სანამ ქალთა საერთაშორისო დღე მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება, გავიხსენოთ ქალი, რომლის სახელსაც ამ დღის დაარსება უკავშირდება. 8 მარტის აღნიშვნას საუკუნეზე ძველი ისტორია და უამრავი ცვლილება ახლავს თან.
თავდაპირველად, 8 მარტი ცნობილი იყო, როგორც მშრომელი ქალების საერთაშორისო დღე. მისი ფესვები მე-20 საუკუნის სოციალისტური ბრძოლის ნაწილში გვხვდება და არა ფემინიზმში. პირველად ეს დღე 1911 წლის 18 მარტს აღინიშნა, გერმანელი კომუნისტის, კლარა ცეტკინის დამსახურებით.
„როდესაც კაცები ხოცავენ, ჩვენი, ქალების მოვალეობაა სიცოცხლეები გადავარჩინოთ“ - ამ განცხადებით მიმართა ცეტკინმა გერმანიის მოსახლეობას, ქალთა როლის გაგებისა და განმტკიცების მიზნით.
იუნესკოს განცხადებით, პირველად ამერიკამ ეს დღე აღიარა იმ ქალების პატივსაცემად, რომლებიც ნიუ-იორკის ქუჩებში მძიმე სამუშაო პირობების გასაპროტესტებლად გამოვიდნენ.
ცეტკინი ჩართული იყო გერმანულ სოციალისტურ მოძრაობაში 1870-იანი წლებიდან და იყო ქალთა უფლებებისა და საყოველთაო ხმის უფლების ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი. თუმცა, ცეტკინი თვლიდა, რომ სოციალიზმი იყო ერთადერთი მოძრაობა, რომელიც ნამდვილად ემსახურებოდა მუშათა კლასის ქალებს.
კლარას პოლიტიკური შეხედულებები ფოკუსირებული იყო კლასობრივ და არა გენდერულ დაყოფაზე. შესაძლოა, კლარას მოხსენებები მხოლოდ იმის ხაზგასმას ემსახურებოდა, თუ როგორ უყურებდნენ ქალებს იმ დროს.
„როდესაც კაცები ჩუმად არიან, ქალების მოვალეობაა ხმა აიმაღლონ თავიანთი იდეალების პატივსაცემად“ - ამბობდა ცეტკინი.
ცეტკინი მთელი კარიერის განმავლობაში თავისი მგზნებარე, ორატორული უნარებით იყო ცნობილი. იგი წარმოადგენდა გერმანიის კომუნისტურ პარტიას რაიხსტაგში 1920 წლიდან 1933 წლამდა, მაშინ, როდესაც ეს პარტია თავად ჰიტლერის მიერ იყო აკრძალული. მიუხედავად ამისა, 1932 წელს კლარამ პარლამენტის სხდომა 40 წუთის განმავლობაში ჰიტლერსა და ნაცისტურ პარტიაზე თავდასხმით გახსნა.
კლარა 1933 წელს გარდაიცვალა. გერმანიაში ის მოიხსენიება, როგორც „კომუნიზმის ბებია“, თუმცა ქალთა საერთაშორისო დღის მემკვიდრეობა და ცეტკინის წვლილი აღიარებულია მთელი გერმანიისა და არა მხოლოდ გერმანიის მიერ.