ჯერჯერობით ის პირები, რომლებსაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ასახელებს, დაკითხულები არ არიან. თითქმის ყველა მტკიცებულება აქვს ამოღებული გამოძიებას, მათ შორის, მიმოწერები, სადაც ეს ყველაფერი დასტურდება. ერთ-ერთი მშენებელი, რომელმაც ბუდატოვი დაარწუნა, რომ ეს სამუშაოები ზიანის მომტანი არ იქნებოდა, არის ამავე კორპუსში მცხოვრები პირი, რომელმაც ოჯახის წევრი დაკარგა" - ამბობს ადვოკატი.
გააგრძელეთ კითხვა
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>