სილამაზის სტანდარტები დროსთან ერთად იცვლება. რამდენიმე ათწლეულის წინ, ალბათ, წარმოუდგენელი იქნებოდა ჭარბწონიანი ქალების მოდის სფეროში გამოჩენა, მაგრამ დღეს ეს სავსებით მისაღები და ნორმალურია. ცალკე საკითხია, როგორ აღიქმება სექსუალურობა და რა კრიტერიუმებით აფასებს მას საზოგადოება. უფრო და უფრო მეტი კაცი აღიარებს, რომ პარტნიორის არჩევისას ის წონას მნიშვნელობას არ ანიჭებს. ფსიქოლოგები კი ამბობენ, რომ ყბადაღებული „90-60-90“ არ იძლევა წარმატებული ურთიერთობის გარანტიას.
პლუს ზომის მოდელი ტეს ჰოლიდეი 155 კილოგრამს იწონის. ტესი დარწმუნებულია, რომ მას კაცები წარმოუდგენლად სექსუალურად თვლიან. ამ მოსაზრებას იზიარებს პლუს ზომის კიდევ ერთი მოდელი ეშლი გრეჰემი. მან ხაზი გაუსვა, რომ წონა სულაც არ არის კარგი ინტიმური ურთიერთობისთვის ხელისშემშლელი, ხოლო იმისთვის, რომ მის ქმარს მუდმივად ახსოვდეს, რა ლამაზი ცოლი ჰყავს, ეშლიმ მას საცურაო კოსტიუმში გადაღებული საკუთარი ფოტო ტელეფონის ეკრანზე დაუყენა.
რასაკვირველია, არ შეიძლება უარვყოთ, რომ ბევრისთვის სასწორზე გამოსახული რიცხვი კვლავ მიმზიდველობის საზომია.
სექსოლოგები თვლიან, რომ როცა კაცს მხოლოს ჭარბწონიანი ქალები იზიდავს, აქ საქმე გვაქვს ფეტიშთან. ფეტიში სექსუალური ქცევის ფორმაა. გამოდის, რომ ზოგიერთი მამაკაცისთვის აღტკინების "გამომწვევი" სწორედ პარტნიორის ჭარბი წონაა. ასეთი ფეტიში შეიძლება ჩამოყალიბდეს სხვადასხვა მიზეზის გამო და დაკავშირებული იყოს წარსულ გამოცდილებასთან, ბავშვობის განცდებთან და სხვ. ზოგჯერ კი ეს გარემოს დამსახურებაა, მაგალითად, თუ კაცის ოჯახში ყველა ჭარბწონიანია, დიდი შანსია, რომ მან არჩევანი სწორედ ასეთ ქალზე გააკეთოს. ხდება ისეც, რომ მამაკაცებს უვითარდებათ არასრულფასოვნების კომპლექსი და სექსუალური უკმარისობის შფოთვის მოლოდინის სინდრომი. ზოგი კაცი ქვეცნობიერად მიილტვის პლუს ზომის ქალებისკენ, რადგან ისინი მათში ნდობას იწვევენ და ასეთი პარტნიორის გვერდით ისინი ნამდვილ მამაკაცებად გრძნობენ თავს.
ზოგიერთი სექსოლოგი არ იზიარებს მოდელ ტეს ჰოლიდეის მოსაზრებას და ამბობს, რომ წარბი წონა სექსუალურ ცხოვრებაში ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება აღმოჩნდეს. გარდა ამისა, ბევრ ჭარბწონიან ქალს მუდმივად ეშინია, რომ მამაკაცი დატოვებს და ეს ურთიერთობაში ზოგჯერ ბზარს აჩენს. ეს, ძირითადად, მაშინ ხდება, როცა ქალს არ შეუძლია მიიღოდ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის და შინაგან კონფლიქტებს ებრძვის. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ბევრი ჭარბწონიანი ქალი კმაყოფილია საკუთარი პარამეტრებით და თავს ძალიან კომფორტულად და თავდაჯერებულად გრძნობს. ისინი იმდენ ენერგიასა და დადებით განწყობას ასხივებენ, რომ შეუძლებელია, ადამიანი ერთი დანახვით არ მოიხიბლოს.