სიახლე

„გარდატეხის ასაკის“ კრიზისი და ფსიქოლოგის როლი მოზარდის განვითარებაში - ინტერვიუ თიკო ზენაიშვილთან

„გარდატეხის ასაკის“ კრიზისი და ფსიქოლოგის როლი მოზარდის განვითარებაში - ინტერვიუ თიკო ზენაიშვილთან
რა პრობლემები იჩენს თავს „გარდატეხის ასაკში“ და სჭირდებათ თუ არა მოზარდებს ფსიქოლოგი? როგორ გამოხატავენ ისინი საკუთარ თავს და როგორ შეგვიძლია მშობლებს, დავეხმაროთ საკუთარ შვილებს, შედარებით უმტკივნეულოდ გადაიტანონ ეს ასაკობრივი კრიზისი? ამ კითხვებზე პასუხებს ყველა მშობელი ეძებს, თუმცა ძალიან ხშირად არასწორ პასუხებამდე მივდივართ. გვგონია, რომ ამ ასაკის თანმხლები რთული პროცესები ხელოვნური პრობლემებია, რომლებსაც ჩვენი „თინეიჯერი“ შვილები ქმნიან. სინამდვილეში, ამ ასაკში არსებული სირთულეები ბუნებრივია და ეს მოზარდების ნორმალურ განვითარებაზე მიუთითებს. რეალურად, რა არის „გარდატეხის ასაკი“ და რა
მნიშვნელობა აქვს ამ პროცესში ფსიქოლოგის ჩართულობას? წარმოგიდგენთ ინტერვიუს „თიკოს სახლის“ დამფუძნებელთან, ფსიქოლოგ თიკო ზენაიშვილთან.

- ზოგადად, როგორია ფსიქოლოგის როლი ბავშვის ჩამოყალიბების პროცესში?
- აუცილებელია, რომ ფსიქოლოგი ბავშვის აღზრდაში თავიდანვე იყოს ჩართული. ყველა მშობელს არ აქვს ფსიქოლოგიური კუთხით განათლება და შეიძლება მნიშვნელოვანი მომენტები მხედველობიდან გამორჩეს. არსებობს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდები, როდესაც ბავშვი ასაკობრივ კრიზისებს გადის, რასაც მშობელი ხშირად სიჯიუტეს ან მსგავს სახელებს არქმევს. ამიტომ, მას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, რომ ეს არის ასაკობრივი კრიზისი და ჩვეულებრივი, ნორმალური განვითარების ერთ-ერთი საფეხური.


- ფსიქოლოგის ბავშვთან მუშაობა რა ასაკიდან არის შესაძლებელი?

- 3 წლიდან ფსიქოლოგის ჩართვა უკვე შესაძლებელია. ბავშვის განვითარება რომ ჰარმონიულად მიმდინარეობდეს, 5 სფერო უნდა მოიცვას: ფიზიკური განვითარება, მეტყველება, კოგნიტური განვითარება, ფსიქოსოციალური განვითარება და ადაპტური უნარების ჩამოყალიბება.

- როგორ შეიძლება დავყოთ ასაკობრივი კრიზისები და კონკრეტულად, რა პერიოდს ვუწოდებთ „გარდატეხის ასაკს“?
- ასაკობრივ კრიზისებს თავისი პერიოდი აქვს: 0-დან 1 წლამდე, 1-დან 3-მდე,3-დან 6-მდე, 6-დან 12-მდე და ა.შ. თითოეულ ასაკს შესაბამისი კითხვები აქვს, რომლებზე პასუხსაც ბავშვი იმ კონკრეტულ ასაკში ეძებს. რამდენად დაძლევს ამ ასაკობრივ კრიზისს, ეს გარემოზეცაა დამოკიდებული: მშობელზე, ბებიასა თუ ბაბუაზე, აღმზრდელზე და ა.შ.
გარდატეხის ასაკი 12 წლიდან ზევით დგება. ამ პერიოდში მოზარდის ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები მიმდინარეობს. კოგნიტური სფეროს განვითარება ამ დროს, ფაქტობრივად, დასრულებულია და ძირითადი ყურადღება ემოციური სფეროს განვითარებას ეთმობა.

- როგორ აღიქვამენ და გამოხატავენ ამ პერიოდს თავად მოზარდები?
- ძალიან მძაფრად. მათ ფიზიკურ ზრდა-განვითარებაში გამოწვეული ცვლილებების გამო მათი სხეულებრივი აღქმაც იცვლება. ბავშვს უჭირს ამ ასაკში სხეულის ფლობა, ამიტომ ხშირად არიან მოუქნელები. ისინი უნდა შეეგუონ გაზრდილ, განახლებულ, შეცვლილ სხეულს. ეძებენ პასუხს კითხვაზე: „ვინ ვარ მე?“, იწყებენ როლების მორგებას და უჩნდებათ სურვილი, რომ განსხვავებულად გამოიყურებოდნენ, მაგალითად, თმა შეიღებონ. მათ უნდა ჰქონდეთ იმის საშუალება, რომ მოირგონ როლები და აარჩიონ თავიანთი როლი, თავიანთი სტილი.

