საქართველოს ისტორიაზე საუბრისას აუცილებელია აღინიშნოს, რომ არაერთი გარდამტეხი მოვლენა ქალების სახელს უკავშირდება და ეს ქალები არა მხოლოდ დედოფლები ან თავადის ასულები, არამედ გლეხებიც იყვნენ.
მაია წყნეთელის სახელი ისტორიამ ფოლკლორსა და თეატრში შემოინახა. გადმოცემის თანახმად, მისთვის ბატონს შეურაცხყოფა მიუყენებია, რის გამოც მამამ თავი მოიკლა, დედა კი შიმშილით გარდაიცვალა. თავად მაიამ ერეკლე მეორის კარზე დაიწყო კაცის ტანსაცმელში გადაცმულმა მსახურობა და ბოლოს იძულებული გახდა ყაჩაღად გავარდნილიყო. მაიას სახელს უამრავი გაყიდული ქალ-ვაჟის გათავისუფლება მიეწერება. საბოლოოდ, იგი სპარსელებთან ბრძოლაში დაიღუპა.
მარო მაყაშვილი გახდა პირველი ქალი, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა, მას შემდეგ, რაც 19 წლის ასაკში ფრონტზე მოხალისედ წავიდა მაშინ, როდესაც საქართველოში წითელი არმიის ჯარი შემოიჭრა. მარო ყუმბარის ნამსხვრევმა იმსხვერპლა. ქართველებმა მას ქართველი ჟანა დ'არკი უწოდეს.
კატო მიქელაძე გახლდათ ჟურნალისტი, რომელიც ქართველი ქალების უფლებებისთვის იბრძოდა. კატოს რედაქტორობით გამოდიოდა გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“ და მის სახელს უკავშირდება „ქალთა ლიგის“ ჩამოყალიბებაც.
ანასტასია თუმანიშვილმა 1908 წელს შექმნა საზოგადოება "განათლება". მისი ხელმძღვანელობით დაარსებულმა სკოლამ პირველად შეძლო სრულიად ქართულ სწავლებაზე გადასვლა.
ანეტა დადეშქელიანი წერდა ლექსებს და აქვეყნებდა იმდროინდელ პრესაში. ის აგრეთვე აქტიურად მონაწილეობდა კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობაში: ასწავლიდა წერა-კითხვას სვანეთისა და სამეგრელოს მოსახლეობას, მეუღლესთან ერთად ცდილობდა დაბალი სოციალური ფენებისათვის ცხოვრების შემსუბუქებას. ამავე დროს, ჩართული იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საქმიანობის მუშაობაში, მონაწილეობდა მათ ღონისძიებებში.