ასე ფიქრობდა იგი იმ დღემდე, სანამ პირველ წინააღმდეგობას არ გადააწყდა. ერთ საღამოს, შინ დაბრუნებულმა, კარი გააღო თუ არა, ჰოლში კატას გადააწყდა, მკვდარ კატას, რომელსაც თავი ჰქონდა გაჩეხილი. კატა მკვდარი კი არა, მოკლული იყო.
პანიკურმა შიშმა აიტანა და გარეთ ისეთი სისწრაფით გამოვარდა, თითქოს კატა თავს დასხმოდა. ნაწილობრივ ასეც იყო - ის მართლაც თავს დაესხა, ოღონდ ფსიქოლოგიურად. განა საშინელება არ არის, საკუთარ სახლში მოკლული ცხოველი დაგხვდეს?
ვერც გააცნობიერა, რას აკეთებდა და მექანიკურად ყოფილი ქმრის ტელეფონის ნომერი აკრიფა.
- ვიკა, მთლად გაგიჟდი? მობილურით ამერიკაში მირეკავ? იცი მაინც, რა გიჯდება ეს საუბარი? - გაუკვირდა მიშას.
- მიშა, მიშველე. ჩემს სახლში ისაა… კატა… მკვდარი კატა!
ქმარყოფილი ერთხანს ხმას არ იღებდა, ალბათ აანალიზებდა ვიკას ნათქვამს.
- მოიცადე… კი მაგრამ, სახლში საიდან გაჩნდა? საკეტი გატეხილია?
ვიკამ რამდენიმე საფეხურით მაღლა აიწია და კარს შეხედა.
- თითქოს არ უნდა იყოს… არა, არა, ჩვეულებრივად გავაღე, ადვილად, ნაწვალებიც კი არ იყო, - გაახსენდა, როგორ მოარგო კარს გასაღები რამდენიმე წამის წინ.
- ამ დღეებში გასაღები ხომ არ დაგიკარგავს?
- არა.
- ვინმეს მიეცი?
- არა, არა!
- ჩანთა ხომ არ დაგიტოვებია უყურადღებოდ სადმე?
- ჩანთა?.. რა ვიცი, შეიძლება სილამაზის სალონში ან მანქანაში, უკანა სავარძელზე. ასე ხშირად გამიკეთებია.
- კარგი, ნუღარ პანიკობ. ყურადღებით იყავი, გაიგე? შეიძლება ვინმემ იმაიმუნა. ალბათ შენმა რომელიმე თაყვანისმცემელმა, - მიშამ ჩაიცინა, - და საკეტი სასწრაფოდ შეცვალე, გესმის?
- პატრულს შევატყობინო?
- კატის შესახებ? ნუ მაცინებ, გოგო!
როცა მიშასთან საუბარი დაასრულა, კარს მიუახლოვდა და საკლიტური კიდევ ერთხელ შეათვალიერა. არავითარი კვალი გატეხვის ან თუნდაც, მცირედი დაზიანების. კვლავ მოარგო გასაღები და გადაატრიალ-გადმოატრიალა. ყველაფერი რიგზე იყო, ნაწვალები არ ჩანდა.
მიუხედავად ამისა, შინ შესვლა არ შეეძლო. ეს მის ძალებს აღემატებოდა. ვინმეს უნდა სთხოვოს დახმარება, რომ კატა გაატანინოს, მაგრამ ვის?.. ტყის კაცს, სხვას ვის?
კისრისტეხით ჩაირბინა საფეხურები და როგორც კი სანაგვეს მიუახლოვდა, მერეღა გაახსენდა, რომ გიორგი იქ კარგა ხანია, არ გამოჩენილა. თუმცა ფარ-ხმალი არ დაუყრია. მიეჭრა იქ მყოფ სხვა ბომჟებს, რომლებიც კოცონთან თბებოდნენ და რაც შეიძლებოდა, მშვიდი ხმით იკითხა:
- გიორგის პოვნას სად შევძლებ?
ოთხმა მხართეძოზე წამოწოლილმა მამაკაცმა ერთდროულად შემოაბრუნა მისკენ თავი, მაგრამ პასუხი არც ერთს არ გაუცია.
ვიკა სასოწარკვეთილი შესცქეროდა მათ გაოგნებულ სახეებს. შეკითხვა გაიმეორა.
- რამდენს გადაიხდი? - როგორც იქნა, ამოიღო ხმა ერთმა.
- ათ ლარს, - მიუგო აცახცახებულმა.
- ოცი, - შეევაჭრა მეორე.
