სულ ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრემლში 8 მარტისადმი მიძღვნილ კონცერტზე რამდენიმე ქართველი მომღერალიც გამოვიდოდა, მათ შორის, სოსო პავლიაშვილი, თამარ გვერდწითელი, ქეთა თოფურია და დიანა ღურწკაია. როგორც ცნობილი გახდა, ქეთა თოფურია კონცერტში მონაწილეობას პირადი პრობლემების გამო არ იღებდა, ხოლო თამარ გვერდწითელმა გაავრცელა განცხადება, სადაც ამბობს, რომ შემოქმედებით პაუზას იღებს:
„შექმნილი ურთულესი ვითარებიდან გამომდინარე, მკაცრად გადავწყვიტე, რომ შემოქმედებითი პაუზა ავიღო. ახლა სიმღერის დრო ნამდვილად არ არის" - ამბობს ის.
„ახლა კლინიკაში ვიმყოფები. ჯანმრთელობის პრობლემები სტრესის ფონზე გამიჩნდა. ძალიან შეწუხებული ვარ, ერთ სტრესს ცილისწამებისგან გამოწვეული სტრესიც დაემატა. თანაც, შემოქმედი ადამიანისთვის ძალიან რთულია გულგრილად უყურო იმას, რაც ხდება და ამის გარდა, ბრალდებებს, თითქოს კრემლში ვიმღერე.
სინამდვილეში, გუშინ არანაირი კონცერტი არ გამართულა. ახლა, დღეს არის მოსკოვში კონცერტი, რომელშიც მე არ ვმღერი, კლინიკაში ვიმყოფები.
ხდება ძველი საკონცერტო ჩანაწერების ტირაჟირება, რომლებიც რუსულ არხებზე ტრიალებს. ძველ გამოსვლებს აჩვენებენ, რომლებიც ამათ შედევრებთან დაკავშირებულია და ამ მომღერლებს შორის მეც აღმოვჩნდი. ვიმეორებ - ეს ძველი ჩანაწერია ლეჟენკოსთან ერთად. არც გუშინ მიმღერია, არც დღეს ვარ და არც ხვალ ვაპირებ.
მე შემოქმედებითი პაუზა ავიღე - ექვსი თვე აღარ ვიმღერებ არსად. ახლა ისეთი ფაზაა, რომ სხვა გამოსავალს უბრალოდ ვერ ვხედავ, ახლა მუსიკა და სიმღერა საჭირო არ არის.
პირველივე დღეებში ვფიქრობდით მე და დედა, რომ რუსეთი დაგვეტოვებინა, მაგრამ რადგან ცუდად ვარ, ყურადღება ამ საკითხისკენ გადავიტანე. ამ კვირებში გაირკვევა ყველაფერი - თუ წამოვალ, ჩემს სამშობლოში წამოვალ. მიუხედავად ამხელა ცილისწამებისა, მე ქართველი ვარ. თუ ასეთი სტრესი იქნება და ეს საშინელება გაგრძელდება, რომელ სიმღერაზეა საუბარი.
დედა ოდესელია. პოლიტიკას სულ რომ არ შევეხოთ, წარმოიდგინეთ ის გლოვა და ტირილი, რაც ჩვენს ოჯახში ხდება. მე პოლიტიკაში არასოდეს ჩავრთულვარ, მაგრამ ჩემი ოჯახისთვის, რაც ხდება, იმდენად სტრესულია, რომ ჯანმრთელობის პრობლემებიც კი შემექმნა. ამიტომაც, მივიღე შემოქმედებითი პაუზის აღების გადაწყვეტილება, ვერსად ვიმღერებ”, - თქვა თამარ გვერდწითელმა PrimeTime-თან ინტერვიუში.