მსახიობმა ნინო ლეჟავამ „ტვ პირველის“ ეთერში ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობასა და პროდუქტების გაძვირებულ ფასებზე ისაუბრა. მან საკუთარი გამოცდილებაც გაიხსენა და თქვა, რომ, მსახიობობის პარალელურად, ფიზიკურ სამუშაოსაც ასრულებდა:
„ელემენტარულად, ჩემი შვილების განათლებაში ვერ ვდებ ინვესტიციას, რომ მათ რა ნიჭიც აქვთ, ის გავაღრმავო და აღარ გაუჭირდეთ. გულისტკივილით ვისმენ 15 წლის ბავშვისგან, რომ ცდილობს, მივიდეს იმ ასაკამდე, რომ ჩააბაროს უცხოეთში. რატომ უნდა გაიქცნენ საქართველოდან კარგი პროფესიონალები? ზოგჯერ კიოსაც მეძახიან. რამდენადაც შემიძლია, არ ვჩერდები, ვფაფხურობ და ღმერთს მხოლოდ იმას ვთხოვ, რომ გამძლეობა მომცეს. პანდემია დაიწყო თუ არა, ჩაიკეტა თეატრები. უსაქმურობა არ შემიძლია. სახლის ქვევით ზოომაღაზიაში გამყიდველად დავიწყე მუშაობა. წავედი სოფელში, ბრიგადასთან ერთად ვიარე და ყურძენი ვკრიფე. გული მწყდებოდა, რომ თეატრმა გამომიძახა, ისეთი კარგი ადამიანები დავტოვე იქ… შვიდი საათი სამუშაო დღეა. კრეფ ყურძენს, გამოდიხარ და გეძლევა 40 ლარი. რაც მე თვეში ვიღებ დღე და ღამე სამუშაოში, იქ გამომდიოდა 20 დღეში. მიუხედავად ამისა, ყოველდღიური საკვების ფული ეს არ იყო. რეგიონში უფრო მეტად გაძვირებული აღმოჩნდა საკვები სწორედ საწვავის გამო, დისტრიბუციის გამო. სოფლის კვერცხის ფასი ინკუბატორის ფასს გაუთანაბრდა. უკვე ვიცი წინასწარ, რა ეღირება ჩურჩხელა… არ ვიცი, ახალი წელი ჩვენთვის არ არის, პენსიონერისთვის, მით უმეტეს. კომუნალურებზე ლაპარაკიც ზედმეტია. წელს, ალბათ, სუბსიდირებაც არ იქნება, მხოლოდ სოციალურად დაუცველებისთვის. პანდემიის დროს ეს სუბსიდირება მაინც გვიხაროდა… ყველაზე გულდასაწყვეტი კიდევ, იცით, რა არის? აქ ჩვენ რაც უნდა ვისაუბროთ, არაფერი გამოსწორდება“ - ამბობს ნინო ლეჟავა.