თავი დაუქნია. ასიც რომ ეთქვათ, გადაიხდიდა, ისე უნდოდა ტყის კაცის ადგილსამყოფელის გარკვევა. როცა ფული გადაიხადა, ყველაზე დაბალმა, რომელიც შეევაჭრა, შარვლის ჯიბიდან დაჭმუჭნილი ქაღალდის ნაგლეჯი ამოიღო და ვიკას გაუწოდა. გამოართვა ქაღალდი, გაშალა და წაიკითხა:
«თუ დაგჭირდები, ნებისმიერ საღამოს შეგიძლია მნახო სპორტის სასახლის გვერდზე, «მაკდონალდსის» უკან».
შვებით ამოისუნთქა. ოცი ლარი არ დანანებია. სიმწრით გაეცინა. ბომჟებმაც კი იციან, რომ ინფორმაცია ფული ღირს!
მანქანაში ჩაჯდა და საბურთალოსკენ აიღო გეზი. ცხრის თხუთმეტი წუთი იყო. კარგა გვარიანად შეღამებულიყო. საინტერესოა, ტყის კაცისთვის ეს დრო საღამოა თუ ღამე? დამხვდება კი?
მანქანა დააყენა და ფეხით გადაკვეთა სპორტის სასახლის წინა მხარე. "მაკდონალდსის" უკან მხოლოდ ავტომობილები იდგა, კაციშვილი არ ჭაჭანებდა. სად უნდა იპოვოს? იქნებ თვითონ შეამჩნიოს? კარგა ხანს იყურყუტა სიცივეში. გამალებით სცემდა ბოლთას, მაგრამ გიორგი არ გამოჩენილა. შესცივდა. ამასობაში ცხრაც გახდა. რატომ მიატოვა მიშამ? ახლა რომ გვერდით ჰყოლოდა, ხომ ყველაფერი მარტივად მოგვარდებოდა? ერთხელაც ხომ არ დაურეკოს? დააპირა კიდევაც, მაგრამ გადაიფიქრა. იმ სიშორიდან მაინც ვერ დაეხმარება, რა აზრი აქვს, ტყუილად ფულის ხარჯვაა და მეტი არაფერი…
ისე, უცნაურია, როგორ შეუგდეს კატა სახლში, თუკი საკეტი დაზიანებული არ არის? ერთადერთი გასაღები აქვს, რომელიც არავისთვის მიუცია. სახლის დამლაგებელი ქალი კვირაში ერთხელ მოდის, ისიც მაშინ, როცა თვითონაც შინ არის. არც ტყის კაცისთვის მიუცია არასდროს გასაღები. ყოველთვის ერთად გადიოდნენ სახლიდან. ერთი გასაღები მიშას აქვს, მაგრამ იგი ამერიკაშია. იქნებ გიორგიმ მოჰპარა, როცა მასთან ცხოვრობდა და ასლი გააკეთებინა? არაფერს გამორიცხავს. თუ ასეა, მხოლოდ მკვდარი კატის მიგდებას არ დასჯერდება. ერთხელაც იქნება და, მთელ ძვირფასეულობას გაზიდავს ბინიდან. ეს ახლაღა მოაფიქრდა. ჰოლის იქით არ დაძრულა წეღან და რა იცის, სხვა ოთახებში რა ხდება? იქნებ უკვე გატანილია ყველაფერი? ვაითუ, მთელი ბინა თავდაყირა დგას. ამის გაფიქრებაზე დაცეცხლა. წამითაც არ უფიქრია, გაჩქარებული ნაბიჯებით იმ ადგილისკენ გაემართა, სადაც მანქანა დააყენა. მოულოდნელად წინ მოხუცი ქალი აესვეტა ხელგამოწვდილი.
- დაეხმარე გაჭირვებულს, ვიქტორია და მე ვილოცებ შენზე.
ვიქტორიაო? საიდან იცის მისი სახელი? ვიკა ქალს დააკვირდა.
- მე თქვენ მიცნობთ?
- არა, შვილო, ერთმა კაცმა მანიშნა შენზე, ის დაგეხმარებაო.
- და სად არის ის კაცი?
- დამეხმარე და დაგეხმარები.
ვიკამ ლარიანი ამოიღო ჩანთიდან და დედაბერს გამოწვდილ ხელისგულში ჩაუდო. ქალმა ჩიფჩიფით დალოცა, მერე ხელით ანიშნა, მომყევიო და გაცუხცუხდა. ვიკა უკან გაჰყვა. სანამ ქუჩას გადაჭრიდნენ, საპირისპირო მხარეს, ტროტუარზე, ლამპიონის ბოძს მიყრდნობილი ტყის კაცი შენიშნა, რომელიც ნიშნის მოგებით იღრიჭებოდა.
