დღეს ცნობილი გახდა, რომ რეჟისორი ერმალო მაღრაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა მეუღლემ, მანანა ხიდაშელმა გაავრცელა.
რეჟისორის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში, სხვა ცნობილ სახეებთან ერთად, მომღერალი ლიზა ყენიაც გამოეხმაურა: „გულწრფელი, კეთილი, მეოცნებე... ხომ შემპირდით, რომ ფილმში გადამიღებდით... თქვენი წასვლით ძალიან დამწყვიტეთ გული, მიყვარხართ“ - წერს ლიზა ყენია.
როგორც ცნობილია, რეჟისორი კლინიკა "ბომონდის" კოვიდცენტრში 4 ნოემბრიდან მკურნალობდა. მას ფილტვის ქსოვილის 80 პროცენტი დაზიანებული ჰქონდა. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
"პაციენტის გადასარჩენად მაქსიმალური გააკეთა კლინიკის გუნდმა, თუმცა სამწუხაროდ, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს და ქვეყანას" - ამბობს კლინიკა "ბომონდის" კოვიდცენტრის რეანიმაციის მთავარი სპეციალისტი.