- სწორედ აღნიშნული ცვლილებები განაპირობებს იმ განსაკუთრებულ წინააღმდეგობრივ ხასიათს, რომელიც მოზარდებს ამ ასაკში უყალიბდებათ?
- ისინი ამ დროს უფრო მეტად ითხოვენ დამოუკიდებლობას. ხვდებიან, რომ უკვე დიდები არიან. სურთ, დაამტკიცონ, რომ მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება. ამისათვის კი, პირველ რიგში, თანადგომა და ნდობა სჭირდებათ.
გარდატეხის ასაკის თავისებურებაა ისიც, რომ 14-15-16 წლის მოზარდებისთვის ავტორიტეტები არა მშობლები და უფროსები, არამედ თავიანთი თანატოლები ხდებიან. ისინი ერთმანეთში ეძებენ ლიდერებს, რომელთაც მიბაძავენ.

- კონრეტულად ამ ასაკში ფსიქოლოგთან ურთიერთობას რა სარგებლის მოტანა შეუძლია მოზარდისთვის და ასევე, მისი მშობლისთვის? განსაკუთრებით დღეს, პანდემიის ფონზე, როცა გარკვეული ტიპის, მათთვის საინტერესო აქტივობები შეიზღუდა, მოზარდებს ძირითადი დროის გატარება სახლში უწევთ და სტრესული ფონიც გაზრდილია?

- პანდემია ძალიან რთულად აისახა ბავშვებზე, რადგან ისინი მთლიანად ოჯახის გარემოცვაში აღმოჩნდნენ. თანაც, იმ პერიოდში, როცა მათთვის მშობლები ნაკლებად ავტორიტეტულნი არიან, თანატოლები კი - პირიქით. სწორედ თანატოლებთან შეეზღუდათ ურთიერთობა. ძალიან ბევრი მშობელი ჩივის, რომ ბავშვები ჩაიკეტნენ და მოტივაცია დაკარგეს. პანდემიამ ბევრი რამ გაართულა. ამიტომაც, დღეს განსაკუთრებით აუცილებელია ფსიქოლოგებს პირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდეთ მათთან და არა მარტო მათთან, არამედ მათ მშობლებთანაც. ფსიქოლოგის მხარდაჭერა გაააზრებინებს მშობელს, თუ სინამდვილეში რასთან აქვს საქმე. ეს ნორმალურია, ასეც უნდა იყოს და რამდენიმე წელიწადში აუცილებლად გაივლის.


- რა მეთოდები და ფსიქოლოგიური ტექნიკაა უფრო მეტად ეფექტური მოზარდებთან მუშაობისას?
- ყველაზე ეფექტური არტ-თერაპიაა - პრაქტიკული მეთოდები, რომლებიც ძალიან კარგად მუშაობს ნებისმიერი ასაკის ბავშვთან. არტ-თერაპია მუშაობაში ხელოვნების დარგების გამოყენებას გულისხმობს. რადგანაც ყველა ადამიანი ინდივიდუალური და უნიკალურია, არტ-თერაპია ყველაზე შედეგიანი და ეფექტური ტექნიკაა, განსაკუთრებით კი, ბავშვებთან. ვიღაცას ცეკვა უყვარს, ვიღაცას – მუსიკა, ვიღაცას ხატვა უფრო ეხერხება, ზოგს, მაგალითად, ქვიშასთან ურთიერთობა სიამოვნებს, ზოგისთვის კი ძერწვაა მნიშვნელოვანი… არტ-თერაპიის ტექნიკის მრავალფეროვნება გვაძლევს საშუალებას, ყველას, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისი მიმართულება გამოუძებნო. მისი მეშვეობით, ძალიან კარგად ამუშავებ იმ ფსიქოლოგიურ სტრესებსა და შიშებს, რომლებიც ბავშვებს აწუხებთ. ასევე მარტივადაა შესაძლებელი ამოიცნო, აქვს თუ არა ბავშვს გარკვეული დარღვევები ბაზისურ მოთხოვნილებებში, რადგანაც არტ-თერაპიისას მისი ტკივილები და შიშები ზედაპირზე ამოდის. მას შემდეგ, რაც სპეციალისტი ამ პრობლემურ მხარეებს დაამუშავებს, ბავშვის განვითარება ჰარმონიულად მიმდინარეობს. ამის შედეგად, თავად ბავშვსაც შეუძლია სხვაგვარად შეხედოს პრობლემებს, დაძლიოს ტკივილები და შეფერხების გარეშე განაგრძოს განვითარება.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93