2008 წლიდან 2010 წლამდე მარკ ო’ლირმა 28 ადამიანი გააუპატიურა. 30 წლის კაცი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე იყო და კარგად იცოდა, როგორ მუშაობდნენ სამართალდამცველები მსგავს საქმეებზე. შემთხვევით არასდროს აკეთებდა რამეს. თავდაპირველად, არჩევდა მსხვერპლს, დიდხანს ადევნებდა თვალყურს, ათვალიერებდა მის მახლობლად არსებულ ტერიტორიებს, იკვლევდა ცხოვრების წესსა და გადაადგილების მარშრუტს. ზოგჯერ დასაზვერადაც შედიოდა კონკრეტულ სახლებში, რომ ყველაფერი წინასწარ გაეთვალისწინებინა. "შოუს" დასასრულს მარკი თავს კმაყოფილად გრძნობდა. "თითქოს მადლიერების დღის სუფრიდან გემრიელი ვახშამი ვჭამე", - უთხრა მან გამომძიებლებს.
ზოგიერთი მსხვერპლი კაცს "ჯენტლმენსაც" კი უწოდებდა, რადგან მათი თქმით, სახლიდან წასვლისას ეუბნებოდა, როგორ შეაღწია მათ ოთახში და ურჩევდა, უფრო მეტი სიფრთხილე გამოეჩინათ, დაემაგრებინათ რკინის გისოსები და ასე შემდეგ. ასევე, ქალები ამბობენ, რომ ის ძალიან თავაზიანი იყო...
სინამდვილეში, მარკ ო’ლირი ცივსისხლიანი იყო. საგულდაგულოდ ასუფთავებდა ოთახში ყველაფერს, მიჰქონდა ყველა ნივთი, რაზეც კი შეიძლებოდა მისი კვალი აღმოჩენილიყო და ამიტომაც, ვერავინ ამტკიცებდა მომხდარ ფაქტს. თუმცა დეტექტივები სტეისი გილბრეიტი და ედნა ჰენდერშოტი უფრო ჭკვიანები აღმოჩნდნენ.
18 წლის მარი ადლერის ისტორია სექსუალური ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე გახდა. პოლიციამ არ დაიჯერა გოგონას ნაამბობი, რომელიც სერიული მანიაკის მსხვერპლი გახდა, და ბრალი ცრუ ჩვენების მიცემისთვის დასდო. შედეგად კი მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა.
როდესაც 18 წლის მარი ადლერი სასამართლო დარბაზში შევიდა, ნაფიცმა მსაჯულებმა დასცინეს. არც მშვილებელი დედა და არც ყოფილი მეურვე, რომელთანაც გოგონას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, სხდომას არ დასწრებიან. მათ რცხვენოდათ. დაკითხვებით დაღლილ მარის თან მხოლოდ სახაზინო ადვოკატი ახლდა. ამბავი 2009 წლის გაზაფხულზე მოხდა და მთელი ლინვუდი (ვაშინგტონის შტატი) დარწმუნებული იყო, რომ გოგონას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. მოსამართლე მკაცრად და შეუვალად გამოიყურებოდა. ასევე, მოწმეებიც. პროცესი დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგანაც ყველაფერი ისედაც გასაგები იყო - მოზარდს, რომელიც მინდობით აღზრდაში იყო, საზოგადოების ყურადღების მიქცევა სურდა და გაუპატიურების ამბავიც თავად მოიგონა. მისი მონაყოლის თანახმად, ვიღაც მის სახლში დილით ადრე შეიპარა, თასმებით ფეხები შეუკრა, პირში ნაჭერი ჩაუტენა და ამ დროის განმავლობაში ფოტოებს უღებდა. ხოლო შემდეგ მოაწესრიგა, აბანავა, საწოლის თეთრეული თავად წაიღო და ფანჯრიდან გაიქცა. განა შეიძლება მსგავსი ამბის დაჯერება?
"ალბათ, მარის არ ჰყოფნიდა ყურადღება და ეს წარმოუდგენელი ამბავი მოიგონა", - უთხრა პოლიციელებს მისმა მეურვემ, შენონ მაკურიმ. გოგონას ბრალი ცრუ ჩვენებისთვის წარუდგინეს, მიესაჯა პირობითი სასჯელი და ჯარიმა 500 დოლარის
ოდენობით. არავინ გაითვალისწინა ის დაზიანებები და ჭრილობები, რაც გოგონას სამედიცინო დათვალიერების შედეგად საშვილოსნოზე აღმოაჩნდა. მოძალადის პოვნაც არავის უცდია. პოლიციელებიც თვლიდნენ, რომ გოგონამ არარეალური ამბავი მოიგონა იმისათვის, რომ საზოგადოების ყურადღება მიექცია...
მარის სახელი თითქმის ყველა გაზეთში გამოჩნდა. მასთან მეგობრობასა და მეზობლობაზე უარს ამბობდნენ ადამიანები. მშვილებელი დედაც და მეურვეც არ უჯერებდნენ...
მხოლოდ 6 წლის შემდეგ ჟურნალისტებმა კენ არმსტრონგმა და კრისტიან მილერმა ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარეს და დაადასტურეს, რომ გოგონა სიმართლეს ამბობდა. მათ ამისთვის პულიცერის პრემიაც მიიღეს. 2019 წელს Netflix-მა სიუჟეტის მიხედვით სერიალი გადაიღო, რომელსაც მარი ცრემლების გარეშე ვერ უყურებს. თუმცა, ვიდრე აქამდე მივალთ, დავბრუნდეთ 2009 წელში, როდესაც ადლერი განადგურებული იჯდა სასამართლო დარბაზში. ის ლაპარაკობდა, თუმცა მისი არავის ესმოდა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>