თვალთ დაუბნელდა სიბრაზისგან. შუქნიშნის მწვანე შუქს არ დაელოდა, სწრაფად გადაირბინა ქუჩაზე და გაცოფებული მიეჭრა მამაკაცს:
- შენ იცოდი, მე რომ აქ ვიყავი, იცოდი და არ დამენახვე! მიყურებდი და მემალებოდი! ნამდვილი ჯალათი ხარ!
- მდაა. იცი, რა? მთელი ამ ხნის განმავლობაში გადავეჩვიე შენს ინტონაციას. მახსოვს, მაშინ როგორ დამაყარე. ამიტომ, გირჩევ, შეწყვიტო წიკვინი, მით უმეტეს, თუ ჩემთან საქმე გაქვს.
მისმა თავხედობამ მეტყველების უნარი წაართვა ვიკას, მაგრამ პასუხის გაცემა არ დასცალდა, გიორგიმ ხელკავი გამოსდო და დაყვავებით უთხრა:
- წამო, აქ ახლოს ერთი წყნარი კაფეა, დავსხდეთ და ვისაუბროთ. არ გვინდა უცხოების ყურადღების მიქცევა. ვერ ხედავ, ისე გაჰკივი, მთელი ქუჩა ჩვენ მოგვჩერებია.
- არა, ჯერ მითხარი, მოკლული კატა შენ მომიგდე სახლში? - ქალმა უხეშად მოიშორა მისი ხელი და წინ გადაუდგა.
- მოკლული კატა? მე რა, ძნელად აღსაზრდელი მოზარდი ვარ თუ რა?
- აბა ვინ, თუ არა შენ?
- ეეე, მადმაზელ, უკვე შორს შეტოპე! წამო, დავსხდეთ და იქ გავარჩიოთ მტყუან-მართალი.
რამდენიმე წუთის შემდეგ კაფეში ისხდნენ. ტყის კაცი მენიუს ათვალიერებდა, ვიკა კი კოპებშეკრული უყურებდა. გიორგიმ საცივი და ნიგვზიანი ბადრიჯანი შეუკვეთა. ვიკას ჭამა არ უნდოდა, ახლა ლუკმა არ გადაუვიდოდა ყელში. ამწუთას მხოლოდ იმას ნანობდა, მას რომ მიმართა დახმარებისთვის. აჯობებდა, პატრული გამოეძახა. თუმცა პატრული რას გახდებოდა? აი, ლევანისთვის რომ დაერეკა…
გიორგიმ ღვინოც შეუკვეთა და როცა ოფიციანტმა ყველაფერი მოიტანა, სასმელი ჭიქებში ჩამოასხა.
- აბა, მომიყევი, რა მოხდა, ოღონდ მშვიდად, არ იყვირო, თორემ ყურები გამეხვრიტა წეღან.
- ჩემთან, შემოსასვლელში, მკვდარი კატა გდია, საკლიტური კი გატეხილი არ არის.
- და შენ იფიქრე, რომ მე გასაღების ასლი გავაკეთე და ასეთი საჩუქარი მოგიმზადე?
- მსგავსმა აზრმაც გამიელვა… - შეიშმუშნა ვიკა.
- სულელური აზრია.
- შეიძლება სულელურია, მაგრამ საკეტი რომ არ არის დაზიანებული? დამლაგებელს არა აქვს გასაღები, რომც ჰქონდეს, ასეთ რამეს რატომ გამიკეთებდა? ერთადერთი შენ რჩები. მით უმეტეს, რომ ნაწყენი ხარ ჩემზე.
- მე არ მაქვს შენი ბინის გასაღები და არც ნაწყენი ვარ შენზე, - თქვა გიორგიმ და თავისი შავი თვალებით შეხედა. ოდნავ წამოზრდილი წვერი ძალიან უხდებოდა ტყის კაცს, რომლის ფონზე მისი თვალები საოცრად უძირო ჩანდა. ამ მზერამ დააბნია.
- კარგი, მჯერა შენი, მაგრამ ვის შეეძლო ამის გაკეთება? - დანებდა ვიკა, - და კიდევ… დამეხმარები, კატა სახლიდან გამატანინო? მეშინია, ხელს ვერ მოვკიდებ…
- დაგეხმარები, ოღონდ ჯერ ვივახშმებ, თორემ შიმშილით კუჭი მიხმება.
ვიკამ თავი დაუქნია და მოთმინებით დაელოდა, როდის დაამთავრებდა გიორგი ვახშამს.
გაგრძელება იქნება